თეგი: მოქალაქეობა
თურქეთის მოქალაქეობის მიღება, უძრავ ქონებაში $400 ათასის ინვესტირებით შესაძლებელი გახდა
თურქეთის ხელისუფლების მიერ „მოქალაქეობის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის შედეგად, ქვეყნის მოქალაქეობის მიღება უძრავ ქონებაში $400 ათასის ინვესტირების შედეგად შესაძლებელი გახდა. ამის შესახებ, თურქული მედია წერს. მანამდე, თურქეთის მოქალაქეობის მიღება, $250 ათასის ინვესტირების ან თურქულ ბანკში განთავსების შედეგად იყო შესაძლებელი. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მოქალაქეს, უძრავი ქონების გაყიდვა 3 წელი ეკრძალება, ასევე ამ ვადაში ვერ შეძლებს ბანკში განთავსებული თანხის გამოყენებას. საკანონმდებლო ცვლილება ძალაში, გამოქვეყნებიდან ერთ თვეში შევა.
ყაზახეთის უმსხვილესი სახელმწიფო ჰოლდინგის ხელმძღვანელმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა
ყაზახეთის სახელმწიფო ჰოლდინგის Baiterek-ის ხელმძღვანელმა კანატ შარლაპაევმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა. თუმცა, ამ დროისთვის მისი გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მისი განცხადება დააკმაყოფილა. რუსეთის მოქალაქეობა დატოვა შარლაპაევის ქალიშვილმა, რომელიც 2017 წელს მოსკოვში დაიბადა. Baiterek-ის ხელმძღვანელს ასევე აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობა. შარლაპაევმა Baiterek-ის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა, 2022 წლის თებერვალში დაიკავა. მანამდე მუშაობდა Citibank Russia-ის რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის მთავარ ფინანსურ დირექტორად, Citibank Kazakhstan-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტად. მანამდე, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვმა, Revolut fintech სტარტაპის დამფუძნებელმა ნიკოლაი სტორონსკიმ, მეწარმე და ინვესტორმა რუბენ ვარდანიანმა, IT ინვესტორმა და Mail.ru ჯგუფის ყოფილმა თანამფლობელმა იური მილნერმა და ცნობილმა ფინანსისტმა ტიმურ ტურლოვმა. ამ შემთხვევებში, მიზეზად, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა დასახელდა.
ზელენსკიმ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ 13 სასულიერო პირს უკრაინის მოქალაქეობა შეუჩერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებს მოქალაქეობა შეუჩერა. მედიის ინფორმაციით, საუბარია 13 სასულიერო პირზე. დადგენილებაში სასულიერო პირების ვინაობა არ სახელდება, რადგან პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს. განკარგულება გასული წლის 28 დეკემბრით თარიღდება. საუბარია ტულჩინისა და ბრატსლავის მიტროპოლიტ იონაფანზე, რომელსაც SBU-მ ღალატში წაუყენა ბრალი. არსებული ინფორმაციით, მას რუსული პასპორტი აქვს. ასევე, მოქალაქეობა შეუჩერდა ტულჩინის ეპარქიის ვიკარს, ეპისკოპოს სერჰი ლადიჟინს, რომელიც იონაფანთან დაახლოებული პირია.
ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა კრემლის მომხრე ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკსა და კიდევ სამ პოლიტიკოსს ჩამოართვა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც კრემლის მომხრე ოლიგარქსა და პრორუს პოლიტიკოსს ვიქტორ მედვედჩუკს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა კიდევ რადას სამ პრორუს დეპუტატს: ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩსა და რენატ კუზმინს. ოთხივე პოლიტიკოსი, უკრაინაში „პრორუსულად“ მიჩნეული პარტია "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის" წევრები იყვნენ. შეგახსენებთ, რომ უკრაინელი პოლიტიკოსი და პუტინის მარჯვენა ხელი ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. მედია: კრემლის მომხრე ოლიგარქ მედვედჩუკის იახტა, უკრაინის სასარგებლოდ გაიყიდება ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და აპრილის შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა. ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, კიევში მისი სახლი გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. კრემლის მომხრე ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის პარტია უკრაინაში საბოლოოდ აკრძალეს პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით გადასცა რუსეთს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენდა, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება. ის ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“. 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.