თეგი: საგარეო საქმეთა მინისტრი
ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა
ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა. ამასთან, აქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვიცე-პრემიერი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. „პირველ რიგში, მინდა, ბატონ დავითს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. მას აქვს უზარმაზარი გამოცდილება, 30 წელია, ემსახურება ჩვენს ქვეყანას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სხვადასხვა თანამდებობაზე. ამ 30 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მონაწილეობა მიღებული“, - აღნიშნა პრემიერმა. ილია დარჩიაშვილი: 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე, ეკონომიკის ბაკალავრი; 2004 წელს დაამთავრა იმავე უნივერსიტეტი სპეციალობით საბაჟო საქმე, ეკონომიკის მაგისტრი; შემდეგ ჩაირიცხდა გრენობლის ბიზნესის სკოლაში (გრენობლის მენეჯმენტის სკოლა, საფრანგეთი) და 2011 წელს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი გახდა. 2003-2004წწ. მუშაობდა ს/ს ბანკ რესპუბლიკაში ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცრად, 2004-2006წწ. მუშაობდა ს/ს ბანკ "რესპუბლიკის" ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსად; 2006-2012წწ. იყო ს/ს ბანკ "რესპუბლიკის"(ჯგუფი სოსიეტე ჟენერალე) ფილიალის მმართველი; 2012-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში; 2014-2015წწ. იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; 2015 წელს დაინიშნა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად; 2015-2016წწ. იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე; 2016-2017წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, 2017-2021წწ. დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად პოლონეთის რესპუბლიკაში; 2021 წლიდან იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მიღება მიულოცეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ლუქსემბურგში, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მიღების შემდგომ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მოლდოველ კოლეგასთან ნიკუ პოპესკუსთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მინისტრებმა მიულოცეს საქართველოსა და მოლდოვას კითხვარის გადმოცემა და აღნიშნეს ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ორი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მინისტრები შეთანხმდნენ აღნიშნულ პროცესში მჭიდრო კოორდინაციაზე, ასევე საქართველოსა და მოლდოვის შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაზე“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა გამორჩეულად ინტეგრირდეს ევროკავშირში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 26-27 აპრილს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ილია დარჩიაშვილმა და ილჰამ ალიევმა რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო ტრადიციული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პრეზიდენტ ალიევის პირად წვლილს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის გაღრმავებაში. მხარეებმა აღნიშნეს რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამ მხრივ დადებითი შეფასება მისცეს წარმატებით მიმდინარე ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევების ფონზე ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში. მათივე ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, ილია დარჩიაშვილმა პრეზიდენტ ალიევს გადასცა საქართველოს მთავრობის მეთაურის მოკითხვა და სურვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტს უმასპინძლოს საქართველოში.
საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს
საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს შევსებული კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით გაიმართა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილეს. „პრემიერ-მინისტრთან ერთად, დღეს კომისიის ფარგლებში განვიხილეთ კითხვარის მომზადების საკითხი. აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, უზარმაზარი სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც დასამუშავებლად გადმოგვეცა. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, სექტორულ ნაწილს, რომელიც უფრო ტექნიკური და სპეციფიკურია, აღნიშნულ დოკუმენტში არის დაახლოებით 2300 კითხვა. ამ დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას, შესაბამისად, დადგენილი ვადები აღნიშნული დოკუმენტის გაზიარების ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან არის 13 მაისი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აღნიშნული კითხვარის ბოლო, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ მუშაობა და გავუზიაროთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ამასთან, დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კითხვარის სექტორული ნაწილიც დღეს გასაჯაროვდება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ასევე წაიკითხეთ: რა წერია ევროკავშირის კითხვარში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა
29-30 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ვიზიტის მიმდინარეობისას, დღის განმავლობაში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, პარლამენტის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან.„ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ვაჰაგნ ხაჩატურიანთან. სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას მხარეები განიხილავენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას. მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და მთავრობის მეთაურების შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. მხარეებმა მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების პერსპექტივები და ამ მიზნით განსახორციელებელი ქმედებები. ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და სომხეთის პრემიერი მიესალმნენ დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს - 30 წლის იუბილეს და ხაზი გაუსვეს მისი სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობას.
ილია დარჩიაშვილი: ევროპელი პარტნიორების განწყობა ძალიან პოზიტიურია და გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმები დაუფასდება
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობით, კიდევ ერთხელ დაფიქსრიდა, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მინისტერიალის ფარგლებში, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის დროს, საუბრისას მთავარი თემა იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ის მოლოდინები, რომელიც ქვეყანას აქვს კითხვარის შევსების შემდგომ პროცესში. „ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ხელშესახები შედეგები ევროინტეგრაციის გზაზე და მათთან ვისაუბრე, თუ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას და ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორების განწყობა არის ძალიან პოზიტიური და ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ საქართველოს დაუფასდება ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ქვეყანამ გაატარა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 10-12 მაისს მონაწილეობა მიიღო ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში. ილია დარჩიაშვილი მინისტერიალში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობდა. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში