თეგი: ეუთოს მინისტერიალი

ქართული მხარე განმარტავს, რატომ ესწრება ეუთოს მინისტერიალს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „ეუთოს მინისტერიალი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა. საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას განსაკუთრებული როლი აქვს, შესაბამისად, ჩვენი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია.“ დარჩიაშვილს კითხვა დაუსვეს ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობაზე და ოპონენტების კრიტიკაზე, რატომ არ არის ბოიკოტის რეჟიმში საქართველო ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის მსგავსად. „ზოგადად, ეუთოს მინისტერიალი არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობა. საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას განსაკუთრებული როლი აქვს, შესაბამისად, ჩვენი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია. ასევე არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე და აქ სწორედ ამ პლატფორმის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსაყენებლად ვიმყოფებით. აქ არიან ორგანიზაციის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ეს არის პლატფორმა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ გამოწვევებზე სასაუბროდ, რომელიც ქვეყანას აქვს. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მოტივაციაა, ჩვენი პარტნიორების მეტი მობილიზება მოვახდინოთ და ვისაუბროთ გამოწვევებზე, რომლებიც არის რეგიონში და რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. „იმ პირობებში, როდესაც ომიდან 2 წელი იყო გასული, მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე ასტანის სამიტში მონაწილეობას იღებდნენ, სადაც ასევე მონაწილეობდა არა მხოლოდ ლავროვი, არამედ ვლადიმერ პუტინი - ასე, რომ ახლა საუბარი ერთ დარბაზში და სივრცეში ყოფნა ოკუპანტთან არ შეიძლება არის აბსოლუტური ფარისევლობა,“ - განაცხადა თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საუბრისას. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „როდესაც კონკრეტულ ღონისძიებას ესწრებიან ბლინკენი, ბორელი, სხვა ევროპელი ლიდერები, იქ აბსოლუტურად ლოგიკურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა.“ „მინდა, სხვა ქვეყნებს ვურჩიო ოთხჯერ ნაკლები ღვინო გაყიდონ რუსეთში, ვიდრე ყიდიან და მერე ისაუბრონ რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობა არ მონაწილეობაზე. ორმაგი სტანდარტია კონკრეტული ქვეყნების, რომლებიც ღვინის წარმოებით არ არიან დაკავებულნი და ჩვენზე ოთხჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთში, ეს ხომ არის ორმაგი სტანდარტი. როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ ღონისძიებაში, იქ ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ბორელი: ეუთოს მინისტერიალზე ლავროვი კვლავ მოისმენს, რატომ არის მოსკოვი იზოლირებული ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის შემდეგ პოლონეთიც უცხადებს. ევროკავშირის პოზიცია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას კარგ შესაძლებლობად განიხილავს, რათა რუსეთს კიდევ ერთხელ მოასმენინონ, რატომ აღმოჩნდა იზოლაციაში. ბორელმა განმარტა, რომ ესმის "ზოგიერთი მონაწილე სახელმწიფოს უხერხულობა" ჩრდილოეთ მაკედონიის არჩევანის გამო, დაუშვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვი მინისტერიალზე. „თუმცა ეს გადაწყვეტილება შეესაბამება ჩვენს საერთო მიზნებს, რომ შევინარჩუნოთ მულტილატერალიზმი,“ განმარტა ბორელმა. გარდა ამისა, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „კიდევ ერთხელ უნდა მოისმინოს“ დანარჩენი მონაწილეებისგან, თუ რატომ არის მოსკოვი იზოლირებული უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. „და შემდეგ ის შეძლებს, დაბრუნდეს კრემლში და მოახსენოს კრემლის ოსტატს, რომ ევროკავშირი და ეუთო ერთიანი რჩებიან. ეს (შეხვედრა) მაინც სასარგებლო იქნება ამ თვალსაზრისით. “ - აღნიშნა ბორელმა. აშშ-ის პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა აღნიშნა, რომ თითოეული მონაწილე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, თუ რა დონეზე აირჩევს დასწრებას. „ჩვენ ვგეგმავთ, ძალიან პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიულ ომზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას,“ - აღნიშნა კარპენტერმა. საერთაშორისო მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონია ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა. ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს ორდღიანი მინისტერიალი დღეს დაიწყო. მინისტერიალის ფარგლებში 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპისა და მეზობელი რეგიონების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. მათ შორისაა უკრაინის ომი და მიგრაციის საკითხები.

ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომა: ევროკავშირი და 9 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან

ევროკავშირმა და ცხრა სხვა ქვეყანამ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც სკოპიეში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე შეხვედრაზე გასაჯაროვდა. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან,“ - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ”რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკი აგრესიული ომის ფონზე, ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთოს წვლილს, უზრუნველყოფილი იყოს სრული პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლის ყველა დარღვევისთვის. ევროკავშირმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყებით, რუსეთმა უგულებელყო ძირითადი ნორმები, პრინციპები და ვალდებულებები, რომლებზედაც აგებულია ევროპული უსაფრთხოება. განცხადების ავტორების შეფასებით, ამ პრინციპებს რუსეთი არღვევდა მათ შორის, საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს. ეს არის პრინციპები, რომლებიც არ გადაიხდება.  „დღეს სკოპიეში გვინდა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა. ევროკავშირი ცალსახად დადგება უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება. ევროკავშირის ერთგულება უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ურყევი რჩება,“ - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია უკრაინის მიერ შემოთავაზებული მშვიდობის ფორმულისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას და გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მუშაობას ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირის განცხადებას შეუერთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო, ისლანდია, სან მარინო და უკრაინა. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინისტრთა საბჭოს ორდღიანი წლიური შეხვედრა ხუთშაბათს ქალაქ სკოპიეში დაიწყო.

ეუთოში სერგეი ლავროვის გამოსვლის დროს, ზოგიერთმა დელეგაციამ სხდომათა დარბაზი დატოვა

30 ნოემბერს სკოპიეში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაზე დელეგაციების ნაწილმა სხდომათა დარბაზი მაშინ დატოვა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოსვლა დაიწყო. ქვეყნების დელეგაციებს გამოცემა არ აკონკრეტებს. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, დელეგატებმა დარბაზის დატოვება იმ განცხადების გაკეთებისთანავე დაიწყეს, რომლის შემდეგაც, მომდევნო სიტყვა რუსეთის მინისტრს გადაეცა. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ლავროვი ამბობდა, რომ "კიევის რეჟიმი დონბასში სადამსჯელო ოპერაციას ატარებს რვა წლის განმავლობაში", რომ უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში "ნაცისტური იდეოლოგიის ტალღაა". რუსმა მინისტრმა ასევე დაადანაშაულა ევროკავშირი იმისთვის, რომ სურს „კიევის რეჟიმის ორგანიზაციის კარი დაჩქარებული წესით გაუღოს." ლავროვის შემდეგ მომდევნო სპიკერმა, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსეთის მინისტრის გამოსვლის რიგ თეზისებს "შეცდომაში შეყვანის" მცდელობა უწოდა, მაგრამ ლავროვმა არ მოუსმინა კოლეგას და შეხვედრა დატოვა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ლავროვის გამოსვლისას ეუთოს მინისტერიალი დატოვა „მე არ მოვუსმინე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას სკოპიეში. ვფიქრობდი, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა, იმ ოთახში ყოფილიყო ჩვენი კოლეგა, რომელსაც დეზინფორმაციის მონიტორინგი ევალებოდა," წერს იან ლიპავსკი X-ზე ყოფილი (Twitter-ი.)