ქართული მხარე განმარტავს, რატომ ესწრება ეუთოს მინისტერიალს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „ეუთოს მინისტერიალი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა. საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას განსაკუთრებული როლი აქვს, შესაბამისად, ჩვენი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია.“

დარჩიაშვილს კითხვა დაუსვეს ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობაზე და ოპონენტების კრიტიკაზე, რატომ არ არის ბოიკოტის რეჟიმში საქართველო ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის მსგავსად. „ზოგადად, ეუთოს მინისტერიალი არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობა.


საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას განსაკუთრებული როლი აქვს, შესაბამისად, ჩვენი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია. ასევე არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე და აქ სწორედ ამ პლატფორმის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსაყენებლად ვიმყოფებით. აქ არიან ორგანიზაციის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ეს არის პლატფორმა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ გამოწვევებზე სასაუბროდ, რომელიც ქვეყანას აქვს. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მოტივაციაა, ჩვენი პარტნიორების მეტი მობილიზება მოვახდინოთ და ვისაუბროთ გამოწვევებზე, რომლებიც არის რეგიონში და რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


„იმ პირობებში, როდესაც ომიდან 2 წელი იყო გასული, მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე ასტანის სამიტში მონაწილეობას იღებდნენ, სადაც ასევე მონაწილეობდა არა მხოლოდ ლავროვი, არამედ ვლადიმერ პუტინი - ასე, რომ ახლა საუბარი ერთ დარბაზში და სივრცეში ყოფნა ოკუპანტთან არ შეიძლება არის აბსოლუტური ფარისევლობა,“ - განაცხადა თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საუბრისას. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „როდესაც კონკრეტულ ღონისძიებას ესწრებიან ბლინკენი, ბორელი, სხვა ევროპელი ლიდერები, იქ აბსოლუტურად ლოგიკურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა.“

„მინდა, სხვა ქვეყნებს ვურჩიო ოთხჯერ ნაკლები ღვინო გაყიდონ რუსეთში, ვიდრე ყიდიან და მერე ისაუბრონ რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობა არ მონაწილეობაზე. ორმაგი სტანდარტია კონკრეტული ქვეყნების, რომლებიც ღვინის წარმოებით არ არიან დაკავებულნი და ჩვენზე ოთხჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთში, ეს ხომ არის ორმაგი სტანდარტი. როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ ღონისძიებაში, იქ ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის შემდეგ პოლონეთიც უცხადებს.


ევროკავშირის პოზიცია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას კარგ შესაძლებლობად განიხილავს, რათა რუსეთს კიდევ ერთხელ მოასმენინონ, რატომ აღმოჩნდა იზოლაციაში.


ბორელმა განმარტა, რომ ესმის "ზოგიერთი მონაწილე სახელმწიფოს უხერხულობა" ჩრდილოეთ მაკედონიის არჩევანის გამო, დაუშვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვი მინისტერიალზე.

„თუმცა ეს გადაწყვეტილება შეესაბამება ჩვენს საერთო მიზნებს, რომ შევინარჩუნოთ მულტილატერალიზმი,“ განმარტა ბორელმა.

გარდა ამისა, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „კიდევ ერთხელ უნდა მოისმინოს“ დანარჩენი მონაწილეებისგან, თუ რატომ არის მოსკოვი იზოლირებული უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

„და შემდეგ ის შეძლებს, დაბრუნდეს კრემლში და მოახსენოს კრემლის ოსტატს, რომ ევროკავშირი და ეუთო ერთიანი რჩებიან. ეს (შეხვედრა) მაინც სასარგებლო იქნება ამ თვალსაზრისით. “ - აღნიშნა ბორელმა.


აშშ-ის პოზიცია

ბოიკოტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა აღნიშნა, რომ თითოეული მონაწილე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, თუ რა დონეზე აირჩევს დასწრებას.

„ჩვენ ვგეგმავთ, ძალიან პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიულ ომზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას,“ - აღნიშნა კარპენტერმა.

საერთაშორისო მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონია ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა.

ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს ორდღიანი მინისტერიალი დღეს დაიწყო. მინისტერიალის ფარგლებში 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპისა და მეზობელი რეგიონების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. მათ შორისაა უკრაინის ომი და მიგრაციის საკითხები.