თეგი: თბილისის მერი
თბილისის მერის თქმით, რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, ტაქსი მგზავრის ასაყვანად გაჩერებას ავტობუსის ზოლში შეძლებს
თბილისის მერიას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის განსაზღვრული რეგულაციები ზაფხულის ბოლოსთვის ექნება მზად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ტაქსით მომსახურების გამწევ პირებთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. „ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპთან დაკავშირებით შიდა სამუშაოები სრულდება. ასევე, ტაქსის მომსახურების გამწევი პირებისგან ვიღებთ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ და ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით. მესამე ეტაპის ამოქმედებისთვის მზად ვიქნებით ზაფხულის ბოლოსთვის. A-კატეგორიის(თეთრი ფერის) ტაქსის მძღოლებს მიეცემათ შესაძლებლობა, საავტობუსე ზოლებზე მგზავრები ისე ჩასვან და აიყვანონ, რომ არ დაჯარიმდნენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძე: ძალიან უხერხულია ნეიტრალიტეტზე საუბარი, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს
თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ძალიან უხერხულია ნეიტრალიტეტზე საუბარი, მაშინ როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს. „სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20%-იც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები დამაზიანებელია და ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, - აცხადებს კალაძე. ასევე წაიკითხეთ: არჩილ თალაკვაძე: საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის განსაზღვრულია და ამ კურსის შეცვლა ვინმეს განცხადებების კვალდაკვალ ვერ მოხდება
თბილისში, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია 15 ივნისს დაიწყება, რის გამოც ის სრულად ჩაიკეტება
„ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გადაწყვეტილება მიღებულია, პროექტი უკვე შეთანხმებული გვაქვს, გვყავს კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოების დაწყების თარიღად 15 ივნისი განისაზღვრა“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. „ამ დროისთვის, სწავლა დასრულებული იქნება, ბევრი ადამიანი გადის ქალაქიდან და ეს შეამსუბუქებს ქალაქში გადაადგილებას, რადგან მოგვიწევს ამ ქუჩის სრული ჩაკეტვა, რათა მოწესრიგდეს, განახლდეს მიწისქვეშა კომუნიკაციები. არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები უმძიმეს მდგომარეობაშია და კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა; მიწის ქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები; გარე განათების ახალი ქსელი, სადაც დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED სანათები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, აბიტურიენტთა და დასაქმებული პერსონალის დროულად გამოცხადებისა და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „N39, N173, N177, N191 და N175 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ხოლო N117 საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“. რაც შეეხება N103 საჯარო სკოლას, აღნიშნული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით. აღნიშნული მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს 10 აგვისტომდე.
ტაქსის მძღოლებმა, ვისაც კიდევ არ აუღია A კატეგორიის ნებართვა, 20 მარტამდე უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს - კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 20 მარტიდან ძველი სისტემით ნებართვების გაცემა შეწყდება და პირველი აპრილიდან ახალი მოდელი ამოქმედდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული რეფორმის ამოქმედებამდე, მუნიციპალიტეტი უკვე აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას, ასევე, გადამზადდნენ ცხელი ხაზის ოპერატორები და მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge. „გასულ კვირას საზოგადოებას წარვუდგინეთ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია ტაქსების ბაზარზე 2018 წლიდან დღემდე გადადგმულ ნაბიჯებზე. რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ცვლილებები ძალიან საინტერესო და სარგებლიანია ამ ბაზრის მონაწილე სუბიექტებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. ამ სიახლესთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, მუნიციპალიტეტი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას: გადამზადდნენ ცხელი ხაზის ოპერატორები და სრულ მზადყოფნაში არიან, რომ დაეხმარონ და კონსულტაცია გაუწიონ ყველა დაინტერესებულ პირს; შეიქმნა ვიდეოგზამკვლევი და საინფორმაციო ბროშურა; მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge, სადაც განთავსებულია ინფორმაცია არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია და შესაბამის უწყებებთან თანხმდება. ამის შემდეგ კი დედაქალაქის საკრებულოში დასამტკიცებლად გადაიგზავნება. ამასთან, კახა კალაძემ მოუწოდა ტაქსის მძღოლებს, ვისაც A კატეგორიის ნებართვა ჯერ არ აუღიათ, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს, რადგან პირველი აპრილს მათთვის უვადო ნებართვები აღარ გაიცემა. „კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ მას შემდეგ, რაც პირველ აპრილს, კონკრეტულ სუბიექტებს ერთჯერადად გადაეცემა A კატეგორიის ნებართვები, ახალი სისტემის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს ამ კატეგორიის ნებართვებს. ბაზარზე ბრუნვაში დარჩება მხოლოდ ის A კატეგორიის ნებართვები, რომელიც პირველ აპრილს დარიგდება. მინდა, მოვუწოდო იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასოდეს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა ვერ დაინახავს ამ ადამიანებს და მათთვის პირველ აპრილს არ გასცემს უვადო ნებართვებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ამ ქვეყანაში ვინც რუსულ პროპაგანდას ატარებს, არის „ნაციონალური მოძრაობა“ - კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველოში რუსული პროპაგანდის გამტარებელი „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები არიან. „ამ ქვეყანაში ვინც რუსულ პროპაგანდას ატარებს ხართ თქვენ და თქვენი პოლიტიკური პარტია -„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ქვეყნის 20% რუსებს ჩააბარა. სამარცხვინო იყო, როგორ გარბოდნენ ისინი წითელ ხიდზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც დაღუპული ჯარისკაცები მიატოვეთ და გამოიქეცით, შემდეგ მოღალატეობრივ რეზოლუციას მოაწერეთ ხელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.