თეგი: მალაიზია
ზელენსკი მალაიზიის ბოინგის საქმეზე: დამკვეთებიც უნდა დასაჯონ
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მალაიზიის ბოინგის საქმეზე, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ აუცილებელია დამკვეთებიც დაისაჯონ. მალაიზიის ბოინგის საქმეზე, ჰააგის სასამართლომ რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე, დამნაშავედ ცნო „მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის პირველი განაჩენი მალაიზიური ბოინგის #MH17-ის საქმეზე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულისთვის პასუხი დამკვეთებმაც აგონ. რადგან დაუსჯელობა, იწვევს ახალ დანაშაულებს. უნდა გაქარწყლდეს ეს ილუზია. რუსები ადრე და ახლა ჩადენილი მხეცობისთვის უნდა დაისაჯონ, ეს გარდაუვალია“, - დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე. აღმოსავლეთ უკრაინაში, მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის შედეგად 298 მგზავრისა და ეკიპაჟის გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ, 17 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ ამ საქმეში სამი პირი ბრალდებულად ცნო. იგორ გირკინი (სტრელკოვი) - რუსეთის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, თვითგამოცხადებული DPR-ის თავდაცვის მინისტრი, პენსიაზე გასული FSB ოფიცერი; სერგეი დუბინსკი - რუსეთის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი უფროსი ოფიცერი; ლეონიდ ხარჩენკო - უკრაინის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, DPR-ის არმიის სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფის მეთაური. „სასამართლომ ხარჩენკოს, დუბინსკის და გირკინს მიუსაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა და დააპატიმრა. სასამართლო პულატოვს უდანაშაულოდ ცნობს“, - განაცხადა თავმჯდომარემ, ჰენდრიკ სტეინგაიუსმა. შეგახსენებთ, რომ მალაიზიის ავიახაზების ბოინგმა, დონბასის ცაში რვა წლის წინ, 2014 წლის 17 ივლისს კატასტროფა განიცადა, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 17 აშშ-ის მოქალაქე იყო, დაღუპულთა თითქმის ორი მესამედი - ნიდერლანდების მოქალაქეები. გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავი რუსული წარმოების ბუკის რაკეტით ჩამოაგდეს, რომელიც პერვომაისკის დასახლებაში მდებარე მინდორში იყო დამონტაჟებული. გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ინსტალაცია ეკუთვნოდა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის კურსკის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას. გამომძიებლების თქმით, ინსტალაცია ე.წ. "DPR"-ის ტერიტორიაზე, რუსეთის კურსკის ოლქიდან გასროლამდე ცოტა ხნით ადრე გადაიტანეს.
მალაიზიამ ისრაელის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა
მალაიზიამ ისრაელის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა, ანვარ იბრაჰიმმა განაცხადა. „მალაიზიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ისრაელში დაფუძნებულ საზღვაო გადამზიდ კომპანია ZIM-ს მალაიზიის პორტებში შესვლა აუკრძალოს,“ - განაცხადა ანვარ იბრაჰიმმა. დაწესებული აკრძალვის მიხედვით, ისრაელისკენ მიმავალი გემები მალაიზიის პორტებში ტვირთის გადმოტვირთვას ვეღარ შეძლებენ. მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აკრძალვა ისრაელის მიერ ღაზაში „ჩადენილ ჰუმანიტარულ დარღვევებზე“ პასუხს წარმოადგენს.
მალაიზიაში ორი ვერტმფრენი სწავლების დროს ერთმანეთს შეეჯახა, დაიღუპა 10 ადამიანი
მალაიზიაში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა. ისინი სამხედროები იყვნენ, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ვერტმფრენები ერთმანეთს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ლუმუტის საზღვაო ბაზაზე სამხედრო აღლუმისთვის მოსამზადებელი სწავლების დროს შეეჯახნენ. როგორც BBC წერს, ვერტმფრენების პილოტებმა რეკომენდებული დისტანცია არ დაიცვეს, რამაც კატასტროფა გამოიწვია. დაწყებულია გამოძიება.