თეგი: ნაფიცი მსაჯულები
11-წლიანი არსებობის განმავლობაში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 2021 წელს, ყველაზე ბევრი, 15 საქმე განიხილა
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილული საქმეების და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციის მიზნით გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. როგორც ნათია მერებაშვილმა განაცხადა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ინსტიტუტის 11-წლიანი არსებობის განმავლობაში 2021 წელს ყველაზე ბევრი - 15 სისხლის სამართლის საქმე განიხილა, მათგან განზრახ მკვლელობით (სსკ-ის 108-ე მუხლი) დაკვალიფიცირებული იყო 6 სისხლის სამართლის საქმე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობით (სსკ-ის 109-ე მუხლი) დაკვალიფიცირებული იყო 6 სისხლის სამართლის საქმე. გარდა ამისა, მსაჯულთა სასამართლომ განიხილა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და არაადამინური მოპყრობის (სსკ-ის 333-ე და 144-ე ტერცია მუხლები) და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სისტემატიური ძალადობის (143-ე და 11 126-ე მუხლები) საქმეები. გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უფრო ეფექტიანად მუშაობის მიზნით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა, რომელთა მიზანია პროცესების დროულად და დაბრკოლების გარეშე ჩატარება. ანგარიშის წარდგენისას ნათია მერებაშვილმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებისა და პოპულარიზაციისთვის უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საზოგადოებისთვის მასებამდე მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.
გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 29 დეკემბერს, ასპინძის რაიონის სოფელ აწყვიტში, ბრალდებულმა, პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი შელაპარაკების დროს, დაზარალებულს დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული გარდაიცვალა. ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მუხრანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ორი პირი დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის თებერვალში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა სამმა ბრალდებულმა, პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მე-6 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა. ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ერთი ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესებს იწყებს
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების გახსნითი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროექტი კამპანია „გახდი ნაფიცი მსაჯულის“ ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მასში ათამდე უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პროექტის მხარდაჭერისთვის და სწავლების პროცესში მონაწილე სტუდენტებს წარმატებები უსურვა. გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, კამპანიის ფარგლებში მოქალაქეთა სათანადო ინფორმირება დადებით შედეგებს გამოიღებს ორი ძირითადი მიმართულებით: გაიზრდება დაინტერესება მსაჯულთა სასამართლოს მიმართ და რაც მთავარია გაცილებით მეტი ადამიანი გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს პროცესში, რომელიც გამორჩეულ ადგილს იკავებს საქართველოს თანამედროვე მართლმსაჯულების ისტორიაში. „იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ინსტიტუტის შესახებ, გააცნობიეროს სამოქალაქო ვალდებულების შესრულების მნიშვნელობა და იგრძნოს მისი წილი პასუხისმგებლობა სამართლიანობის აღსრულების პროცესში, ჩვენ საერთო ძალებით და მობილიზაციით, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით კიდევ არაერთ ღონისძიებას ჩავატარებთ და ვიმედოვნებ ჩვენი საერთო მონდომებით შევძლებთ და დროის მოკლე მონაკვეთში ამ გამოწვევას ერთად გავუმკლავდებით", - აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ. როგორც შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივმა მრჩეველმა ლენა ოუენსმა განაცხადა, სტუდენტები ამ პერიოდის განმავლობაში დეტალურად გაეცნობიან, თუ რას ნიშნავს და როგორ მუშაობს ნაფიც მსაჯულთა სისტემა. „ჩვენ, ამერიკის საელჩო, მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ მნიშვნელოვან და საინტერესო ღონისძიებას, რომლის მსგავსიც პრაქტიკულად არ გვქონია. უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ პროექტს პროკურატურა ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. ძალიან კარგია, რომ ტრენინგებში მონაწილეობისთვის ათი უნივერსიტეტიდან არიან სტუდენტები შერჩეული, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში უფრო კარგად გაიგებენ თუ რას ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა სისტემა და როგორ მუშაობს იგი. ჩვენი საელჩო საქართველოში 13 წელია რაც ხელს უწყობს ამ სისტემის ჩამოყალიბებას და ახლა მოხარულები ვართ, რომ სტუდენტებიც ჩაერთვებიან ამ პროექტის ფარგლებში, რადგან ისინი მომავალი პროფესიონალები არიან", - აღნიშნა ლენა ოუენსმა. პროექტი საქართველოს მართლმსაჯულების ორგანოების და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობით, INL-ის ბიუროს ხელშეწყობით ხორციელდება. ღონისძიების ფარგლებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა თემაზე „კამპანია გახდი ნაფიცი მსაჯული - კამპანიის როლი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების პროცესში“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებზე სტუდენტებისთვის ტრენინგების გამართვას და მათ მიერვე პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას მოიცავს. სწავლების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. იმიტირებულ სასამართლოს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები წარუძღვებიან. ამასთან, სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირებას და მათ მომზადებას მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში მონაწილეობისთვის. კამპანია „გახდი ნაფიცი მსაჯულის“ ფარგლებში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით კიდევ არაერთი ღონისძიება გაიმართება, რაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გენერალურ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები, მოსამართლეები და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილე სტუდენტები ესწრებოდნენ.
ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ერთხმად ცნეს
ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ერთხმად ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა. პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულმა დაზარალებული იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ ავტოავარიის ინსცენირება მოაწყო და დანაშაულის დაფარვის მიზნით, მსხვერპლს და ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა. სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის მაქსიმალური ზომა, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. „სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2022 წლის გაზაფხულზე ბრალდებულმა თანხა ისესხა დაზარალებულისგან, რომელსაც თვეების განმავლობაში არ უბრუნებდა. დაზარალებული ვალის გადახდას ითხოვდა, ბრალდებული კი, სხვადასხვა მიზეზით, თანხის დაბრუნებაზე უარს ამბობდა. ამის გამო, მათ არაერთხელ მოუვიდათ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. 2022 წლის 15 აგვისტოს ბრალდებულმა, წარსული კონფლიქტის გამო, შურისძიება გადაწყვიტა. იგი დაზარალებულს შეხვედრაზე შეუთანხმდა. დათქმულ ადგილზე მისულს კი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია თავის მიმართულებით ესროლა. შემდეგ მსხვერპლი ავტომობილით ტყისკენ წაიყვანა, სადაც ავტოავარიის ინსცენირება მოაწყო და დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, დაზარალებულის სხეულს და ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა. სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს 40 მოწმე და გამოიკვლიეს ყველა ნივთიერი მტკიცებულება, მათ შორის, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ვაზნები, რომლებიც მკვლელობის დროს გამოყენებული საბრძოლო მასალის იდენტური იყო. დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე ავითარებდა ვერსიას, თითქოს ბრალდებულმა თავდაცვის მიზნით გაისროლა. ეს პოზიცია ეწინააღმდეგებოდა მტკიცებულებებს, რომლებიც ბრალდებულის მიერ დანაშაულის დაგეგმვასა და შემთხვევის ადგილზე შეიარაღებულ ჩასაფრებას მოწმობდა. საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული ყველა წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, განზრახი მკვლელობისთვის (სსკ-ის 108-ე მუხლი), ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და ტარებისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები) , ასევე ავტომანქანის განზრახ განადგურებისთვის (სსკ-ის 187-ე მუხლი) ერთხმად ცნეს დამნაშავედ“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ნაფიცმა მსაჯულებმა ანგარებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
ნაფიცმა მსჯულებმა ანგარებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც ანგარებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დადგინდა შემდეგი: ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, მისი მეგობარი ქალი ბინაში რამდენიმე ათას ლარს ინახავდა. თანხის დაუფლების მიზნით ბრალდებული დაუკავშირდა დაზარალებულს და მის საცხოვრებელ სახლში შეხვედრაზე შეუთანხმდა, სადაც მსხვერპლი ცემით მოკლა და მისი ნივთები წაიღო. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ ქალის მოკვლას და მისი ნივთების დაუფლებას ადასტურებდა. „ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით (ანგარებით ჩადენილი განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება თავად მკვლელობაში ბრალდებულმა მიიღო. თელავის რაიონული სასამართლოში 14 წლის შახმაროვას მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებული არცერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს და 28 წლის კაცის გადაწყვეტილებით, საქმე ნაფიც მსაჯულებს არ გადაეცემათ. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულს ეხება, პროკურატურის შუამდგომლობით სხდომა დახურულია. საქმე ეხება 14 წლის მოზარდს, აითაჯ შახმაროვას, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოკლა კაცმა, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა. მოზარდის წინააღმდეგობის და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ კი მოკლა და მიიმალა. საქმის ფარგლებში ახლა სულ ხუთი პირია დაკავებული.
ნაფიცმა მსაჯულებმა ხელვაჩაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს - პროკურატურა
ნაფიცმა მსაჯულებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. „ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2023 წლის 23 აპრილს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს ხის ნაჭერი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს მოწმეები და გამოიკვლიეს ყველა ნივთიერი მტკიცებულება, მათ შორის დანაშაულის საგანი და ბრალდებულის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები. საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს,” - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნაფიცმა მსაჯულებმა ოჯახში ძალადობისა და სხვა დანაშაულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
ნაფიცმა მსაჯულებმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც გენდერის ნიშნით ოჯახურ ძალადობას, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ ცემას, მუქარას, იძულებას, სასამართლოს უპატივცემულობას შეეხებოდა და აღნიშნულ დანაშაულებში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ინფორმაცის საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატიურად სცემდა მეუღლეს, მათ შორის, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით. „ასევე დაზარალებულს უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას, მისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას, მობილური ტელეფონით სარგებლობას, აკონტროლებდა ტელეფონში მიმოწერებს, შემავალ და გამავალ ზარებს და იმ მოტივით, რომ იყო მამაკაცი, მოითხოვდა მის უსიტყვოდ მორჩილებას. ბრალდებული მეუღლეს ჯანმრთელობის დაზიანებით და სხეულის დამახინჯებით ემუქრებოდა, თუკი ის მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინებდა. 2023 წლის 12 ოქტომბერს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ბრალდებულმა სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლოს უპატივცემულობა გამოხატა და პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა. სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს მოწმეები და გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები, წერილობითი დოკუმენტები და ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა პროკურატურის პოზიცია გაიზიარეს და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით ოჯახური ძალადობა), 11 პრიმა 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატური ცემა გენდერის ნიშნით), 11 პრიმა 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის იძულება), 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა გენდერული ნიშნით) და 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა) დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.