ავსტრალია საზღვაო ძალების ფლოტის რაოდენობას აორმაგებს

ავსტრალია სამეფო საზღვაო ძალების ფლოტის რაოდენობას გააორმაგებს, რისთვისაც მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, დაახლოებით 7,25 მილიარდ დოლარს დახარჯავს.

გეგმის თანახმად, ავსტრალია საბრძოლო მზადყოფნის გემების ამჟამინდელ ფლოტს 11-დან 26-მდე გაზრდის, 25 მცირე სამხედრო ხომალდთან ერთად, რათა წვლილი შეიტანოს სამოქალაქო საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებში.

„ეს არის ყველაზე დიდი ფლოტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გვექნება,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა.

ანალიტიკოსების თქმით, ეს ნაბიჯი ინდო-წყნარ ოკეანეში ჩინეთთან დაძაბულობის გაძლიერებაზე მიუთითებს.

„ავსტრალია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ საზღვაო ფლოტს ააშენებს ჩინეთის საფრთხის დასაძლევად. ავსტრალია გააორმაგებს თავისი საზღვაო ფლოტის ზომას დამატებითი 11,1 მილიარდი ავსტრალიური დოლარის (7,2 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციით, რათა მოერგოს ჩინეთის სამხედრო გაძლიერებას წყნარი ოკეანის რეგიონში,“ წერს Financial Times.