თეგი: ზელიმხან ხანგოშვილი
CNN: რუსეთი ამერიკელი პატიმრების, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ვლადომერ კრასიკოვში გაცვლას ითხოვს
CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი ამერიკელი პატიმრების, პოლ უელანისა და ბრიტნი გრაინერის სანაცვლოდ რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გარდა, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ვლადიმერ კრასიკოვში გაცვლას ითხოვს. CNN: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის რუსეთში დაკავებულ ორ ამერიკელზე გაცვლას სთავაზობს ვლადიმერ კრასიკოვი 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლის ზელიმხან ხანგოშვილის მკველობისთვის 2021 წლის დეკემბერში გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. გერმანელი გამომძიებლები აცხადებდნენ, რომ კრასიკოვმა ხანგოშივილის მოკვლის დავალება, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უწყებებიდან მიიღო. CNN-ის ცნობით, ვაშინგტონში მოსკოვის თხოვნა მოისმინეს, თუმცა კრასიკოვი „პრობლემური პატიმარია“, რადგან ის პატიმრობაში ბერლინში იმყოფება. ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა პატიმრების გაცვლის თაობაზე ტელეფონით ისაუბრეს შეგახსენებთ, რუსეთში დაკავებული ორი ამერიკელი ბრიტნი გრინერი და პოლ უილანია. 31 წლის კალათბურთის ვარსკვლავი გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში. გრინერს ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვისთვის ათწლიანი პატიმრობა ემუქრება. 2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს.
პუტინი რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი ჟურნალისტის სანაცვლოდ, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გადაცემას ითხოვს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი ჟურნალისტის სანაცვლოდ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გადაცემას ითხოვს. პუტინმა ხანგოშვილზე, მის მკვლელსა და გერშკოვიჩზე ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ისაუბრა. ინტერვიუ 6 თებერვალს ჩაწერეს და 9 თებერვალს გამოქვეყნდა. გერშკოვიჩი The Wall Street Journal-ის რეპორტიორია, რომელიც „ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავეს 2023 წლის მარტში. ხანგოშვილის მკვლელობისათვის კი, გერმანიაში გასამართლებულია ვადიმ კრასიკოვი (იგივე ვადიმ სოკოლოვი). ხანგოშვილი საქართველოს ეთნიკურად ჩეჩენი მოქალაქე იყო. იგი ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ზელიმხან ხანგოშვილი (იგივე თორნიკე ქავთარაშვილი), რომელზეც რუსეთში ძებნა იყო გამოცხადებული „ტერორიზმის" ბრალდებით, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს პირი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვია. 2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ დამნაშავე რუსეთის მთავრობის დაკვეთით მოქმედებდა და ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა იყო შურისძიება ჩეჩნეთის მეორე ომში მისი მონაწილეობის გამო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმავე წლის 17 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველო „გმობს და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო და მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს მომხდარს.“ ზელიმხან ხანგოშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა, ქვეყანა დატოვა მასზე 2015 წელს თბილისში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობის შემდეგ. ეს თავდასხმა დღემდე გამოუძიებელია.
FT: ნავალნის სიკვდილის შემდეგ, გერმანიამ ხანგოშვილის მკვლელის რუსეთისთვის გადაცემაზე უარი განაცხადა
ნავალნის გარდაცვალების შემდეგ გერმანიამ რუსეთთან პატიმრების გაცვლაზე უარი თქვა გერმანია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემდეგ არ არის დაინტერესებული, რომ FSB–ს ოფიცერი ვადიმ კრასიკოვი, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის, რუსეთს გადასცეს. როორც მედია წერს, კრასიკოვის შესაძლო გაცვლა "ნაკლებად სავარაუდო" გახდა, რადგან ბერლინი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე, იტყობინება FT-ის წყარო გერმანელი ოფიციალური პირებიდან. კანცლერ ოლაფ შოლცის სპიკერმა სიტუაციის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. გამოცემის სხვა წყაროებმა განაცხადეს, რომ ბოლო კვირებში დისკუსიები მიმდინარეობდა ნავალნის, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უილისა და Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების საკითხზე. იგეგმებოდა ამ პირების გაცვლა კრასიკოვზე, მაგრამ ნავალნის გარდაცვალების შემდეგ ბერლინმა გარიგებაზე უარი განაცხადა.
