თეგი: საარჩევნო კოდექსი
საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით შეიქმნა, პირველი შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის მიზანია ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების შესაბამისად მოამზადოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები.„შეხვედრაზე წარმოვადგინეთ დოკუმენტი, რომელიც ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მიერ. ამ დოკუმენტში წარმოდგენილი იყო ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის 18 რეკომენდაცია და ასევე, ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანოს GRECO-ს 6 რეკომენდაცია, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაცია იყო, რომ ისინი ნაწილობრივ შესრულებას საჭიროებენ. დეტალური განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ამ რეკომენდაციათა საკმაოდ დიდი ნაწილი შესრულებულია და გამომდინარე იქედან, რომ GRECO-ს ბოლო შეფასება ქართული კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებული აქვს 2018 წელს, შეიძლება მათ არ აქვთ ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელს ვთხოვე, რომ იქნება პროაქტიულად მოხდეს მათი სამსახურიდან შესაბამისი დოკუმენტის გაგზავნა GRECO-ში, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები დღეის მდგომარეობით რამდენად შესრულებულია. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის 18 რეკომენდაცია. ეს რეკომენდაციები სხვადასხვა საკითხებს ეხებოდა. დღეს სიღრმისეულად არ შევსულვართ ამ რეკომენდაციების განხილვაში გამომდინარე იქედან, რომ შეხვედრის მონაწილეებმა ითხოვეს გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ მათ თავიანთი არგუმენტირებული პოზიციები წარმოადგინონ, თუმცა გვქონდა ზოგადი ხასიათის განხილვა. გამოიკვეთა, რომ რიგი საკითხები შესრულებულია, რიგი საკითხები საკმაოდ მარტივად შესასრულებელია და რიგ საკითხების დამატებითი განხილვა და პოზიციების შეთანხმება სჭირდება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.მისი თქმით, 25 აგვისტოს მეორე სამუშაო შეხვედრა შედგება, სადაც ჯგუფის წევრების მიერ წარმოდგენილი ყველა პოზიციის დეტალური განხილვა მოხდება, რის შემდეგაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობას დაიწყებს.გივი მიქანაძის განცხადებით, 10-11 სექტემბრისთვის ცვლილებების პაკეტი უკვე მზად იქნება და სავარაუდოდ, 15 სექტემბრისთვის სამუშაო ჯგუფი პირველ მოსმენით განხილვამდე დასკვნით შეხვედრას გამართავს.სამუშაო ჯგუფში შედის: საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან - „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“, ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“. ჯგუფის საქმიანობაში, ასევე, მონაწილეობენ: ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლები.
ნიკოლოზ სიმონიშვილმა საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სიმონიშვილმა საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის სხდომა დატოვა. როგორც სიმონიშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუღებელია გააგრძელოს იმ შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც ხელისუფლება ვინმეს არ უშვებს. კითხვაზე, დაესწრება თუ არა ამ სამუშაო ჯგუფის შემდეგ შეხვედრებს, სიმონიშვილი ამბობს, რომ კოლეგებთან კონსულტაციას გაივლის. „პლატფორმის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საია-ს და „სამართლიანი არჩევნების“ ამ ჯგუფში წარმოდგენასთან დაკავშირებით და მმართველი გუნდი ამ ყველაფერს უბრალოდ არ ეთანხმება. არ სურს იხილოს ამ ჯგუფში „სამართლიანი არჩევნები“, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს საარჩევნო პროცესის დაკვირვებისა. შეხვედრაზე მოვისმინეთ, რომ „სამართლიან არჩევნებს“ აქვს გაკეთებული განცხადება, რომლის გამოც, არ დაუშვებენ ამ ჯგუფში. ვიტყოდი, რომ ეს არის ცალსახად დისკრიმინაციული გადაწყვეტილება. ისფედ-მა გამოხატა თავისი სურვილი, მონაწილეობა მიეღო აიამ პროცესში და ეს მიუთითებდა, რომ ის მზად იყო თანამშრომლობისთვის, მათ შორის როგორც სახელისუფლებო, ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ვფიქრობ, ასეთი უხეში ჩარევა სამოქალქო სექტორის საქმიანობაში, ასეთი დისკრიმინაციული გადაწყვეტილება არსებითად ზიანს აყენებს იმ პროცესს, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ. ეს არის პირდაპირ უგულებელყოფა ევროკავშირის რეკომენდაციების. ორგანიზაციას, რომელსაც ენდობა ევროკავშირი, უნდობლობას, რომ უცხადებს მმართველი გუნდი და თიშავს პროცესებიდან, ეს არსებითად აზიანებს პროცესს“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში დღეს იმართება, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
პარლამენტის მიერ განხორციელებული რეფორმა საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველ ანალიზს არ ეფუძნება - არასამთავრობოები
