თეგი: ნიკარაგუა

გაეროს სასამართლომ დაიწყო სარჩელის განხილვა, რომლითაც ნიკარაგუა გერმანიას გენოციდის ხელშეწყობაში ადანაშაულებს

8 აპრილს გაეროს უზენაეს სასამართლოში დაიწყო წინასწარი მოსმენა, რომლის მიზანია, შეაჩეროს გერმანიის მიერ ისრაელის სამხედრო და სხვა სახის დახმარება. ნიკარაგუა აცხადებს, რომ ისრაელისთვის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო დახმარების აღმოჩენა და უარის თქმა გაეროს იმ უწყების დაფინანსებაზე, რომელიც პალესტინელთა დახმარებას ითვალისწინებს, „გერმანია ხელს უწყობს გენოციდს და არცერთ შემთხვევაში არ ასრულებს თავის ვალდებულებას, რომ ხელი შეუშალოს გენოციდის განხორციელებას.“ 8 აპრილს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ ნიკარაგუას საჩივრის წინასწარი განხილვა დაიწყო. ქვეყანა ამტკიცებს, რომ გერმანია ისრაელისთვის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით, აგრეთვე ჰუმანიტარული სააგენტო UNRWA-ს დაფინანსების შეჩერებით, „ხელს უწყობს გენოციდის ჩადენას.“ ნიკარაგუა სთხოვს სასამართლოს, გამოიყენოს ე.წ. დროებითი ზომები, ვიდრე საქმე სრულად განიხილება. გასულ კვირას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა სებასტიან ფიშერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინი უარყოფს მის მიმართ ბრალდებებს. „გერმანიას არ დაურღვევია არც გენოციდის პრევენციის კონვენცია და არც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ამას დეტალურად განვმარტავთ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე,“ - განაცხადა ფიშერმა. ცნობილია, რომ ისრაელი უარყოფს მტკიცებას, რომ მისი არმიის ქმედებები ღაზას სექტორში, ჰამასის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში, გენოციდად ითვლება. ეს არ არის პირველი საჩივარი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში - მანამდე სამხრეთ აფრიკამ შეიტანა საჩივარი ისრაელის წინააღმდეგ და დაადანაშაულა ის პალესტინის მოსახლეობის გენოციდში. საჩივარს შეუერთდა კიდევ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, ირლანდია. იანვარში, იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ დროებითი ზომების შესახებ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა ღაზის სექტორში გენოციდის მოქმედებების აღსაკვეთად, მაგრამ სასამართლოს არ უბრძანებია ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა.  

უკრაინამ ნიკარაგუასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ნიკარაგუასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, მის მიერ ყირიმის და ოთხი ნაწილობრივ ოკუპირებული უკრაინის რეგიონის რუსეთის ნაწილად აღიარების გამო. „ასეთი არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ, უკრაინა აცხადებს ნიკარაგუის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ,“ - აცხადებენ უწყებაში.  ნიკარაგუამ ბოლო წლებში კრემლთან კავშირები გაამყარა. 2020 წელს მან საპატიო საკონსულო გახსნა ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში, რის შემდეგაც უკრაინის პარლამენტმა ცენტრალური ამერიკის ამ ქვეყანას სანქციები დაუწესა. ნიკარაგუა ასევე იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რეგულარულად უჭერენ მხარს რუსეთს გაეროში. ის ასევე შეუერთდა ბელორუსს და ჩრდილოეთ კორეას კრემლის კრიტიკული რეზოლუციების წინააღმდეგ ხმის მიცემაში. უკრაინული მედიის ცნობით, პირველი ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 19%-ს იკავებს, ხოლო მისი ტერიტორიული მიღწევები ბოლო თვეში მკვეთრად შემცირდა.  

ნიკარაგუის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება

ნიკარაგუის პრეზიდენტ დანიელ ორტეგას განცხადებით, ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება. მან ეს განცხადება 1979 წლის სანდინისტური რევოლუციის წლისთავის ღონისძიებაზე გააკეთა. ორტეგა, რომელიც თანამდებობას 2007 წლიდან იკავებს, ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ოპოზიციის წინააღმდეგ „კედელს“ ააგებს. „აქ არჩევნები აღარ ჩატარდება, რათა მათ [ოპოზიციურმა პარტიებმა] ვერ სცადონ მთავრობის ხელში ჩაგდება, ძალაუფლების ხელში ჩაგდება,“ - განაცხადა ორტეგამ. „დასრულდა ის დრო, როდესაც „იანკების“ (აშშ) და სომოსისტების მხარდაჭერილი პარტიები ხელისუფლებაში ბრუნდებოდნენ — ეს აღარასდროს განმეორდება,“ — განაცხადა ნიკარაგუის ლიდერმა. ეს იყო 80 წლის პრეზიდენტის პირველი საჯარო გამოჩენა ბოლო ორი თვის განმავლობაში. არჩევნები მომავალ წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ორტეგამ არ გაამხილა დეტალები იმის შესახებ, გაუქმდებოდა თუ არა ის ან ოპოზიციას აეკრძალებოდა თუ არა მასში მონაწილეობა, რაც პრაქტიკაში უკვე მოხდა. დანიელ ორტეგამ არჩევნებამდე დააკავა ოპოზიციის ლიდერები და ბიზნესის წარმომადგენლები, ხოლო განსხვავებული აზრის გამოხატვა კრიმინალიზებული გახადა. Reuters-ი წერს, რომ 2025 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ორტეგამ და მისმა მეუღლემ როსარიო მურილიომ სახელმწიფოს თითქმის ყველა ძირითადი ინსტიტუტი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს.   2021 წლის არჩევნები საერთაშორისო დონეზე ფართოდ შეფასდა არაკონკურენტული. ორტეგას ბოლო განცხადებას უფლებადამცველები და ანალიტიკოსები ნიკარაგუაში ავტორიტარული მმართველობის კიდევ უფრო გამყარებად აფასებენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ორტეგას ხელისუფლება დიქტატურად შეაფასა და სანქციები დაუწესა ნიკარაგუის 2 350-ზე მეტ მაღალჩინოსანსა და მათი ოჯახის წევრებს.