თეგი: ნიკა შენგელია

რატომ მყარდება ლარი

ორი დღეა, რაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით „ფსიქოლოგიურ ნიშნულს“ ჩამოცდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 17 მაისს 2,97 ლარი, ხოლო 18 მაისს 2,96 ლარი შეადგინა. დღეს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობისას ლარმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და აშშ დოლართან მიმართებით 2,93 ნიშნულზე დაფიქსირდა. დღეს კი 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით 2.9442 ლარი გახდა.  რა არის ლარის გამყარების ძირითადი ფაქტორები? Europetime-თან კომენტარში, ანალიტიკოსმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა ნიკა შენგელიამ ლარის გამყარების რამდენიმე ფაქტორი დაასახელა. „აქ ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია ექსპორტიდან შემოსული თანხა. ბოლო მაჩვენებლებით, საქართველოდან ექსპორტი გაზრდილია და უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მიუხედავად, ქვეყანაში სავალუტო ნაკადების შემოდინებამ მოიმატა“, - აცხადებს შენგელია. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი გაზრდილია. 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5,252 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.4 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 1,587 მლრდ აშშ დოლარი იყო (32.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3,665 მლრდ აშშ დოლარი (33.7 პროცენტით მეტი).უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აპრილში 2,077 მლრდ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტი შეადგინა. ნიკა შენგელიას შეფასებით, ლარის გამყარებაში დიდი როლი აქვს ფულად გზავნილებს. „აპრილში, საქართველოში ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. სწორედ ამან გააჩინა ლარზე მოთხოვნა. ფინანსურად რთულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას, უცხოეთში მყოფი ოჯახის წევრები ვალუტას უგზავნიან, რაც ბაზარზე კონვერტირდება და ლარზე მოთხოვნას ზრდის, რაც გაცვლით კურსზე აისახება“. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში $308,104 მლნ გადმოირიცხა, აქედან $132, 979 მლნ რუსეთზე მოდის. მარტში უცხოეთიდან ფულადი გზავნილებით $193 065 მილიონი შემოვიდა, მაშინ რუსეთის წილი $27 001 მლნ იყო. ანალიტიკოსი, ლარის გამყარების ერთ-ერთ ფაქტორად ეროვნული ბანკის პოლიტიკას ასახელებს. „ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. გამოიტანა გასაყიდად მცირე რაოდენობით სავალუტო რეზერვები, რაც აისახა კურსზე“. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები აპრილში $3 826 440 მილონია, მარტში ეს მაჩვენებელი $4 030 635 იყო. რაც შეეხება ინტერვენციებს, ბანკმა 9 მარტს გამართულ სავალუტო აუქციონზე გატანილი $50 მლნ-დან $39 570 000 გაყიდა. ცნობილია, რომ სავალუტო ნაკადების ერთ-ერთი წყაროა ტურიზმის სექტორი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა. აპრილში ქვეყანამ ამ სექტორიდან $188,6 მილიონი მიიღო, მარტში კი $174,5 მილიონი.  რას შეეხება მოკლევადიან პროგნოზს, ანალიტიკოსი Europetime-თან ამბობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი აშშ დოლართან 2,90 ნიშნულზე გამყარდება. „ლარის გამყარება მაშინ გაჩერდება, როცა ეროვნული ბანკი დაიწყებს რეზერვების შევსებას,“- ამბობს ნიკა შენგელია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 10 მარტს ლარი აშშ დოლართან ყველაზე მეტად გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3,40 ლარი შეადგინა. აპრილიდან აშშ დოლართან ლარის გამყარების ტრენდი დაიწყო და ბოლო ორი დღეა რაც 3-ის ნიშნულს ჩამოცდა.

