საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილული საქმეების და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციის მიზნით გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
როგორც ნათია მერებაშვილმა განაცხადა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ინსტიტუტის 11-წლიანი არსებობის განმავლობაში 2021 წელს ყველაზე ბევრი - 15 სისხლის სამართლის საქმე განიხილა, მათგან განზრახ მკვლელობით (სსკ-ის 108-ე მუხლი) დაკვალიფიცირებული იყო 6 სისხლის სამართლის საქმე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობით (სსკ-ის 109-ე მუხლი) დაკვალიფიცირებული იყო 6 სისხლის სამართლის საქმე. გარდა ამისა, მსაჯულთა სასამართლომ განიხილა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და არაადამინური მოპყრობის (სსკ-ის 333-ე და 144-ე ტერცია მუხლები) და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სისტემატიური ძალადობის (143-ე და 11 126-ე მუხლები) საქმეები.
გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უფრო ეფექტიანად მუშაობის მიზნით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა, რომელთა მიზანია პროცესების დროულად და დაბრკოლების გარეშე ჩატარება.
ანგარიშის წარდგენისას ნათია მერებაშვილმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებისა და პოპულარიზაციისთვის უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საზოგადოებისთვის მასებამდე მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.