თეგი: თამარ კორძაია
ოპოზიციონერი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
პარლამენტის წევრები, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური და ანა ნაცვლიშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათივე ცნობით, მმართველი პარტიის პოლიტიკური განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ სარჩელზე სხვა არაფერია, თუ არა სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა პარლამენტის მხრიდან. როგორც პარლამენტის წევრების განცხადებაშია აღნიშნული, გასულ წელს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ნაჩქარევად და არაინკლუზიურად მიღებული ერთპარტიული ცვლილებები მკვეთრად უარყოფითად შეფასდა, ხოლო საკითხის კონსტიტუციურობის განხილვა უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. „დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების და ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წარუდგინა 12 წინაპირობა, რომელთა შორისაც დამოუკიდებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. ევროკავშირი და აშშ აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გაძლიერებას. გასულ წელს ნაჩქარევად და არაინკლუზიურად მიღებული ერთპარტიული ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში, მკვეთრად უარყოფითად შეფასდა როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ასევე ყველაზე ავტორიტეტული პროფესიულ ინსტიტუტის – ვენეციის კომისიის მიერაც. სწორედ ამ საკითხის კონსტიტუციურობის განხილვა უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა საჯაროდ გამოხატა პოზიცია პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე და მოითხოვა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილება, მიუხედავად არსებული საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისა. ჩვენ, ხელისმომწერი საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები, მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისგან იმ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც ჯერ არ დაწყებულა, მოსარჩელე მხარისთვისაც უცნობი იყო მომხსენებელი მოსამართლის ვინაობა, შესაბამისად მოსარჩელეებს არც მოსამართლის აცილების დოკუმენტი გადასცემია. მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების პოლიტიკური განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ სარჩელზე მის განხილვამდე სხვა არაფერია, თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა პარლამენტის მხრიდან და საქმის პოლიტიზაცია, რაც დაუშვებელია“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ ერთ-ერთ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, კვერენჩხილაძემ სოციალურ ქსელში საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია და გამოხატა დამოკიდებულება საქმისადმი, რომელიც მან უნდა განიხილოს. "როდესაც ჩვენ ამ ნორმების განხილვა დავიწყეთ, საერთო სასამართლოების ერთ-ერთმა მოსამართლემ სოციალურ ქსელში დააფიქსირა პოზიცია, რომ ცვლილებები მოსამართლეთა დაშინებას, ზეწოლას და მათი თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვას ემსახურებოდა. მისი ეს პოზიცია სოციალურ ქსელში მხარდაჭერილი და გაზიარებული იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის მიერ, რომელიც აღნიშნულ საქმეზე მომხსენებელი მოსამართლეა. წარმოიდგინეთ მოცემულობა - ადამიანი, რომელიც არის მომხსენებელი მოსამართლე, წინასწარ, ღიად და საჯაროდ დააფიქსირა მხარდამჭერი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ მოსამართლეთა დაშინებისა და ზეწოლის ნორმებს ვიღებდით. ასეთ შემთხვევებში, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს, არსებობს ასეთი მოსამართლის აცილების ობიექტური და მყარი საფუძველი, ვინაიდან მან პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა და იქნება მიკერძოებული“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ოპოზიციამ პრემიერის საპასუხო გამოსვლებში
„განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ირაკლი ღარიბაშვილისგან იმიტომ, რომ მთელი მისი მოტივაციაა, პოლარიზაცია გააღრმაოს, ეს არის ყველაფერი ის, რაც ჩვენ დღეს ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და ეს არის ის, რაც, პრინციპში, აწყობს საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ. როგორც მან აღნიშნა, „ხელისუფლება 11 წლის განმავლობაში საუბრობს მარტო ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“, სააკაშვილზე და პოლარიზაციაზე იმიტომ, რომ მეტი სათქმელი და მეტი შეთავაზება ხალხისთვის არაფერი აქვს. „საერთოდ რაზე საუბრობთ - 600 ათასი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ადამიანები ემიგრაციაში მიდიან და ქალები წლობით ვერ ნახულობენ საკუთარ შვილებს, ყოველი მეექვსე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებზე, წყალზე, ჰიგიენის ნორმებზე და