არასამთავრობო ორგანიზაციების, მიერ გამოქვეყნებულ, საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების შეფასების დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარლამენტის მიერ განხორციელებული რეფორმა საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველ ანალიზს არ ეფუძნება. „2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის ოფიციალური განაცხადი წარადგინა, ივნისში კი ევროპულმა საბჭომ საქართველოს მთავრობას წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 პირობის დაკმაყოფილება მოსთხოვა. ერთი-ერთი პირობა საარჩევნო საკითხებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უნდა მოეგვარებინა ყველა ის პრობლემა, რაც ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ იყო იდენტიფიცირებული. ამ რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელში მონაწილეობაც საპარლამენტო ძალების ნაწილმა არ მიიღო, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა საპარლამენტო უმრავლესობამ ხელოვნურად შეზღუდა. 2022 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტები, რომლებიც საარჩევნო კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებდა. 10 ოქტომბერს კანონპროექტები პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნა და მოსაზრებების დაჩქარებული წესით მომზადება სთხოვა. 19 დეკემბერს ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა გაგზავნილი კანონპროექტების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნეს. პარლამენტმა ამ რეკომენდაციების საფუძველზე კანონპროექტებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, რომლებიც საბოლოოდ 22 დეკემბერს მესამე მოსმენით იქნა მიღებული. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ იდენტიფიცირებულ რიგ პრობლემებს პასუხობს, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, ამ ცვლილებებით სრულად არ იქნა გათვალისწინებული ყველა არსებითი ხასიათის რეკომენდაცია, მათ შორის, არ აისახა იმ რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი, რომელიც ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა 2022 წლის დეკემბერში წარმოადგინეს. მათი ერთობლივი შეფასებით, განხორციელებული რეფორმა საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველ ანალიზს არ ეფუძნება და მხოლოდ ცალკეულ საკითხებს შეეხება“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ამასთან, მათივე შეფასებით, გარკვეული დათქმებით, დადებითად შეიძლება შეფასდეს ისეთი ცვლილებები როგორიცაა: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სავალდებულო სერტიფიცირების შემოღება; საჩივრების/სარჩელების წარდგენისა და განხილვის ზოგიერთი ვადის გახანგრძლივება; გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცესში 4 ამომრჩევლის მარკირების შემოღება; პარტიების წლიური ხარჯებზე დაწესებული ზედა ზღვრის განახევრება; ადგილობრივ არჩევნებზე კანდიდატებისთვის ბინადრობის ცენზის შემცირება; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის დაწესებული ჯარიმის ოდენობის გაზრდა; პროფესიული ნიშნით ასარჩევი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანამდებობრივი შეუთავსებლობის საფუძვლების გაფართოება; შედეგების შემაჯამებელ ოქმში დისბალანსის არსებობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის გახსნის და ხმების გადათვლის იმპერატიული ვალდებულების გაჩენა. „გარდა ამისა, ზოგადად, მისასალმებელია საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რეგულაციები იყოს უფრო ცხადი და ყოვლისმომცველი და რაც შეიძლება ნაკლები საკითხი მიეკუთვნებოდეს ცესკოს დისკრეციას. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის არსებითი ხასიათის რეკომენდაციებიდან, რომლებიც მიღებულ ცვლილებებში საერთოდ არ ასახულა, აღსანიშნავია ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევისა და უფლებამოსილების გახანგრძლივების ნაკლოვანი რეგულაციები, ასევე, პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ჩამორთმევის შესაძლებლობა, რომელიც უსამართლოა და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული განმეორებადი რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო კომისიების ქვედა დონეზე პროფესიული წევრების არჩევას და ამ პროცესის გამჭვირვალობას. ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა ერთობლივ დასკვნაში, ასევე, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიღებული პროექტი ვერ პასუხობდა ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ამომრჩევლის დაშინება, ხმების გადათვლისა და შედეგების გაბათილებისთვის არასაკმარისი კრიტერიუმების არსებობა. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებით, საჭიროა სამომავლოდ განხორციელდეს ყოვლისმომცველი და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმა, რომელიც დაეფუძნება საარჩევნო კანონმდებლობისა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების სრულ და სიღრმისეულ ანალიზს. საარჩევნო რეფორმის დროს მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის როგორც ცალკეულ კანონპროექტებზე დაწერილი დასკვნები, ისე საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების მიერ სხვადასხვა დროს წარმოდგენილი რეკომენდაციები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეფასება სრულად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3DrQ0ZM
ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების შესახებ კანონპროექტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტები, რომლებიც ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. პარლამენტის წევრების, მამუკა მდინარაძის, გივი მიქანაძის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის მიერ წარმოდგენილი პროექტები დეპუტატებს გივი მიქანაძემ გააცნო. „ჩვენ გთავაზობთ ცვლილებებს, რომლითაც პრეზიდენტის ის უფლებამოსილება, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული 52-ე და 53-ე მუხლებით, შენარჩუნებულია, ამიტომ, პრეზიდენტის წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი შერჩევით პროცესში, ცვლილებას გთავაზობთ იმ კონტექსტში, რომ უფრო გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ღია და გამჭვირვალე პროცესების საფუძველზე წარედგინოს ერთი კანდიდატურა, რომლის დამტკიცებისთვისაც აბსოლუტურად ვიზიარებთ არსებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკას და სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ხუთი წლის ვადით მოხდეს ცესკო-ს თავმჯდომარის თუ წევრის არჩევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი არ მოხდება აღნიშნულის განხორციელება, პრეზიდენტს უნარჩუნდება უფლებამოსილება, დანარჩენი წევრობის კანდიდატებისგან შეარჩიოს მისი შეხედულებით ერთ-ერთი და წარუდგინოს პარლამენტს განსახილველად“, – განაცხადა გივი მიქანაძემ. ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი. კანონის პროექტების თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს. ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს კი პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაში გათვალისწინებულია საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის ყოფნა. ამავე პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამის კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას ეყრება. მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ვალდებულებას, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით არსებობს ცესკოს წევრების, მაგრამ არ არსებობს თავმჯდომარის მიმართ. ცვლილების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეც დაექვემდებარება შესაბამის სერტიფიცირებას. „დღეს, საშიშროება, რომ არჩევნების საბოტაჟი განხორციელდეს, იმ კანონმდებლობით, რაც გვაქვს, ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, სწორედ აუცილებლობაა ამ კანონმდებლობის მიღების. პასუხისმგებლობა კონსტიტუციის და მოქალაქეების წინაშე გააჩნია ხელისუფლებას, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერია და რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ და ორგანიზებულად ჩატარებას“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს სამი ივლისის კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას სთხოვს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაცია 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს. ცნობისათვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია. თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა და მას მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი პარლამენტის 33 წევრი წავიდა, რის შემდეგაც კენჭისყრაზე დადგა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი). „სარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის, ნაცვლად პრეზიდენტისა. მისივე მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას. ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები 5 წლის ვადით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან.
სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“ ვეტოს დაადებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“ ვეტოს დაადებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. „დღეს, როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება და როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა ქვეყანაში, საქართველოს პარლამენტმა, მმართველმა უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციასთან. ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და წევრებისა, მიღებული ცვლილებებით, ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული. შეიქმნა რისკი, რომ არჩევნებს ჩაატარებს ერთპარტიული, მიკერძოებული და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს კი გამოიწვევს პროცესის მიმართ უნდობლობას, როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში. როგორც არაერთხელ აქვს ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“, ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს!“, – აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით დღეს მიიღო.