თეგი: ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია პეკინში ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარდგა

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარდგა. საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ქვეყნის დროშით მოუძღოდნენ სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი. ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები გახსნილად ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოაცხადა. ზამთრის ოლიმპიადის გახსნას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოცამდე ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ.   ინფორმაციისთვის ჩინეთის ხელისუფლების მიერ უმცირესობების უფლებების დარღვევის გამო, ოლიმპიადას ბოიკოტი აშშ-მ, ავსტრალიამ, ბრიტანეთმა, გერმანიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა გამოუცხადეს.

IOC-მ ცალკეული რუსი და ბელორუსი სპორტსმენებისთვის ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის რეკომენდაცია გასცა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, რომ ცალკეულ რუს და ბელორუს სპორტსმენებს ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება მიეცეთ. მომავალ წელს პარიზის ოლიმპიადასთან და 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, IOC-მა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას „შესაფერის დროს" მიიღებს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება მხოლოდ ცალკეულ სპორტსმენებზე და არა გუნდებზე. IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ ასევე განუცხადა საერთაშორისო ფედერაციებს და ღონისძიების ორგანიზატორებს, რომ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას ვერ შეძლებენ სპორტსმენები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინაში ომს, და სპორტსმენები, რომლებსაც კონტრაქტი აკავშირებთ რუსულ ან ბელორუსულ არმიებთან. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რომლებიც მათ საერთაშორისო შეჯიბრებებში საკუთარი სიმბოლიკით მონაწილეობას უკრძალავენ, ძალაში უნდა დარჩეს.  

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობა შეაჩერა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსეთის ოკიმპიური კომიტეტის საქმიანობა შეაჩერა. განცხადებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს. ხსენებული გადაწყვეტილება რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ თავის შემადგენლობაში ე.წ. “სპორტული ორგანიზაციების” მიღებას უკავშირება, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში მდებარეობენ. „ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა 2023 წლის 5 ოქტომბერს მიიღო, საკუთარ შემადგენლობაში რეგიონალური სპორტული ორგანიზაციების მიღების შესახებ, რომლებიც უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მმართველობაში იმყოფებიან (კონკრეტულად კი დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების), წარმოადგენს ოლიმპიური ქარტიის დარღვევას, ვინაიდან უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად არის აღიარებული,”- წერია განცხადებაში. გადაწყვეტილება დაუყონებლივ შედის ძალაში. გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს აღარ აქვს უფლება, იმოქმედოს როგორც ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (როგორც ეს ოლიმპიურ ქარტიაში არის განსაზღვრული) და ოლიმპიური მოძრაობისგან არანაირი დაფინანსების მიღება არ შეუძლია.