თეგი: პოლიციელი
სპეციალური საგამოძიებო სამსახური: წყნეთში პოლიციელმა, სავარაუდო დანაშაულში მხილებული ახალგაზრდა კაცი შებოჭა, რა დროსაც, იარაღი გაუვარდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, წყნეთში, შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას პოლიციელმა, სავარაუდო დანაშაულში მხილებული ახალგაზრდა კაცი შებოჭა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება მოჰყვა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “გუშინ, წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი. საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას მათ დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ჩაატარა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები. გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, ინციდენტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეები და მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები, ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი, რის შემდეგაც ჩვენს მიერ დაკავებულ იქნა პოლიციის დეტექტივი. ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად ინიშნება სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები”, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
თბილისის მეტროში არასრუწლოვან შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს
მეტროში, არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 12 ნაფიცი მსაჯულიდან 8-მ ნუკრი ბაქრაძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა. სასჯელის სახედ და ზომად მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ცნობისათვის, 23 იანვარს, მეტროსადგურ „ისანში“ არასრულწოვანთან მიმართებაში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პატრულ-ინსპექტორი - ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს. ბაქრაძეს ბრალად ედებოდა არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კახა ბაკაშვილს კი, სასამართლომ ბაკაშვილი ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად ერთი წელი დაუდგინდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ბაკაშვილი მისი მეწყვილე პატრულ-ინსპექტორის მიერ შშმ პირის ცემის მომენტში ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა გავრცელებული ცნობებით, ინციდენტში არ ჩარეულა და ძალადობის შეჩერება არ უცდია. კახა ბაკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან დაახლოებით, ერთი თვის წინ გათავისუფლდა. გამოძიებასთან ითანამშრომლა და ბრალი აღიარა.
თურქეთის საზღვარზე ბულგარელი პოლიციელი მოკლეს
ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთის საზღვარზე ბულგარელი პოლიციელი მოკლეს. დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლისა და ჯარისკაცის მისამართით, რომლებიც სოფელ გოლიამ დერვენტის მახლობლად პატრულირებდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა. ოფიციალური პირების თქმით, სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც არ დაშავებულა, საპასუხო ცეცხლი გახსნა. „ეს არის კრიმინალური ქმედება, უკიდურესი აგრესია... ეს არის პირველი თავდასხმა ცეცხლსასროლი იარაღით, მიგრანტების მიერ", - განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა ივან დერმენჯიევმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა. „ამიერიდან, ჩვენ უკომპრომისო ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენი ოფიცრების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, თურქულმა მხარემ თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ბულგარეთმა 350-მდე ჯარისკაცი განალაგა თურქეთთან და საბერძნეთთან სამხრეთ საზღვარზე, რათა დაეხმაროს სასაზღვრო პოლიციას მიგრანტების მზარდ ნაკადთან ბრძოლაში.
თბილისში შსს-ს თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური დეტალებს ავრცელებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური თბილისში შსს-ს თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ა. შ.-ს განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს. „ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2023 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი თანამშრომლის - გ. მ.-ს საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ თავად გ.მ. და მისი მეგობრები: შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი - ა. შ. და დ. ლ. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.მ. იქცეოდა არაადეკვატურად, საუბრობდა გაუცნობიერებელად და სტუმრების მიმართ გახდა აგრესიული, რა დროსაც გ. მ.-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ა. შ.-ს მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ა. შ. ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული ადგილზე დააკავეს. ვინაიდან ბრალდებული გ.მ. დანაშაულის ჩადენის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში იმყოფებოდა, საქმე გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. საქმეზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; ამოღებული იქნა გამოძიებისთვის საინტერესო სხვადასხვა ნივთები, მათ შორის: დანაშაულის იარაღი, ვაზნები, მასრები, ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები, პირადი ნივთები და სხვა; აღებულია ბიოლოგიური მასალის და სხვადასხვა სახის საკვლევი ნიმუში; ამოღებულ საგნებზე დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზა, ხოლო გარდაცვლილის გვამზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოიკითხა შემთხვევის შემსწრე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები; გამოძიებისთვის საინტერესო ლოკაციებზე ჩატარდა დათვალიერება და მიმდინარეობს საქმისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოკამერების შესწავლა; სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის მკვლელობისთვის დაკავებულ სამართალდამცველს ბრალი წარედგინა
პროკურატურამ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის დაკავებულ თანამშრომელს, გიორგი მღებრიშვილს ბრალი წარუდგინა. თბილისში შსს-ს თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური დეტალებს ავრცელებს პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება სასამართლოს დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. „საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, იძულების, მუქარის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 იანვარს, ქ. თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ.მ.-მ, ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან იმავე ბინაში მყოფ ა.შ.-ს ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, ხოლო დ.ლ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთ დაზარალებულს ა.შ.-ს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“,- აღნიშნულია განცხადებაში.