თეგი: საბაჟო პუნქტი
მარგარიტა სიმონიანი: რა საჭიროა სამარცხვინო საბაჟო პუნქტი აფხაზეთში?!
რუსული მედიასაშუალება Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი "რუსეთ-აფხაზეთის საბაჟო-გამშვები პუნქტის" არსებობას, სამარცხვინოდ მიიჩნევს. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი, რუსეთის მილიონობით მოქალაქის ღირსებას შეურაცხყოფს. "გუშინ აფხაზეთში ვიყავი - იქ მედიაცენტრი გავხსენით. ვივახშმეთ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან და ბევრი ვისაუბრეთ. შეუდარებელი, მშვენიერი მიწა, მეგობრული, სტუმართმოყვარე, მზიანი ხალხი. ჩვენი ხალხი. ახლა ისინი ჩვენთან ერთად და ჩვენთვის იბრძვიან. ჰოდა ამიხსენით, რა საჭიროა ეს სამარცხვინო "საზღვარი და საბაჟო პუნქტი", რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ნერვებს უშლის, შეურაცხყოფს ერთის მხრივ, იმ მილიონობით რუსის ღირსებას, ვინც ყოველწლიურად ამ საზღვარს კვეთს, ხოლო მეორეს მხირვ - იმ ჩვენი მოკავშირეებისას, რომლებიც ჩვენს გამო დღეს სისხლს ღვრიან?!“, - აცხადებს სიმონიანი. ასევე წაიკითხეთ: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა.
საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ახალი საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნა
საქართველო-სომხეთის საზღვარზე ახალი საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“ გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „ნინოწმინდის“ საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს, ადგილზე მომუშავე მებაჟე ოფიცრებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ, სომხეთის რესპუბლიკის შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ, რუსტამ ბადასიანმა და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ. „საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე არმან პოღოსიანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, პარტნიორი უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა ახალი საბაჟო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ტრანზიტული ქვეყნის სტატუსი. შესაბამისად, ხელისუფლების ძალისხმევა, მიმართულია რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ურთიერთსასარგებლო, პარტნიორულ თანამშრომლობაზე დამყარებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისკენ. საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, „ნინოწმინდის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოეწყო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი 11 გასასვლელი. გამშვებ პუნქტზე იმუშავებს, დაახლოებით, 70 მებაჟე ოფიცერი. დღე-ღამეში, ორივე მიმართულება მინიმუმ 600-მდე სატვირთო, 3000-მდე მსუბუქი მანქანისა და 8000-მდე მგზავრის გატარებაზეა გათვლილი. ამასთან, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, განახლდა, დაახლოებით, 4000 კვ.მ. ფართობი, ასევე, მოეწყო ახალი მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე ქსელი და აშენდა ავტომობილების დასათვალიერებელი ანგარი. პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანებითი სამუშაოები“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ADB-ის მხარდაჭერით საბაჟო პუნქტი აშენდება
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო პუნქტი აშენდება. ამის შესახებ ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძისა და ADB-ის საერთაშორისო ექსპერტის რადომირ ჯურიჩის შეხვედრის დროს გახდა. შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, აზიის განვითარების ბანკი ამჟამად საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის კონცეფციაზე მუშაობს. მხარეებმა საგუშაგოს მშენებლობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ჯურიჩმა, შეხვედრის მონაწილეებს ობიექტის მოწყობისა და გამართული ფუნქციონირების პირობების შესახებ კონცეფცია წარუდგინა.