თეგი: ლუის ბონო
კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში მთავარ მრჩევლად ბლინკენმა ლუის ბონო დანიშნა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩევლად, ფილიპ რიკერის შემცვლელად ლუის ბონო დანიშნა. ბლინკენის თქმით, ბონო იმუშავებს რეგიონის ლიდერებთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლისა და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის საკითხზე. „ბონოს მდიდარი მრავალმხრივი და ორმხრივი გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და გაეროს ოფისებში ვენაში, ასევე, საქმეების დროებით რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლად წმიდა საყდარში. ლუის ბონო მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ და სახელმწიფო მდივნის მოადგილედ ეკონომიკურ და ბიზნესსაკითხებში. იყო ინსტრუქტორი ვესტ პოინტსა და არმიის კოლეჯში. მისი დანიშვნა ასევე ადასტურებს მნიშვნელობას, რომელსაც შეერთებული შტატები ანიჭებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლს, ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ეხება“, - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში. ფილიპ რიკერმა თანამდებობა 5 იანვარს დატოვა.
საქართველოს სამხრეთ კავკასიის საკითხებში, აშშ-ის მთავარი მრჩეველი ლუის ბონო ეწვევა
საქართველოს სამხრეთ კავკასიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მრჩეველი, ლუის ბონო ეწვევა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გააკეთა. მისი განცხადებით, ლუის ბონო მომავალ კვირას ჩამოვა. "იქნება რეგულარული მოგზაურობა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში. ბ-ნი ბონო გეგმავს შეხვედრებს მაღალჩინოსნებთან, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და ჩვენ მდგრად ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. როგორც უკვე აღვნიშნე, ვიზიტის ფარგლებში ის სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას ეწვევა. ის ამ თანმიმდევრობით გაემგზავრება ბაქოში, ერევანში, თბილისშიც", - თქვა პრაისმა.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარმა მრჩეველმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველს ლუის ბონოს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ლუის ბონოს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროებში. მთავრობის მეთაურმა ლუის ბონოს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი და თანამშრომლობის პერსპექტივები - დარჩიაშვილი ლუის ბონოს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე დღის წესრიგი და იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მხარეები მიესალმნენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. ამასთან, ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. საუბარი შეეხო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილ რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ამერიკულმა მხარემ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. ამ კონტექსტში განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები სომხეთში ჩავიდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი, რომელიც სამხრეთ ევროპასა და კავკასიაში პოლიტიკის საკითხებს ზედამხედველობს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო და სომხეთისა და აზერბაიჯანის საკითხებზე პასუხისმგებელი უფროს წარმომადგენელი კრისტინ პრინსი სომხეთში არიან. სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი და სომხეთ-თურქეთის დარეგულირების პროცესში სომხეთის რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელი რუბენ რუბინიანი მათ 20 სექტემბერს შეხვდა. „განიხილებოდა რეგიონულ უსაფრთხოებასთან და სომხეთ-თურქეთის ნორმალიზაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები,“ - ნათქვამია სომხეთის პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში. უფრო ადრე კი, 19 სექტემბერს, ჯოშუა ჰაკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზონიანის შეხვედრაზე ხაზი გაესვა ძალისხმევას ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეტაპის მისაღწევად, კერძოდ, ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას. „ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ბოლო დროს ვითარდება ინტენსიური დინამიკით, გამდიდრებულია ახალი განზომილებებით, ეს ურთიერთობები ეფუძნება სტრატეგიულ დიალოგს. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი აქტიური ჩართულობა სხვადასხვა სფეროში,“ განაცხადა მირზოიანმა სომხეთის საგარეო უწყების ცნობით. მხარეებმა ორმხრივი დღის წესრიგი და რეგიონული საკითხები განიხილეს. „ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, რათა მივაღწიოთ ახალ ეტაპს, კერძოდ, სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას და დაისახა შემდეგი ნაბიჯები. პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასთან ერთად, საუბარი შეეხო დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის, ორმხრივ ვაჭრობის ხელშეწყობას. რეგიონულ კონტექსტში არარატ მირზოიანმა და ჯოშუა ჰაკმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის საკითხები განიხილეს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ შედგენილი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების თავიდან აცილებას და შეთანხმებულ ტექსტთან ხელმოწერას, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას. მინისტრმა მირზოიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის ინტერესი კარგად ცნობილ პრინციპებზე დაფუძნებული რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის მიმართულებით,“ წერს სომხეთის საგარეო უწყება.