ორი დღეა, რაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით „ფსიქოლოგიურ ნიშნულს“ ჩამოცდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 17 მაისს 2,97 ლარი, ხოლო 18 მაისს 2,96 ლარი შეადგინა. დღეს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობისას ლარმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და აშშ დოლართან მიმართებით 2,93 ნიშნულზე დაფიქსირდა. დღეს კი 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით 2.9442 ლარი გახდა.
რა არის ლარის გამყარების ძირითადი ფაქტორები?
Europetime-თან კომენტარში, ანალიტიკოსმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა ნიკა შენგელიამ ლარის გამყარების რამდენიმე ფაქტორი დაასახელა.
„აქ ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია ექსპორტიდან შემოსული თანხა. ბოლო მაჩვენებლებით, საქართველოდან ექსპორტი გაზრდილია და უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მიუხედავად, ქვეყანაში სავალუტო ნაკადების შემოდინებამ მოიმატა“, - აცხადებს შენგელია.
საქსტატის მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი გაზრდილია. 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5,252 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.4 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 1,587 მლრდ აშშ დოლარი იყო (32.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3,665 მლრდ აშშ დოლარი (33.7 პროცენტით მეტი).უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აპრილში 2,077 მლრდ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტი შეადგინა.
ნიკა შენგელიას შეფასებით, ლარის გამყარებაში დიდი როლი აქვს ფულად გზავნილებს. „აპრილში, საქართველოში ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. სწორედ ამან გააჩინა ლარზე მოთხოვნა. ფინანსურად რთულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას, უცხოეთში მყოფი ოჯახის წევრები ვალუტას უგზავნიან, რაც ბაზარზე კონვერტირდება და ლარზე მოთხოვნას ზრდის, რაც გაცვლით კურსზე აისახება“.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში $308,104 მლნ გადმოირიცხა, აქედან $132, 979 მლნ რუსეთზე მოდის. მარტში უცხოეთიდან ფულადი გზავნილებით $193 065 მილიონი შემოვიდა, მაშინ რუსეთის წილი $27 001 მლნ იყო.
ანალიტიკოსი, ლარის გამყარების ერთ-ერთ ფაქტორად ეროვნული ბანკის პოლიტიკას ასახელებს. „ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. გამოიტანა გასაყიდად მცირე რაოდენობით სავალუტო რეზერვები, რაც აისახა კურსზე“.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები აპრილში $3 826 440 მილონია, მარტში ეს მაჩვენებელი $4 030 635 იყო. რაც შეეხება ინტერვენციებს, ბანკმა 9 მარტს გამართულ სავალუტო აუქციონზე გატანილი $50 მლნ-დან $39 570 000 გაყიდა.
ცნობილია, რომ სავალუტო ნაკადების ერთ-ერთი წყაროა ტურიზმის სექტორი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა. აპრილში ქვეყანამ ამ სექტორიდან $188,6 მილიონი მიიღო, მარტში კი $174,5 მილიონი.
რას შეეხება მოკლევადიან პროგნოზს, ანალიტიკოსი Europetime-თან ამბობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი აშშ დოლართან 2,90 ნიშნულზე გამყარდება. „ლარის გამყარება მაშინ გაჩერდება, როცა ეროვნული ბანკი დაიწყებს რეზერვების შევსებას,“- ამბობს ნიკა შენგელია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 10 მარტს ლარი აშშ დოლართან ყველაზე მეტად გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3,40 ლარი შეადგინა. აპრილიდან აშშ დოლართან ლარის გამყარების ტრენდი დაიწყო და ბოლო ორი დღეა რაც 3-ის ნიშნულს ჩამოცდა.