თეგი: სადამკვირვებლო მისია
პრეზიდენტი: მადლობელი ვარ ევროკავშირის მისიის ყველა წევრის. მათ, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერაში საკუთარი წვლილი შეიტანეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შექმნის 14 წლისთავს Twitter-ზე ეხმაურება. „14 წლის წინ, ამ დღეს, ევროკავშირმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შექმნა, რაც საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ ევროპის სოლიდარობისა და ერთგულების გამოხატულება იყო. მადლობელი ვარ მისიის ყველა წევრის, რომლებმაც წლების განმავლობაში, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერაში საკუთარი წვლილი შეიტანეს“, - წერს ზურაბიშვლი სოციალურ ქსელში.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა ანიკენ ჰუიტფელდტმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად დღეს ხურვალეთის რაიონში, საოკუპაციო ხაზის მონაკვეთები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიესალმა საგარეო საქმეთა მინისტრს, თან ახლდა მის დელეგაციას მთელი ვიზიტის განმავლობაში და მიაწოდა თავისი შეხედულებები ადგილზე განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ. ჯერ პატარა ხურვალეთში, შემდეგ კი სოფელ დიდ ხურვალეთში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა საგარეო საქმეთა მინისტრს და მის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია რაიონში უსაფრთხოების ვითარების შესახებ, გაამახვილეს რა ყურადღება „ბორდერიზაციაზე“ და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და ადამიანის სხვა უფლებებზე მის უარყოფით გავლენაზე. დისკუსია შემდგომ შეეხო იმ კონკრეტულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ყოველდღიურ ცხოვრებაში დგას ადმინისტრაციული სასაზღვრის ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა და რომლებიც კიდევ უფრო გართულდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების დახურვით. ამასთან დაკავშირებით, მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა განმარტა, რომ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის ორი პუნქტი, ოძისი და ქარძმანი, ახლა ღიაა 2022 წლის დეკემბრამდე ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე. ეს მოჰყვა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს არაერთგზის მოწოდებას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების სრულად აღდგენის შესახებ. ვიზიტის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა მისი მადლიერება მრავლის მომცემი ვიზიტის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის“, - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისის ინფორმაციაში.
მედია: ევროკავშირი სომხეთში, ახალი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას ორი წლით აპირებს
ევროკავშირი სომხეთში, ახალი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას ერთ თვეში, ამჯერად არა ორი თვით, არამედ სულ მცირე ორი წლით აპირებს. ბორელი: საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სომხეთში დროებით დამხმარე ჯგუფს გაგზავნის „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ცნობით, მისია საქმიანობას სომხეთში 20 თებერვალს დაიწყებს. მედიის ცნობით, დღეს ეს საკითხი ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე განიხილება, საბოლოო გადაწყვეტილება კი, სავარაუდოდ, მომავალ ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება მიღებული. გასულ კვირას ეს პროექტი ევროპის საბჭოს პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო, გუშინ კი მონიტორინგის მისიებში ჩართულმა მთავარმა სტრუქტურამ - სამოქალაქო საქმეთა კრიზისების მართვის კომიტეტმა დაამტკიცა. „გასული წლის ოქტომბერში გაგზავნილი და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განლაგებული 40-კაციანი ჯგუფისგან განსხვავებით, ამჯერად ევროპელი დამკვირვებლები სომხეთის მთელ ტერიტორიაზე პატრულირებენ. როგორც წინა ჯერზე, ამჯერადაც ისინი უიარაღოდ იქნებიან. ახალ მისიაში ორასამდე ევროპელი სპეციალისტი იქნება. მათი პრიორიტეტია ხელი შეუწყონ სომხეთის სასაზღვრო რაიონებსა და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ინციდენტების შემცირებას, რითაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ხელსაყრელი პირობებუ უნდა შეიქმნას“, წერს მედია. ამასთან, ბრიუსელი იმედოვნებს, რომ ერევანი აიღებს პასუხისმგებლობას რუსულ ქვედანაყოფებთან კონტაქტების ან ინციდენტების მართვაზე, ასევე დამკვირვებელთათვის საჭირო იმუნიტეტისა და პრივილეგიების მინიჭებაზე. ბაქომ, წინაგან განსხვავებით, ეს მისია არ დაამტკიცა. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ეს ინიციატივა და განაცხადა, რომ ევროპელებმა ისინი მოატყუეს. ალიევმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი ამ ნაბიჯით არ უწყობს ხელს უსაფრთხოებას, მაგრამ ეჭვქვეშ აყენებს სომხეთთან მოლაპარაკებებს, რომელიც ევროსაბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის ინიციატივით დაიწყო. რამდენიმე თვის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ევროკავშირის მისიის ჩასვლამ არა მხოლოდ ხელი შეუწყო უსაფრთხოებას, არამედ რეალურად დააფიქსირა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული საზღვარი.