თეგი: ნაურუ
ნაურუმ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა
ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩინეთისთვის „საშიში სეპარატისტის“ გამარჯვების შემდეგ, მიკრონეზიაში მდებარე ქვეყანა ნაურუმ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ნაურუს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცდილობს, განაახლოს ურთიერთობები ჩინეთთან, რომელიც ტაივანს საკუთარ ნაწილად მიიჩნევს. „პოლიტიკის ამგვარი ცვლილება ნაურუს განვითარებაში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“ განაცხადა ქვეყნის ხელმძღვანელობამ. ჩინეთი ნაურუს გადაწყვეტილებას მიესალმა. მსოფლიოში დარჩა 12 სახელმწიფო, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ ტაივანთან როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ჩინეთმა ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა
ჩინეთმა ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა. შესაბამის ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ და ნაურუს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლაიონელ აინგიმეამ პეკინში გამართულ ცერემონიაზე ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და ნაურუ გეოგრაფიულად ერთმანეთისგან შორს არიან და უზარმაზარი ოკეანეებით არიან დაშორებულები, ორი ხალხის მეგობრობას დიდი ისტორია აქვს,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჩინეთსა და ნაურუს შორის ელჩების დონეზე კავშირები დაუყოვნებლივ განახლდება. მანამდე, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფომ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ნაურუს მთავრობის ქმედება ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, სუვერენული გადაწყვეტილებაა, ის მაინც იმედგაცრუებას იწვევს. დეპარტამენტი ქვეყნებს მოუწოდებს, გააფართოონ ჩართულობა ტაივანთან. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად იძლევა დაპირებებს დიპლომატიური ურთიერთობების სანაცვლოდ, რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება,“ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.
ნაურუმ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან „დიპლომატიური ურთიერთობები“ გააუქმა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაურუმ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „დიპლომატიური ურთიერთობები“ გააუქმა. უწყების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს. „საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. ოკუპირებულ აფხაზეთში „ზეწოლად“ აფასებენ ხსენებულ გადაწყვეტილებას. „აფხაზეთის რესპუბლიკასა და ნაურუს რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის განვითარება ყოველთვის აწყდებოდა წინააღმდეგობას საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ერთობლივი ინიციატივების პრაქტიკულ სფეროში გადასვლისთანავე, ნაურუს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიული გარე ზეწოლის კამპანია დაიწყო. გამოყენებული იქნა დახრჩობისა და იძულების მიუღებელი მეთოდების მთელი არსენალი - უპრეცედენტო პოლიტიკური შანტაჟითა და უხეში დიპლომატიური ზეწოლით დაწყებული, ღია ფინანსურ-ეკონომიკური რეპრესიებითა და სადამსჯელო სასანქციო ზომებით დამთავრებული, რომლებიც ნაურუს რესპუბლიკის სუვერენული არჩევანის გადახედვას ისახავდა მიზნად“, - აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში. განახლება: ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს. “ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გაუქმების შესახებ. შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ გააუქმა თავისი დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. შესაბამის ქვეყნებს ფორმალურად შევატყობინებთ შესაბამისი დიპლომატიური არხებით,” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ნაურუს მთავრობა სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა. ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა მხოლოდ 4-მა ქვეყანამ - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ. ეს ნაბიჯი გადადგეს ვანუატუმ და ტუვალუმაც, მაგრამ მათ საბოლოოდ „აღიარება“ უკან წაიღეს. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა
საქართველოსა და ნაურუს(ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა დევიდ ადეანგმა მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ცნობით, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა სტაბილური და პასუხისმგებლიანი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველია. "საუბარი შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროებში პარტნიორობისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ," - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეხვედრის შემდეგ, კობახიძემ X-ზე დაწერა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით საქართველოსა და ნაურუს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. "მოხარული ვარ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგს.დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. ვიმედოვნებთ, მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა გაღრმავდება,” - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას წინ უძღოდა ნაურუს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა. 27 აგვისტოს, ირაკლი კობახიძესა და ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ასევე განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.