საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაურუმ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „დიპლომატიური ურთიერთობები“ გააუქმა. უწყების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.
„საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში „ზეწოლად“ აფასებენ ხსენებულ გადაწყვეტილებას.
„აფხაზეთის რესპუბლიკასა და ნაურუს რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის განვითარება ყოველთვის აწყდებოდა წინააღმდეგობას საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ერთობლივი ინიციატივების პრაქტიკულ სფეროში გადასვლისთანავე, ნაურუს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიული გარე ზეწოლის კამპანია დაიწყო.
გამოყენებული იქნა დახრჩობისა და იძულების მიუღებელი მეთოდების მთელი არსენალი - უპრეცედენტო პოლიტიკური შანტაჟითა და უხეში დიპლომატიური ზეწოლით დაწყებული, ღია ფინანსურ-ეკონომიკური რეპრესიებითა და სადამსჯელო სასანქციო ზომებით დამთავრებული, რომლებიც ნაურუს რესპუბლიკის სუვერენული არჩევანის გადახედვას ისახავდა მიზნად“, - აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა. ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა მხოლოდ 4-მა ქვეყანამ - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ. ეს ნაბიჯი გადადგეს ვანუატუმ და ტუვალუმაც, მაგრამ მათ საბოლოოდ „აღიარება“ უკან წაიღეს. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.