რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ოპოზიციამ პრემიერის საპასუხო გამოსვლებში

„განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ირაკლი ღარიბაშვილისგან იმიტომ, რომ მთელი მისი მოტივაციაა, პოლარიზაცია გააღრმაოს, ეს არის ყველაფერი ის, რაც ჩვენ დღეს ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და ეს არის ის, რაც, პრინციპში, აწყობს საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, „ხელისუფლება 11 წლის განმავლობაში საუბრობს მარტო ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“, სააკაშვილზე და პოლარიზაციაზე იმიტომ, რომ მეტი სათქმელი და მეტი შეთავაზება ხალხისთვის არაფერი აქვს.

„საერთოდ რაზე საუბრობთ - 600 ათასი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ადამიანები ემიგრაციაში მიდიან და ქალები წლობით ვერ ნახულობენ საკუთარ შვილებს, ყოველი მეექვსე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებზე, წყალზე, ჰიგიენის ნორმებზე და ელემენტარულ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 


„ძალიან ვწუხვარ თუ ის, რაც დღეს კასპში ხდება, არ გაგონებთ იმას, რაც ხდებოდა 2011 წელს. მაშინ საზოგადოება იყო თქვენს მხარეს, რადგან არ მოსწონდა ძალადობა. დღეს ხდება იგივე და თქვენ, ამ ძალადობას ტრიბუნიდან ახალისებთ.

თქვენ ამბობთ, რომ ემიჯნებით ძალადობას, მაგრამ გამიჯვნა სხვა არის. ჩემი თხოვნაა, დადგეთ თქვენი სტატუსის სიმაღლეზე, გადააბიჯოთ საკუთარ თავს და დღეს, ამ ტრიბუნიდან თქვათ - ნებისმიერი ახალგაზრდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პერსონალურად პრემიერ-მინისტრს თავს დაესხმება ვერბალურად, ეს იქნება ცარიელი ფურცელი თუ ნებისმიერი გამოთქმა - უნდა იყოს დაცული და არ გაეკაროს მას არცერთი პოლიციელი - ეს იქნება თქვენი რეალური გამოსვლა ძალადობის წინააღმდეგ“, - განაცხადა თავის მხრივ, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარადგინა.


„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, პარლამენტის წვერი ხათუნა სამნიძე პრემიერს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

„მე ვიცავ ოჯახის ფასეულობებს და ქართულ ღირებულებებს, რაც არის თანასწორობა და ჩაგრულის დაცვა. პროპაგანდა ნებისმიერი სახით არის ბოროტება. რასაც თქვენ დღეს აკეთებდით, ეს იყო ბოროტება. პროპაგანდა თუ სადმე არის, ჩვენ გეკითხებით, სად? უნდა დაასახელოთ ეს ადგილები. ასე ჰაერზე ლაპარაკი არის პროპაგანდა, ტყუილიც, რადგან თქვენ თავად სწავლობდით უცხოეთში, საფრანგეთში, მაგალითები, რომ მოგყავთ... თქვენს შვილს ამერიკაში აგზავნით, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცით, უმაღლესი ხარისხის განათლების სისტემაა.

რასაც პოლიტიკაში და მაღალი ტრიბუნიდან ვსაუბრობთ, ისე უნდა ვცხოვრობდეთ. მე რისიც მჯერა - თანასწორობის - ამას ვასწავლი ჩემს შვილს. თქვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში, სადაც იჩაგრებიან ადამიანები და საკუთარი შვილისთვის გინდათ საუკეთესო უმაღლესი განათლება აშშ-ში. ეს არის ფარისევლობა და პროპაგანდა, მეტი არაფერი", - მიმართა ღარიბაშვილს სამნიძემ.


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში ამბობდა, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ე.წ. ლგბტ პროპაგანდად მკაცრად ეწინააღმდეგება. მისი თქმით, „საკითხებს სჭირდება დარეგულირება.


„თქვენ რომ სხვა რეალობაში ცხოვრობთ, ეს ვიცით. თქვენ რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გაქვთ, ესეც ვიცით. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ის პრივილეგიები, რაც გაქვთ თქვენ“, - ამავე სხდომაზე მიმართა პრემიერს პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

„ბევრი ტყუილი ითქვა აქ ზიზღით. არ ვიცი სად იპოვეთ ამდენი ძალა ზიზღისთვის. აცნობიერებთ თუ არა, რომ ის კორიანტელი, რომელიც დღეს აქ დააყენეთ, კონკრეტულ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის”. ტყუილი იყო რასაც თქვენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არწმუნებდით ყველას, რომ ივნისის ბოლოს 12 რეკომენდაცია იქნებოდა შესრულებული. სად არის შესრულებული რეკომენდაციები? სტოკჰოლმში გითხრეს, რომ შესრულებულია 12-დან სამი რეკომენდაცია. ვერ გაიგეთ ეს რომ გითხრეს? ტყუილი მძიმე დანაშაულია განსაკუთრებით, როდესაც სახელმწიფო ინტერესს ეხება საქმე და ამ ტყუილზე ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? არ გრცხვენიათ, რომ მთელი თვეების განმავლობაში იდექით და ამბობდით ტყუილს, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა“, - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრს.


 „ჩემი აზრით, თვითკრიტიკა და თვითკრიტიკულობა ყველაზე მეტად შვენის ადამიანს და განსაკუთრებით პოლიტიკოსს, განსაკუთრებით სახელმწიფო თანამდებობის პირს და კიდევ უფრო განსაკუთრებით მთავრობის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

„თქვენს გამოსვლაში რომ მომესმინა რამდენიმე ნოტა მაინც სხვადასხვა დარგში და სფეროში ხარვეზებთან დაკავშირებით და იმასთან, რომ რაღაც სხვაგვარად გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა, ისევ თქვენთვის იქნებოდა ძალიან კარგი იმიტომ, რომ უკეთესად წარმოჩინდებოდით, მაგრამ როცა გამოდიხართ და გვიყვებით, არიქა, ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გვაქვს მსოფლიოში, რა ვიცი, აგაშენებთ ღმერთი!

სიღარიბე განახევრდა - აგაშენებთ ღმერთი! ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა დასული - აგაშენებთ ღმერთი, მაგრამ ამ შენობიდან, რომ გავალ და სახლში რომ ავდივარ ფეხით იმდენი გაჭირვებული ხალხი რატომ მხვდება? სხვა საქართველოა რასაც თქვენ ხატავთ და სხვა საქართველოა რეალურად. ამ საქართველოზე ობიექტურად და მიწაზე დაშვებულად რომ ილაპარაკოთ ისევ თქვენთვის იქნება კარგი, რადგან ის ხალხი არ გააღიზიანოთ ვინც უმუშევარია“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

კითხვა-პასუხის რეჟიმი პარლამენტში დასრულებულია.