თეგი: რეექსპორტი
უკრაინის დაზვერვა: მოსკოვი რუსული პროდუქციის რეექსპორტზე, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, მოსკოვი ცდილობს, სხვა ქვეყნების საშუალებით, სანქციების გავლენა შეამციროს და საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. „უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი გეგმავს ОДКБ-ს ქვეყნების (ბელორუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) გამოყენებით აწარმოოს სამხედრო პროდუქცია რუსეთის არმიისთვის და ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, რომელთა შესაქმნელადაც საჭიროა უცხოეთიდან შემოტანილი ნაწილები. ამ გზით რუსეთი გაზრდის ამ ქვეყნების ეკონომიკურ დამოკიდებულებას, რაც კრემლის ინტერესებშია, - აღნიშნულია განცხადებაში. მისივე თანახმად, სომხეთი ხელსაყრელ პირობებს უქმნის რუსულ ბიზნეს კომპანიებს, პირველ რიგში, IT სექტორში. რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ, დაახლოებით რუსეთის 85 ათასი მოქალაქე და 113 IT კომპანია ჩავიდა სომხეთში. ამასთან, რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთის ტერიტორიაზე ათასამდე კერძო საწარმო და 250-ზე მეტი შპს შექმნეს, რომლებიც გადასახადებს ორი ქვეყნის, სომხეთის და რუსეთის ბიუჯეტში გადაიხდიან. უკრაინული დაზვერვის ცნობით, საჰაერო თავდაცვის საშუალებების წამყვანი მწარმოებელი ულიანოვსკის მექანიკური ქარხანა გერმანულ ნაწილებს იღებს და ამ პროცესში ჩართულია ყაზახეთი. უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი გერმანულ პროდუქციას ბუკის ტიპის საჰაეროს თავდაცვის სისტემების და საზენიტო სარაკეტო დანადგარების წამოებისა და მოდერნიზაციისთვის იყენებდა. ამ პროდუქციის მიწოდება გაზრდილი სანქციების პირობებში შეუძლებელი გახდა. ამ განცხადების ადრესატები უკრაინული დაზვერვის ინფორმაციას ჯერ არ გამოხმაურებიან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოდან დასანქცირებული პროდუქტის რეექსპორტი გამორიცხულია
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია ჰაბის როლი შეასრულოს რეგიონში, რაზეც ბოლო დროს განვითარებული რეექსპორტის ტენდენცია მიუთითებს. „არამხოლოდ რუსეთსა და სომხეთში, რეექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებითაც გაზრდილია. ექსპორტთან ერთად, რეექსპორტიც მნიშვნელოვნად გაზრდილია. ეს ერთ რამეზე მიუთითებს - საქართველოს ეკონომიკური კუთხით ყოველთვის შეეძლო დამაკავშირებელი როლის შესრულება. როცა საქართველოს ეკონომიკურ ფუნქციაზეა ვსაუბრობთ, საქართველოს შეუძლია ჰაბის როლი შეასრულოს რეგიონში, შესაბამისად, ექსპორტის და რეექსპორტის ოპერაციები არის ზუსტად ამ ჰაბის ფუნქციის ნაწილი. ასე ხდება ისეთ ეკონომიკებში, რომლებსაც აქვთ გარკვეული დამაკავშირებელი როლი რეგიონში და საქართველოს აქვს ბუნებრივი უპირატესობა, რომ ეს როლი შეასრულოს. ეს არის დამატებითი შემოსავალი ჩვენს ეკონომიკაში. დარწმუნებული ვარ, საქართველო კიდევ უფრო ძლიერად შეასრულებს ამ ფუნქციას, იქნება ჰაბი. ამისთვის ბევრი რამაა საჭირო. გვჭირდება უფრო მეტად ადეკვატური სტრუქტურა, კომპეტენციები, რაც ეტაპობრივად იზრდება ქვეყანაში, რომ მეტი რეექსპორტი, მეტი პროდუქციის დასაწყობება და გადამისამართება მოახდინოს საქართველომ და არამხოლოდ ადგილობრივი წარმოების ექსპორტზე გვქონდეს ორიენტირება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკისა და ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ მათ შორის, რეექსპორტის ოპერაციებისთვისაც“, - განაცახდა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში სანქციების გვერდის ავლით ტვირთების რეექსპორტი გამორიცხულია. „თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ აქ შეიძლება რაიმე ტიპის სანქციების გვერდის ავლას ჰქონდეს ადგილი, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ჩვენი საბაჟო ოპერაციები არის ტრანსფარენტული, გახსნილი, კონტროლის სისტემები, რომელიც დღეს საქართველოს გააჩნია, არის აღიარებული საუკეთესო პრაქტიკად საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. გამორიცხულია რაიმე ტიპის გვერდის ავლაზე ან დასანქცირებული პროდუქტის რეექსპორტზე საუბარი“, - აღნიშნა დავითაშვილმა.