თეგი: კონტრაბანდა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის კონტრაბანდის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტზე სამი პირი დააკავეს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საბაჟო მოსაკრებლისაგან თავის არიდების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ერთ-ერთი ჯგუფის წევრის მართვის ქვეშ მყოფი MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანით, სარეალიზაციოდ შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2 620 გრამი ოქროსა და 6 189 გრამი ვერცხლისგან დამზადებული სხვადასხვა ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 429 111 ლარს შეადგენს. გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოტანილი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების რეალიზაცია უნდა მომხდარიყო თბილისში, ვაგზლის მოედანზე განთავსებულ ე.წ „ოქროს ბირჟის“ ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს. როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდის საქმეზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, თავისივე მართვის ქვეშ მყოფი MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, შეეცადა სარეალიზაციოდ გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯამში 26 644 ლარის საერთო საბაჟო ღირებულების მედიკამენტი და კომპიუტერული ტექნიკა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
ესპანეთის აეროპორტში კაცს, დაახლოებით 500 000 ევროს ღირებულების პიკასოს ესკიზი ჩამოართვეს
ესპანეთის საბაჟო პოლიციამ იბიცას აეროპორტში კაცს, 450 000 ევროზე მეტი ღირებულების პაბლო პიკასოს ესკიზი ჩამოართვა, რადგან გადამზიდველმა ვერ დაადასტურა, რომ ეს ნახატი მისი საკუთრებაა. შემთხვევა 5 ივლისს მოხდა, თუმცა ესპანელმა მებაჟეებმა ამის შესახებ, მხოლოდ 18 ივლისს განაცხადეს. შვეიცარიელმა სამართალდამცავებმა ესპანეთის საბაჟოს აცნობეს მგზავრის შესახებ, რომელსაც ნახატი „საეჭვო პირობებში“ გადაჰქონდა. ციურიხიდან იბიცაში დასასვენებლად ჩასულ კაცს პიკასოს ესკიზი სახელად Trois personnages („სამი პერსონაჟი“) აღმოაჩნდა. მან განაცხადა, რომ ეს იყო ნამუშევრის ასლი და მისი სიტყვების დასადასტურებლად 1500 ევროს ღირებულების ქვითარი წარმოადგინა. მაგრამ მგზავრის ჩემოდანში ციურიხის სამხატვრო გალერეიდან კიდევ ერთი 454000 ევროს ქვითარი აღმოაჩინეს. წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ესკიზი არის ორიგინალი, ხოლო დამალულ ქვითარზე მითითებული ღირებულება საბაზრო ღირებულებას ემთხვევა. ახლა ესკიზი უფრო საფუძვლიანი ანალიზისთვის ხელოვნების ისტორიკოსებს გადაეცემათ. მგზავრს კი, სავარაუდოდ, ბრალად ხელოვნების ნიმუშების კონტრაბანდასა და საზღვრის გადაკვეთისას ღირებული ნივთის შესახებ ინფორმაციას დამალვას წაუყენებენ.
„კარწახის“ საბაჟოზე ₾133 ათასზე მეტი ღირებულების ოქროს ჯართის გადატანის ფაქტი გამოვლინდა
„კარწახის“ საბაჟოზე ₾133 ათასზე მეტი ღირებულების ოქროს ჯართის გადატანის ფაქტი გამოვლინდა - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.უწყების ცნიბით, საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონების გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინაგამოძიებით დადგინდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“-ს გავლით, შეეცადა საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაეტანა 133 351,74 ლარის საბაჟო ღირებულების 871,53 გრამი ოქროს ჯართი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.