თეგი: მიხაელ როთი
როთი: საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი თქვა
გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ დელეგაციასთან საუბარზე უარი განაცხადა და მათ მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა. „საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე. ჩვენ აქ არ ვართ ჭკუის სასწავლებლად, ჩვენ აქ ვართ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. მხოლოდ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო, თუმცა ის პარლამენტის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში შეგვხვდა,“ წერს მიხაელ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე. „ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის," - წერს შემდეგ პოსშტი გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან, ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს. ცნობისთვის, 10 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება, ვინაიდან მათ ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს. შეგახსენებთ, ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. დღეს, 14 მაისს, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო, ხალხმრავალი პროტესტის გამომწვევ კანონპროექტს პლენარულ სესიაზე, მესამე - საბოლოო მოსმენით მიღებას გეგმავენ.
პარლამენტთან აქციაზე, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ. გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაეილ როთმა პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „ჩვენ არ გვსურს საქართველოს რუსიფიკაცია, ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს რეალური შანსი, გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი, რადგან თქვენ უკვე ხართ ევროპელები.“ „მე აქ ნამდვილ ევროპელებს შევხვდი და მჯერა ახალგაზრდა თაობის ძალის. ისინი იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის - თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა. ჩვენი მოვალეობაცაა ამ ღირებულებების დაცვა და გარეთ მყოფი ყველა ამ ადამიანის მხარდაჭერა. ჩვენ არ გვსურს საქართველოს რუსიფიკაცია, ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს რეალური შანსი, გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი, რადგან თქვენ უკვე ხართ ევროპელები და ახლა შემდეგი ნაბიჯია, რომ გახდეთ ევროკავშირის წევრი,“ - განაცხადა როთმა.
საპატრიარქო: მიხაელ როთის განცხადება სრულიად გაუგებარი, უადგილო და მიუღებელია
საქართველოს საპატრიარქო გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ როთის განცხადებას გაუგებარს, უადგილოს და მიუღებელს უწოდებს. საპატრიარქოს განცხადებით, „მიხაილ როთმა თავისი განცხადებით ეკლესია გამიჯნა ახალგაზრდობისა და ქვეყნის ნათელი მომავლისაგან, რაც „არის ევროპული ქვეყნის სახელმწიფო მოხელისაგან სამწუხარო მცდელობა ეკლესიის სტიგმატიზაციისა და თანაც ასეთ რთულ ვითარებაში.“ „გუშინ საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმართა შორის იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, რომლის განცხადებამაც უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებაში, განსაკუთრებით - მორწმუნეთა შორის. მან თავის განცხადებაში ბრძანა: „როგორ უნდა შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე?! მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ყველაზე მჭიდრო მოკავშირეა?!“ ეკლესია მუდმივად ცდილობს საზოგადოებაში დაპირისპირების აღმოფხვრას. მან კი, ამ განცხადებით ეკლესია გამიჯნა ახალგაზრდობისა და ქვეყნის ნათელი მომავლისაგან. ეს არის ევროპული ქვეყნის სახელმწიფო მოხელისაგან სამწუხარო მცდელობა ეკლესიის სტიგმატიზაციისა და თანაც ასეთ რთულ ვითარებაში. გვსურს, ვუპასუხოთ ბატონ მიხაელს, რომ ჩვენ არ ვყოფთ არც ახალგაზრდებს და არც ასაკოვან ადამიანებს იმის მიხედვით, ვინ რა პლატფორმაზე დგას. ჩვენი ახალგაზრდები ეკლესიის წევრები არიან, მის წიაღში იყვნენ და არიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებიც. ეს ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. ამდენად, ბატონი მიხაელის განცხადება სრულიად გაუგებარი, უადგილო და მიუღებელია,” - წერია განცხადებაში.