რა ნიშნულამდე გამყარდება ლარი

ეროვნული ბანკის მიერ 6 ივლისს გამართული ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.28 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9038 ლარი გახდა. ქართული ლარი Bloomberg-ზე ვაჭრობისას დილიდან 0.95%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9105 იყო. რატომ მყარდება ლარი რა რისკები იმალება ლარის გამყარების ფაქტორებში 2022 წლის აპრილიდან ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. ეროვნული ვალუტა, აშშ დოლართან მიმართებით, 3-ის ნიშნულს 4 ივნისს ჩამოცდა. ერთი თვის შედეგ კი, უკან მოიტოვა  2.90 -იანი ზღვარი. 5 ივლისს ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ  2.8762 ლარი შეადგინა, 6 ივლისს კი  2.8710 ლარი. Europetime-თან კომენტარში, ანალიტიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ლარის გამყარების ტენდენცია ნოემბრამდე შენარჩუნდება. ET: რა ფაქტორები განსაზღვრავს დღეს აშშ დოლართან მიმართებით, ლარის გამყარების ტრენდს? ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. 1აშშ დოლარის ღირებულება რამდენიმე დღის წინ მეორად ბაზარზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.85 ლარსაც გაუტოლდა. დღეს ლარი მცირედით ისევ გაუფასურდა, თუმცა სამომავლოდ ლარი პოზიციებს დაიბრუნებს. დღეს ეროვნული ვალუტის გამყარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები. ივნისში ემიგრანტებმა $500-ზე მეტი გადმორიცხეს, რაც 1,5 მილიარდი ლარია. ეს ის თანხაა რაც დაფიქსირდა საბანკო სისტემაში. Ჩათვალეთ, რომ კიდევ უცხოური ვალუტის 70% ხელზე შემოდის და საბანკო არხებში არ ფიქსირდება. მთელი ეს თანხა მიემართება ლარის მოთხოვნაზე, რაც ეროვნული ვალუტის გამყარების ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორია. ასევე ეხმარება ეკონომიკას მოთხოვნის გენერირებაში. ET: ლარის დადებით ტრენდზე კონომიკური ზრდა რამდენად ახდენს გავლენას? მაისში ეკონომიკურმა ზრდამ –11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა. მთავრობა ზეიმობს და ლარის აღმავალ ტრენდში, ეკონომიკური ზრდის გავლენას ხედავს, თუმცა ეს, ივნისში გადმორიცხული ფულადი გზავნილების გავლენაა. ჩამორიცხული თანხა მოსახლეობაში ინტენსიურად ნაწილდება. მიემართება სავაჭრო სექტორში, უძრავ ქონებაში, დაქირავებისა და გაქირავების სექტორებში და ამოძრავებს ეკონომიკას. ივნისში საქართველოს, 445 894 საერთაშორისო მოგზაური ეწვია ივნისში საქართველოში ინფლაციამ 12.8% შეადგინა - საქსტატი ET: ხელისუფლებამ, დღეს ტურიზმის სტატისტიკაც გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ ეს სექტორი ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი წყაროა. სტატისტიკურ მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1%-ია აღდგენილი. ახდებს თუ არა ეს ფაქტორი გავლენას ლარის დადებით ტრენდზე? ომია რეგიონში. საქართველოში რუსეთის ბელორუსის და უკრაინის მოქალაქეები შემოვიდნენ და აქ ფულს ხარჯავენ. Რაც შეეხება ტურიზმს, ეს სექტორი 2019 წლის პარამეტრებს 3-4 წლის შემდეგ დაუბრუნდება. ET: როგორია თქვენი პროგნოზი? სად არის ლარის წონასწორობის წერტილი და როდემდე შენარჩუნდება ეროვნული ვალუტის აღმავალი ტრენდი? მიმდინარე ტენდენცია აჩვენებს, რომ ლარის გამყარების ტერნდი აშშ დოლართან მიმართებით მაქსიმუმს ამ ორ თვეში მიაღწევს. ეს არის 2.8 და 2,85. ნიშნული.  შემდეგ კი ეროვნული ბანკი ისევ განახორციელებს ინტერვენციებს. რესურსის შესავსებად აშშ დოლარის შესყიდვას დაიწყებს და ამით გამყარების მეორე ტალღა გადაივლის და ლარი 3-ის ნიშნულს დაუბრუნდება. ლარის კურსის გამყარების ტენდენცია ნოემბრამდე შენარჩუნდება.  ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 10 მარტს ლარი აშშ დოლართან ყველაზე მეტად გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3,40 ლარი შეადგინა. აპრილიდან აშშ დოლართან ლარის გამყარების ტრენდი დაიწყო და ბოლო ორი დღეა რაც ლარი 2,90-ის ნიშნულს ჩამოცდა.

