თეგი: საზღვაო ფლოტი
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელობამ მზაკვრული რუსული „ტაქტიკის“ გამოყენება დაიწყო - უკრაინის საზღვაო ძალები
„რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელობამაც დაიწყო მზაკვრული რუსული „ტაქტიკის“ გამოყენება, რომელიც 2014 წლიდან არის ცნობილი. კერძოდ, უკრაინული მხარე იუწყება, რომ რუსული ძალები თავიანთ ხომალდებს სამოქალაქო გემებით ფარავენ შავ ზღვაში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ სევასტოპოლთან. ცნობების თანახმად, „სამხედრო კრიმინალებს სავაჭრო ფლოტის ხომალდები სევასტოპოლის მიმართულებით მიჰყავთ. მათ ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა AIS გამორთული აქვთ, რაც იდენტიფიცირების დაფარვის საშულებას იძლევა“. „შედეგად, დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების განადგურებას და ჩვენი მოქალაქეების მკვლელობას „კალიბრის“ საკრუიზო რაკეტებით. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის ფედერაციის ნამდვილ სახეს", - აცხადებენ უკრაინის საზღვაო ძალები. უკრაინული მხარის ცნობით, პირველ ივნისს, შავ ზღვაში ორი რუსული ჩქაროსნული სადესანტო ხომალდი განადგურდა. ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემა (AIS) არის ავტომატური თვალთვალის სისტემა, რომელიც გემებზე გადამცემებს იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად და ოპერაციულად განსხვავებულია, ADS-B სისტემა არის AIS-ის ანალოგი და ასრულებს მსგავს ფუნქციას თვითმფრინავებისთვის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდი შავ ზღვაში ნაღმს დაეჯახა
რუმინეთის საზღვაო ძალების ნაღმტყორცნი შეეჯახა ნაღმს, რომლის განმუხტვასაც ცუდი ამინდის პირობებში ცდილობდა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ აფეთქების შედეგად 75 კაციანი ეკიპაჟი არ დაშავებულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამინისტრომ განაცხადა, რომ გემს შეატყობინეს ნაღმის შესახებ, რომელიც რუმინეთის შავი ზღვის პორტ კონსტანტადან ჩრდილო-აღმოსავლეთით მოძრაობდა. შავ ზღვაში ნაღმები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.
ავსტრალია საზღვაო ძალების ფლოტის რაოდენობას აორმაგებს
ავსტრალია სამეფო საზღვაო ძალების ფლოტის რაოდენობას გააორმაგებს, რისთვისაც მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, დაახლოებით 7,25 მილიარდ დოლარს დახარჯავს. გეგმის თანახმად, ავსტრალია საბრძოლო მზადყოფნის გემების ამჟამინდელ ფლოტს 11-დან 26-მდე გაზრდის, 25 მცირე სამხედრო ხომალდთან ერთად, რათა წვლილი შეიტანოს სამოქალაქო საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებში. „ეს არის ყველაზე დიდი ფლოტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გვექნება,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა. ანალიტიკოსების თქმით, ეს ნაბიჯი ინდო-წყნარ ოკეანეში ჩინეთთან დაძაბულობის გაძლიერებაზე მიუთითებს. „ავსტრალია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ საზღვაო ფლოტს ააშენებს ჩინეთის საფრთხის დასაძლევად. ავსტრალია გააორმაგებს თავისი საზღვაო ფლოტის ზომას დამატებითი 11,1 მილიარდი ავსტრალიური დოლარის (7,2 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციით, რათა მოერგოს ჩინეთის სამხედრო გაძლიერებას წყნარი ოკეანის რეგიონში,“ წერს Financial Times.