თეგი: ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძემ კარასინთან საუბრის ჩანაწერზე განმარტება გააკეთა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან სტელეფონო საუბრის ჩანაწერზე, რომელიც დღეს მედიაში გავრცელდა, განმარტება გააკეთა. მან „რუსთავი2“-თან კარასინთან სატელეფონო საუბრი დაადასტურა. „ეს საუბრები გვქონდა ივნისის თვეში, 21-სა თუ 22 რიცხვში. მაშინ ძალიან რთული ვითარება იყო საზღვარზე. ორივე მხარეს იყო ათასობით მანქანა გაჩერებული იმის გამო, რომ ვერ ხდებოდა მათი ნორმალურად გატარება. ჩვენ მაქსიმალურად ვიყავით ჩართული, ჩვენი მეზობელი სომხეთი იყო შეწუხებული, მათი წარმომადგენელი იყო ჩამოსული, მათთან ერთად იყო საუბარი თუ რა უნდა გაკეთდეს, ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა მაშინ სიტუაციის განმუხტვა. საზღვარია ორი მხარე - ჩვენი და იმათი, ასე რომ ვიღაცამ ამაზე უნდა ისაუბროს, ამისთვის არსებობს პრაღის ფორმატის საკომუნიკაციო არხი",- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მედიაში დღეს გავრცელდა, სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ახალი სატრანსპორტო დერეფნის შესაძლო მშენებლობაზეა საუბარი.
პრემიერ-მინისტრს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია იქნება, ხოლო ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. პრემიერის გადაწყვეტილებით, შეიცვალა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსიც. „მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი განმარტებით, ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. „მოგეხსენებათ, ის წლების განმავლობაში იყო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ამ საქმეს. ძალიან დიდი წარმატებით, ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მისი ძალისხმევით, მისი მონაწილეობით, ჩართულობით და მას მინდა მადლობა გადავუხადო მრავალწლიანი სამსახურისთვის სახელმწიფოს წინაშე და მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ თანამდებობაზე. ზურაბ აბაშიძე დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. მადლობა მინდა ვუთხრა იმისთვის, რომ დათანხმდა ჩემს შემოთავაზებას ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კობახიძემ. ზურაბ აბაშიძეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი 2012 წლის ბოლოდან ეკავა. ის "აბაშიძე- კარასინის" ფორმატში მოლაპარაკებებს მართავდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ახალ ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე დაინიშნა.
კარასინი ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის გრიგორი კარასინის შეფასებით, საქართველოსთან არაფორმალური დიალოგის განვითარება გიორგი ქაჯაიას პირობებშიც მოთხოვნადი იქნება. კარასინი ამბობს, რომ ზურაბ აბაშიძესთან არაფორმალური დიალოგის დროს ბოლო 11 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და დადებითი შედეგებიც მიღწეულია. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოვლენები კვლავაც მოთხოვნადი იქნება. რუსეთი დაინტერესებულია პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით,“ - განაცხადა კარასინმა. მან 11 წლის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგში მიღწეული შედეგები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროები გამოყო. ზურაბ აბაშიძეს გიორგი ქაჯაია ჩაანაცვლებს. ქაჯაიას მრავალწლიანი დიპლომატიურ კარიერა აქვს. ბოლო წლებში იყო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. გიორგი ქაჯაია ასევე მუშაობდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მრჩევლად. აბაშიძე, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა 12 წელი ეკავა, ამბობს, რომ პოსტის დატოვება თავად სურდა. მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს წინადადებით მიმართა, რომ მის შემცვლელზე ეფიქრათ. აბაშიძის თქმთ, მის შემცვლელად თავიდანვე გიორგი ქაჯაია დასახელდა, რადგან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს კარგად იცნობს. „ლოგიკა ძალიან მარტივია – 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. მან [პრემიერმა] დადებითად მიიღო ჩემი წინადადება და, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ვინ იქნება შემცვლელი. იმთავითვე დასახელდა გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში 4 წლის განმავლობაში, მაგრამ ის უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში. გიორგი დაბრუნდა, ამ წლის იანვარში დაუსრულდა მას იქ მუშაობის ვადა და ახლა ის ინიშნება ამ თანამდებობაზე. მე წლებია ვიცნობ გიორგი ქაჯაიას, ის მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიდი გამოცდილება აქვს, მუშაობდა უშიშროების საბჭოში… კარგად იცნობს ამ თემას, კვალიფიცირებული და სერიოზული ადამიანია. მე ვფიქრობ, ის შესაბამისად წარუძღვება ამ საქმიანობას,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. ზურაბ აბაშიძეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი 2012 წლის ბოლოდან ეკავა. ის "აბაშიძე- კარასინის" ფორმატში მოლაპარაკებებს მართავდა. ცნობისთვის, რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ახალ ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე დაინიშნა.