პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს სამი ივლისის კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას სთხოვს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაცია 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს.

ცნობისათვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია.

თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა და მას მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი პარლამენტის 33 წევრი წავიდა, რის შემდეგაც კენჭისყრაზე დადგა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი).

„სარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის, ნაცვლად პრეზიდენტისა.

მისივე მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას. ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები 5 წლის ვადით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან.