„ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გადაწყვეტილება მიღებულია, პროექტი უკვე შეთანხმებული გვაქვს, გვყავს კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოების დაწყების თარიღად 15 ივნისი განისაზღვრა“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
„ამ დროისთვის, სწავლა დასრულებული იქნება, ბევრი ადამიანი გადის ქალაქიდან და ეს შეამსუბუქებს ქალაქში გადაადგილებას, რადგან მოგვიწევს ამ ქუჩის სრული ჩაკეტვა, რათა მოწესრიგდეს, განახლდეს მიწისქვეშა კომუნიკაციები. არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები უმძიმეს მდგომარეობაშია და კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა; მიწის ქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები; გარე განათების ახალი ქსელი, სადაც დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED სანათები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.