ელემენტარულ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. „ძალიან ვწუხვარ თუ ის, რაც დღეს კასპში ხდება, არ გაგონებთ იმას, რაც ხდებოდა 2011 წელს. მაშინ საზოგადოება იყო თქვენს მხარეს, რადგან არ მოსწონდა ძალადობა. დღეს ხდება იგივე და თქვენ, ამ ძალადობას ტრიბუნიდან ახალისებთ. თქვენ ამბობთ, რომ ემიჯნებით ძალადობას, მაგრამ გამიჯვნა სხვა არის. ჩემი თხოვნაა, დადგეთ თქვენი სტატუსის სიმაღლეზე, გადააბიჯოთ საკუთარ თავს და დღეს, ამ ტრიბუნიდან თქვათ - ნებისმიერი ახალგაზრდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პერსონალურად პრემიერ-მინისტრს თავს დაესხმება ვერბალურად, ეს იქნება ცარიელი ფურცელი თუ ნებისმიერი გამოთქმა - უნდა იყოს დაცული და არ გაეკაროს მას არცერთი პოლიციელი - ეს იქნება თქვენი რეალური გამოსვლა ძალადობის წინააღმდეგ“, - განაცხადა თავის მხრივ, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარადგინა. „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, პარლამენტის წვერი ხათუნა სამნიძე პრემიერს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. „მე ვიცავ ოჯახის ფასეულობებს და ქართულ ღირებულებებს, რაც არის თანასწორობა და ჩაგრულის დაცვა. პროპაგანდა ნებისმიერი სახით არის ბოროტება. რასაც თქვენ დღეს აკეთებდით, ეს იყო ბოროტება. პროპაგანდა თუ სადმე არის, ჩვენ გეკითხებით, სად? უნდა დაასახელოთ ეს ადგილები. ასე ჰაერზე ლაპარაკი არის პროპაგანდა, ტყუილიც, რადგან თქვენ თავად სწავლობდით უცხოეთში, საფრანგეთში, მაგალითები, რომ მოგყავთ... თქვენს შვილს ამერიკაში აგზავნით, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცით, უმაღლესი ხარისხის განათლების სისტემაა. რასაც პოლიტიკაში და მაღალი ტრიბუნიდან ვსაუბრობთ, ისე უნდა ვცხოვრობდეთ. მე რისიც მჯერა - თანასწორობის - ამას ვასწავლი ჩემს შვილს. თქვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში, სადაც იჩაგრებიან ადამიანები და საკუთარი შვილისთვის გინდათ საუკეთესო უმაღლესი განათლება აშშ-ში. ეს არის ფარისევლობა და პროპაგანდა, მეტი არაფერი", - მიმართა ღარიბაშვილს სამნიძემ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში ამბობდა, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ე.წ. ლგბტ პროპაგანდად მკაცრად ეწინააღმდეგება. მისი თქმით, „საკითხებს სჭირდება დარეგულირება. „თქვენ რომ სხვა რეალობაში ცხოვრობთ, ეს ვიცით. თქვენ რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გაქვთ, ესეც ვიცით. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ის პრივილეგიები, რაც გაქვთ თქვენ“, - ამავე სხდომაზე მიმართა პრემიერს პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა. „ბევრი ტყუილი ითქვა აქ ზიზღით. არ ვიცი სად იპოვეთ ამდენი ძალა ზიზღისთვის. აცნობიერებთ თუ არა, რომ ის კორიანტელი, რომელიც დღეს აქ დააყენეთ, კონკრეტულ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის”. ტყუილი იყო რასაც თქვენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არწმუნებდით ყველას, რომ ივნისის ბოლოს 12 რეკომენდაცია იქნებოდა შესრულებული. სად არის შესრულებული რეკომენდაციები? სტოკჰოლმში გითხრეს, რომ შესრულებულია 12-დან სამი რეკომენდაცია. ვერ გაიგეთ ეს რომ გითხრეს? ტყუილი მძიმე დანაშაულია განსაკუთრებით, როდესაც სახელმწიფო ინტერესს ეხება საქმე და ამ ტყუილზე ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? არ გრცხვენიათ, რომ მთელი თვეების განმავლობაში იდექით და ამბობდით ტყუილს, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა“, - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრს. „ჩემი აზრით, თვითკრიტიკა და თვითკრიტიკულობა ყველაზე მეტად შვენის ადამიანს და განსაკუთრებით პოლიტიკოსს, განსაკუთრებით სახელმწიფო თანამდებობის პირს და კიდევ უფრო განსაკუთრებით მთავრობის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. „თქვენს გამოსვლაში რომ მომესმინა რამდენიმე ნოტა მაინც სხვადასხვა დარგში და სფეროში ხარვეზებთან დაკავშირებით და იმასთან, რომ რაღაც სხვაგვარად გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა, ისევ თქვენთვის იქნებოდა ძალიან კარგი იმიტომ, რომ უკეთესად წარმოჩინდებოდით, მაგრამ როცა გამოდიხართ და გვიყვებით, არიქა, ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გვაქვს მსოფლიოში, რა ვიცი, აგაშენებთ ღმერთი! სიღარიბე განახევრდა - აგაშენებთ ღმერთი! ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა დასული - აგაშენებთ ღმერთი, მაგრამ ამ შენობიდან, რომ გავალ და სახლში რომ ავდივარ ფეხით იმდენი გაჭირვებული ხალხი რატომ მხვდება? სხვა საქართველოა რასაც თქვენ ხატავთ და სხვა საქართველოა რეალურად. ამ საქართველოზე ობიექტურად და მიწაზე დაშვებულად რომ ილაპარაკოთ ისევ თქვენთვის იქნება კარგი, რადგან ის ხალხი არ გააღიზიანოთ ვინც უმუშევარია“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა. კითხვა-პასუხის რეჟიმი პარლამენტში დასრულებულია.