საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით კი, ორნიშნა ინფლაცია 2023 წლის თებერვლის ბოლომდე შენარჩუნდება, შემდეგ კი, მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს თანდათან დაუბრუნდება.
რა იწვევს მაღალ ინფლაციასა და მზარდ ფასებს, საქართველოს ბაზარზე?
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, წლიური ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ ფაქტორად რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოსულ მიგრანტებს უკავშირებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებას, ეკონომიკისა და საფინანსო სფეროს სპეციალისტები ნაწილობრივ ეთანხმებიან და ორნიშნა ინლაციის გამომწვევ სხვა ფაქტორებსაც ასახელებენ.
Europetime-თან ინტერვიუში, ეკონომიკის დოქტორი, ლია ელიავა მზარდი ინფლაციის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.
- „პირველი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი და რადგან იქ არის მაღალი ინფლაცია, ბუნებრივია, საქართველოში განხორციელებულ იმპორტზე აისახება. მეორე ფაქტორია, გაურკვევლობა ადგილობრივ მეწარმეებს შორის, რომლებიც ამ პირობებში ცდილობენ თავისი ფინანსების მომავალი დანაკარგებისაგან დაზღვევას და აძვირებენ სამომხმარებლო პროდუქციას“, - აცხადებს ელიავა.
ამასთან, ელიავა, 2022 წელს ინფლაციაში ლარის კურსის ფაქტორს გამორიცხავს.
„ლარის მერყევი კურსი, რომელიც ყოველთვის იყო ინფლაციის მამოძრავებელი, ახლა გამოირიცხება. უცხოეთიდან, კერძოდ რუსეთიდან ფულადი გზავნილების ფონზე, ლარი გამყარდა. ამიტომ, ინფლაციაზე გავლენას ძირითადად ის ორი ფაქტორი ახდენს გავლენას, რაც დავასახელე“.
მისივე თქმით, ინფლაცია, დღეს მთელ მსოფლიოში მწვავე საკითხია.
„ამ პრობლემას ვერ უმკლავდება ვერც ევროპა და ვერც ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა იქ ინფლაციას აქვს კონკრეტული მიზეზი - ესაა ენერგორესურსების პრობლემები“.
ეკონომიკის დოქტორი აღნიშნავს, რომ ინფლაცია საკმაოდ მძიმე გამოწვევაა საქართველოს მცირე ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით მოსახლეობისთვის.
„ეს იმ ფონზე, როცა ფასების ზრდას, არ სდევს შემოსავლების ზრდა“, - ამბობს ელიავა.
Europetime-თან ინტერვიუში, ანალიტიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ინფლაციის გამომწვევ მიზეზებში ერთ-ერთი მთავარია საწვავზე არსებული მაღალი ფასები, „რასაც ეროვნული ბანკი ფუნდამენტურ მიზეზად არ ასახელებს“.
- „საწვავი რომ არ იყოს ასე ძვირი, ვფიქრობ ინფლაცია არ იქნებოდა ორნიშნა. გაძვირებული საწვავი ბევრ სხვა ფაქტორზე ახდენს გავლენას“, - აღნიშნავს შენგელია.
ამასთან, ეკონომიკის ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მზარდი ინფლაცია და სასურსათო პროდუქციის გაძვირება, გარკვეულწილად, ბაზარზე გაჩენილმა მოთხოვნამაც განაპირობა.
„რუსეთიდან და ბელორუსიდან ჭარბი მიგრაციის ფონზე პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, ჩვენ წარმოება არ გვაქვს და შესაბამისად იმპორტია გაზრდილი. გაძვირებულია ნედლეული და სურსათი, რაც მეტწილად უცხოეთიდან შემოდის. ჩვენს პირველ სავაჭრო პარტნიორ თურქეთში ინფლაცია 83%-ს გადასცდა, ხოლო რუსეთში, რომელიც ჩვენი სავაჭრო პარტნიორების სამეულშია, ინფლაცია 14-15%-ის ფარგლებშია. რა თქმა უნდა, წნეხს საქართველოში, ინფლაციაზე ესეც აძლიერებს“, - აღნიშნავს შენგელია.
მისივე თქმით, თუ ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია შენარჩუნდა, „ვითარება დამძიმდება, რადგან, ჩნდება სოციალური აფეთქების საფრთხე“.
ეკონომიკის დოქტორი, არსებული ვითარებიდან ერთ-ერთ გამოსავალს ადგილობრივი წარმოების ზრდაში ხედავს, „რასაც სესხებზე, მაღალი საპროცენტო განაკვეთი აფერხებს“.
„იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის მიზეზი არაა მონეტარული ფაქტორები, ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი სულ მცირე 3%-ით მაინც უნდა დასწიოს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას“, - აღნიშნავს შენგელია.
როგორ იცვლებოდა ინფლაცია 2022 წელს თვეების მიხედვით, საქსტატის მონაცემები ასეთია:
- იანვარი - 13,9%;
- თებერვალი - 13,7%;
- მარტი - 11,8%;
- აპრილი - 12,8%;
- მაისი - 13,3%;
- ივნისი - 12,8%;
- ივლისი - 11,5%;
- აგვისტო - 10,9%;
- სექტემბერი - 11,5%;
საქსტატის მონაცემებით, სექტემბრის ინფლაციაში 17,6%-ით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები პირველია. შემდეგ ყველაზე მეტად, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურება გაძვირდა - 15,7%. შემდეგ ტრანსპორტი - 14,1%, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 12.2%.