რა გავლენა ექნება ევროს გაუფასურებას საქართველოს ბაზარზე

ევრო აშშ დოლართან მიმართებით, რამდენიმე თვეა, უფასურდება. საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე 7 ოქტომბრის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 0,966 ევრო ღირს. ბოლოს ევრო აშშ დოლართან მიმართებით ასე სუსტი 20 წლის წინ, 2002 წლის დეკემბერში იყო. რით აიხსნება დღეს ევროს ასეთი შესუსტება და როგორ აისახება ეს საქართველოს ბაზარზე. ამ საკითხზე Europetime ანალიტიკოსს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ნიკა შენგელიას ესაუბრა.  ET: რას უკავშირდება აშშ დოლართან ევროს ასეთი მკვეთრი გაუფასურება? უკრაინა-რუსეთის ომს გავლენა აქვს ევროკავშირის ეკონომიკაზე. როდესაც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთს, სამწუხაროდ, ეს ბუმერანგივით დაუბრუნდა ევროპას. ET: როდესაც ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა, მაშინვე დაიწყეს რუსული გაზის და ნავთობის ჩასანაცვლებლად ალტერნატივის ძებნა. გეთანხმებით, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნები დიდწილად იყვნენ დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე. დღეს ევროპაში ენერგომატარებლების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნები ყიდულობდნენ სასუქებს რუსეთისგან. ამ ორი ნედლეულის გაძვირების გამო, ევროკავშირის პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი გახდა. ბოლოს რაც გამოქვეყნდა, გერმანიის მაგალითს თუ განვიხილავთ, სამრეწველო ინდექსი იყო 45%, მანამდე კი 30%-ს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი თვის განმავლობაში გერმანიის ეკონომიკამ სიმძლავრეების 45%-ს დაკარგა. თუ 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის ეკონომიკაში განვითარებულ პროცესებს შევაფასებთ, ეს ომი ევროპას კიდევ უფრო დააზარალებს, რადგან სერიოზულ კომპანიებს წარმოება აშშ-ისა და აზიის ბაზრებზე გადააქვთ. ET: თქვენი შეფასებიდან გამომდინარე, ევროს გაუფასურების ძირითადი მიზეზი, ეკონომიკისა და წარმოების შემცირებაა. რამდენად ხანგრძლივია ეს პროცესი და როდემდე და რა ნიშნულამდე გაუფასურდება ევრო? გამომდინარე აქედან, ევროპის ეკონომიკაში გაზრდილი რისკების ფონზე, ევროს კურსი სუსტდება, არის მოლოდინი, რომ აშშ დოლართან მიმართებით ევროს კურსი 0,85 ევრო/ცენტამდე დაეცეს. ერთი წლის წინ, რუსეთ-უკრაინის ომამდე, როცა გაკეთდა ტექნიკური ანალიზი დოლარზე, პარიტეტს ველოდებოდით. მოსალოდნელი იყო აშშ დოლარისა და ევროს კურსის გათანაბრება. გარკვეულწილად, ეს პროგნოზი გამართლდა, თუმცა ახლა უკვე არ არის იმის პროგნოზი, რომ ევრო უახლოეს მომავალში გამყარდება. ველოდებით ევროს გაუფასურებას. ტექნიკური ანალიზის მიხედვით, ევრო სავარაუდოდ, აშშ დოლართან მიმართებით 0,85 ევრო/ცენტამდე ჩამოვა. ევროს კურსი ამ ნიშნულზე დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდება, თუ ემისიის ან რამე სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს ევროპის ცენტრალური ბანკი. ET: რა უარყოფით გავლენას მოახდენს ევროს ვარდნა ევროკავშირის ბაზარზე? წარმოებები ჩერდება, ეკონომიკა