ზელენსკი მალაიზიის ბოინგის საქმეზე: დამკვეთებიც უნდა დასაჯონ

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მალაიზიის ბოინგის საქმეზე, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ აუცილებელია დამკვეთებიც დაისაჯონ.

„მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის პირველი განაჩენი მალაიზიური ბოინგის #MH17-ის საქმეზე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულისთვის პასუხი დამკვეთებმაც აგონ. რადგან დაუსჯელობა, იწვევს ახალ დანაშაულებს. უნდა გაქარწყლდეს ეს ილუზია. რუსები ადრე და ახლა ჩადენილი მხეცობისთვის უნდა დაისაჯონ, ეს გარდაუვალია“, - დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე.  

აღმოსავლეთ უკრაინაში, მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის შედეგად 298 მგზავრისა და ეკიპაჟის გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ, 17 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ ამ საქმეში სამი პირი ბრალდებულად  ცნო.  

  • იგორ გირკინი (სტრელკოვი) - რუსეთის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, თვითგამოცხადებული DPR-ის თავდაცვის მინისტრი, პენსიაზე გასული FSB ოფიცერი;
  • სერგეი დუბინსკი - რუსეთის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი უფროსი ოფიცერი;
  • ლეონიდ ხარჩენკო - უკრაინის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულში, DPR-ის არმიის სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფის მეთაური.

„სასამართლომ ხარჩენკოს, დუბინსკის და გირკინს მიუსაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა და დააპატიმრა. სასამართლო პულატოვს უდანაშაულოდ ცნობს“, - განაცხადა თავმჯდომარემ, ჰენდრიკ სტეინგაიუსმა.


შეგახსენებთ, რომ მალაიზიის ავიახაზების ბოინგმა, დონბასის ცაში რვა წლის წინ, 2014 წლის 17 ივლისს კატასტროფა განიცადა, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 17 აშშ-ის მოქალაქე იყო, დაღუპულთა თითქმის ორი მესამედი - ნიდერლანდების მოქალაქეები.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავი რუსული წარმოების ბუკის რაკეტით ჩამოაგდეს, რომელიც პერვომაისკის დასახლებაში მდებარე მინდორში იყო დამონტაჟებული.

გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ინსტალაცია ეკუთვნოდა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის კურსკის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას. გამომძიებლების თქმით, ინსტალაცია ე.წ. "DPR"-ის ტერიტორიაზე, რუსეთის კურსკის ოლქიდან გასროლამდე ცოტა ხნით ადრე გადაიტანეს.