შოლცის თქმით, ხანგოშვილის მკვლელის „დეპორტაცია მარტივი გადაწყვეტილება არ იყო“
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც კიოლნის აეროპორტში დახვდა რუსეთის და ბელორუსის საპატიმროებიდან გათავისუფლებულ გერმანიის მოქალაქეებს, თვითმფრინავის დაშვებამდე პრესკონფერენცია გამართა. მისი ინფორმაციით, პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად რუსეთთან მოლაპარაკება რამდენიმე თვეს გაგრძელდა და ამ პროცესში ბერლინი მჭიდროდ თანამშრომლობდა ვაშინგტონთან. შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანიისთვის მარტივი არ ყოფილა ჩეჩენთა საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის ვადიმ კრასიკოვის „დეპორტაცია.“ ფედერალური კანცლერის თქმით, სახელმწიფომ უპირატესობა მიანიჭა არა სასჯელის აღსრულებას, არამედ, რუსეთის ციხეებში უდანაშაულოდ მყოფი ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გერმანიის მოქალაქეების დაცვას და აშშ-ისადმი სოლიდარობას. „არავისთვის არ იყო ადვილი სამუდამო თავისუფლების აღკვეთა მისჯილი მკვლელის დეპორტაციის გადაწყვეტილება,“ აღნიშნა შოლცმა. „პატიმრობის აღსრულების სახელმწიფო ინტერესი უნდა შეესაბამებოდეს რუსეთში დაპატიმრებული უდანაშაულო ადამიანების და პოლიტიკური მიზეზების გამო უსამართლოდ დაპატიმრებულთა თავისუფლებას. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს ვალდებულება, დავიცვათ გერმანიის მოქალაქეები, ისევე როგორც სოლიდარობა შეერთებულ შტატებთან,” - განაცხადა კანცლერმა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებამ გააძლიერა აშშ-გერმანიის მეგობრობა. კრასიკოვის გათავისუფლების საკითხს შოლცი დაუბრუნდა რუსეთის და ბელარუსის მიერ გათავისუფლებულ პატიმრებთან შეხვედრის შემდეგ და მედიას უთხრა, რომ გერმანიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, გათავისუფლებულებთან საუბრის შემდეგ ეს ეჭვი გაუქრება. პირველ აგვისტოს რუსი ოპოზიციონერების და აშშ-ის და გერმანიის მოქალაქეების, სულ 16 ადამიანის, გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთმა დაიბრუნა აშშ-ის და ევროპის ქვეყნების საპატიმროებში მყოფი რვა მოქალაქე, მათ შორის, სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის. ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის ცნობით, ისინი არავის გაუფრთხილებია მკვლელობისთვის მსჯავრდადებული ვადიმ კრასიკოვის გაცვლის თაობაზე. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტ "კავკაზ რეალიის" ხანგოშვილის ქვრივმა მანანა (რაისა) ცატაევამ განუცხადა. მისი თქმით, ამ შესაძლებლობაზე ხმები ჯერ კიდევ კრასიკოვის სასამართლო პროცესების დროს გაჩნდა, თუმცა მაშინ ადვოკატებმა ამას ნაკლებსავარაუდო უწოდეს. განაჩენის გამოტანის შემდეგ მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს მაინც შესაძლებელი იყო, თუმცა მანამდე კრასიკოვს მისჯილი სამუდამო პატიმრობის ვადის დიდი წილი უნდა ჰქონოდა მოხდილი. „ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს გაცვლაზე. ის, რომ ეს მოხდა, აჩვენებს, რომ დაზარალებულების აზრი გერმანიის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოა,“ - განაცხადა ხანგოშვილის ქვრივმა. საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მოსკოვის მიერ იძებნებოდა „ტერორიზმის" ბრალდებით, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს პირი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვია. 2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ დამნაშავე რუსეთის მთავრობის დაკვეთით მოქმედებდა და ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა იყო შურისძიება ჩეჩნეთის მეორე ომში მისი მონაწილეობის გამო. დასავლური მედიასაშუალებები 2023 წლიდან წერდნენ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მცდელობებზე, კრასიკოვი პატიმრობიდან დაეხსნა. კრასიკოვს და ამერიკის და ევროპის ციხეებიდან გათავისუფლებულ სხვა რუსებს წუხელ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, ანკარიდან ჩამოსული თვითმფრინავის ტრაპთან დახვდა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი" წერს, რომ პუტინმა საგანგებოდ მიმართა მათ, ვისაც „პირდაპირი კავშირი აქვს სამხედრო სამსახურთან" და მადლობა გადაუხადა „ფიცის ერთგულებისთვის." კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო „ტასს" მოჰყავს პუტინის სიტყვებიც, რომ დასავლეთის ციხეებიდან გათავისუფლებული ყველა მოქალაქე წარდგენილი იქნება სახელმწიფო ჯილდოზე. პატიმრების გაცვლის ფარგლებში რუსეთის მიერ გათავისუფლებულებს შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, რომელსაც რუსული არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელებისთვის 6,5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და ამერიკული გამოცემა WSJ-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე - რუსი ოპოზიციონერები ილია იაშინი და ვლადიმირ კარა-მურზა და უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი. ბელორუსის საპატიმროდან გაათავისუფლეს გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი, რომელსაც „ტერორიზმის“ ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და შემდეგ ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ლუკაშენკამ შეიწყალა.