მცირდება და იმპორტზე დამოკიდებულება იზრდება. ფაქტობრივად, ერთი რამ უნდა გააკეთონ, რომ ჩინეთიდან შემოსულ იაფ პროდუქციაზე გადასახადები აწიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ეკონომიკა კიდევ შემცირდება და არაკონკურენტუნარიანი იქნება. ევროპა ვერ ასცდება ინფლაციას და სულ მცირე ერთი წელი ვერ გაუმკლავდება. ის მაჩვენებელი, რომ ევროპაში ინფლაცია 10%-ია, ვფიქრობ, ძალიან შელამაზებული მაჩვენებელია, რათა მოსახლეობაში პანიკა არ გამოიწვიოს. ET: საქართველოზე როგორ აისახება ეს პროცესი? რა გავლენა ექნება ევროკავშირთან ექსპორტ-იმპორტსა და ფულად გზავნილებზე? შეიძლება, არის გარკვეული მსჯელობა, რომ ევრო გაიაფებულია და შესაძლოა, ქვეყანაში იაფი პროდუქტი შემოვიდეს, მაგრამ ეს ასე არ მოხდება. თვითონ პროდუქციის ფასი იზრდება და ის რომ, ევრო აშშ დოლართან მიმართებით უფასურდება, ეს დადებითად ვერ წაადგება ქართველ იმპორტიორს.  ევროს გაუფასურება გავლენას მოახდენს ფულად გზავნილებზე, იმ კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეები კონვერტაციისას ნაკლებ ლარს მიიღებენ. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების დინამიკას, ვფიქრობ აქ შემცირება მოსალოდნელი არ არის, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობის ზრდის ტენდენცია ჯერ არ იკვეთება. ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით, ევროკავშირის ქვეყნებში ხელფასები 10%-ით გაიზარდა. ფულადი გზავნილები ევროზონიდან საქართველოში იმ შემთხვევაში შემცირდება, თუ ევროპაში უმუშევრობის დონე აიწევს.  

რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით კი, ორნიშნა ინფლაცია 2023 წლის თებერვლის ბოლომდე შენარჩუნდება, შემდეგ კი, მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს თანდათან დაუბრუნდება. რა იწვევს მაღალ ინფლაციასა და მზარდ ფასებს, საქართველოს ბაზარზე? ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, წლიური ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ ფაქტორად რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოსულ მიგრანტებს უკავშირებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებას, ეკონომიკისა და საფინანსო სფეროს სპეციალისტები ნაწილობრივ ეთანხმებიან და ორნიშნა ინლაციის გამომწვევ სხვა ფაქტორებსაც ასახელებენ.  Europetime-თან ინტერვიუში, ეკონომიკის დოქტორი, ლია ელიავა მზარდი ინფლაციის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. „პირველი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი და რადგან იქ არის მაღალი ინფლაცია, ბუნებრივია, საქართველოში განხორციელებულ იმპორტზე აისახება. მეორე ფაქტორია, გაურკვევლობა ადგილობრივ მეწარმეებს შორის, რომლებიც ამ პირობებში ცდილობენ თავისი ფინანსების მომავალი დანაკარგებისაგან დაზღვევას და აძვირებენ სამომხმარებლო პროდუქციას“, - აცხადებს ელიავა. ამასთან, ელიავა, 2022 წელს ინფლაციაში ლარის კურსის ფაქტორს გამორიცხავს. „ლარის მერყევი კურსი, რომელიც ყოველთვის იყო ინფლაციის მამოძრავებელი, ახლა გამოირიცხება. უცხოეთიდან, კერძოდ რუსეთიდან ფულადი გზავნილების ფონზე, ლარი