„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სიმონიშვილმა საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის სხდომა დატოვა.
როგორც სიმონიშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუღებელია გააგრძელოს იმ შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც ხელისუფლება ვინმეს არ უშვებს. კითხვაზე, დაესწრება თუ არა ამ სამუშაო ჯგუფის შემდეგ შეხვედრებს, სიმონიშვილი ამბობს, რომ კოლეგებთან კონსულტაციას გაივლის.
„პლატფორმის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საია-ს და „სამართლიანი არჩევნების“ ამ ჯგუფში წარმოდგენასთან დაკავშირებით და მმართველი გუნდი ამ ყველაფერს უბრალოდ არ ეთანხმება. არ სურს იხილოს ამ ჯგუფში „სამართლიანი არჩევნები“, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს საარჩევნო პროცესის დაკვირვებისა. შეხვედრაზე მოვისმინეთ, რომ „სამართლიან არჩევნებს“ აქვს გაკეთებული განცხადება, რომლის გამოც, არ დაუშვებენ ამ ჯგუფში. ვიტყოდი, რომ ეს არის ცალსახად დისკრიმინაციული გადაწყვეტილება.
ისფედ-მა გამოხატა თავისი სურვილი, მონაწილეობა მიეღო აიამ პროცესში და ეს მიუთითებდა, რომ ის მზად იყო თანამშრომლობისთვის, მათ შორის როგორც სახელისუფლებო, ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ვფიქრობ, ასეთი უხეში ჩარევა სამოქალქო სექტორის საქმიანობაში, ასეთი დისკრიმინაციული გადაწყვეტილება არსებითად ზიანს აყენებს იმ პროცესს, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ. ეს არის პირდაპირ უგულებელყოფა ევროკავშირის რეკომენდაციების. ორგანიზაციას, რომელსაც ენდობა ევროკავშირი, უნდობლობას, რომ უცხადებს მმართველი გუნდი და თიშავს პროცესებიდან, ეს არსებითად აზიანებს პროცესს“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში დღეს იმართება, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს.