ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა.
ამასთან, აქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვიცე-პრემიერი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.
„პირველ რიგში, მინდა, ბატონ დავითს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. მას აქვს უზარმაზარი გამოცდილება, 30 წელია, ემსახურება ჩვენს ქვეყანას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სხვადასხვა თანამდებობაზე. ამ 30 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მონაწილეობა მიღებული“, - აღნიშნა პრემიერმა.
ილია დარჩიაშვილი:
2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე, ეკონომიკის ბაკალავრი; 2004 წელს დაამთავრა იმავე უნივერსიტეტი სპეციალობით საბაჟო საქმე, ეკონომიკის მაგისტრი; შემდეგ ჩაირიცხდა გრენობლის ბიზნესის სკოლაში (გრენობლის მენეჯმენტის სკოლა, საფრანგეთი) და 2011 წელს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი გახდა.
2003-2004წწ. მუშაობდა ს/ს ბანკ რესპუბლიკაში ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცრად,
2004-2006წწ. მუშაობდა ს/ს ბანკ "რესპუბლიკის" ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსად;
2006-2012წწ. იყო ს/ს ბანკ "რესპუბლიკის"(ჯგუფი სოსიეტე ჟენერალე) ფილიალის მმართველი;
2012-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში;
2014-2015წწ. იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე;
2015 წელს დაინიშნა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად;
2015-2016წწ. იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე;
2016-2017წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი,
2017-2021წწ. დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად პოლონეთის რესპუბლიკაში;
2021 წლიდან იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.