გამყარდა. ამიტომ, ინფლაციაზე გავლენას ძირითადად ის ორი ფაქტორი ახდენს გავლენას, რაც დავასახელე“. მისივე თქმით, ინფლაცია, დღეს მთელ მსოფლიოში მწვავე საკითხია. „ამ პრობლემას ვერ უმკლავდება ვერც ევროპა და ვერც ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა იქ ინფლაციას აქვს კონკრეტული მიზეზი - ესაა ენერგორესურსების პრობლემები“. ეკონომიკის დოქტორი აღნიშნავს, რომ ინფლაცია საკმაოდ მძიმე გამოწვევაა საქართველოს მცირე ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით მოსახლეობისთვის. „ეს იმ ფონზე, როცა  ფასების ზრდას, არ სდევს შემოსავლების ზრდა“, - ამბობს ელიავა.  Europetime-თან ინტერვიუში, ანალიტიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ინფლაციის გამომწვევ მიზეზებში ერთ-ერთი მთავარია საწვავზე არსებული მაღალი ფასები, „რასაც ეროვნული ბანკი ფუნდამენტურ მიზეზად არ ასახელებს“. „საწვავი რომ არ იყოს ასე ძვირი, ვფიქრობ ინფლაცია არ იქნებოდა ორნიშნა. გაძვირებული საწვავი ბევრ სხვა ფაქტორზე ახდენს გავლენას“, - აღნიშნავს შენგელია. ამასთან, ეკონომიკის ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მზარდი ინფლაცია და სასურსათო პროდუქციის გაძვირება, გარკვეულწილად, ბაზარზე გაჩენილმა მოთხოვნამაც განაპირობა. „რუსეთიდან და ბელორუსიდან ჭარბი მიგრაციის ფონზე პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, ჩვენ წარმოება არ გვაქვს და შესაბამისად იმპორტია გაზრდილი. გაძვირებულია ნედლეული და სურსათი, რაც მეტწილად უცხოეთიდან შემოდის. ჩვენს პირველ სავაჭრო პარტნიორ თურქეთში ინფლაცია 83%-ს გადასცდა, ხოლო რუსეთში, რომელიც ჩვენი სავაჭრო პარტნიორების სამეულშია, ინფლაცია 14-15%-ის ფარგლებშია. რა თქმა უნდა, წნეხს საქართველოში, ინფლაციაზე ესეც აძლიერებს“, - აღნიშნავს შენგელია. მისივე თქმით, თუ ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია შენარჩუნდა, „ვითარება დამძიმდება, რადგან, ჩნდება სოციალური აფეთქების საფრთხე“. ეკონომიკის დოქტორი, არსებული ვითარებიდან ერთ-ერთ გამოსავალს ადგილობრივი წარმოების ზრდაში ხედავს, „რასაც სესხებზე, მაღალი საპროცენტო განაკვეთი აფერხებს“. „იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის მიზეზი არაა მონეტარული ფაქტორები, ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი სულ მცირე 3%-ით მაინც უნდა დასწიოს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას“, - აღნიშნავს შენგელია. როგორ იცვლებოდა ინფლაცია 2022 წელს თვეების მიხედვით, საქსტატის მონაცემები ასეთია: იანვარი - 13,9%; თებერვალი - 13,7%; მარტი - 11,8%; აპრილი - 12,8%; მაისი - 13,3%; ივნისი - 12,8%; ივლისი - 11,5%; აგვისტო - 10,9%; სექტემბერი - 11,5%; საქსტატის მონაცემებით, სექტემბრის ინფლაციაში 17,6%-ით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები პირველია. შემდეგ ყველაზე მეტად, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურება გაძვირდა - 15,7%. შემდეგ ტრანსპორტი - 14,1%, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 12.2%. რა გავლენას მოახდენს თურქეთის მზარდი ინფლაცია საქართველოს ბაზარზე