თეგი: სამოქალაქო საზოგადოება

სამოქალაქო საზოგადოებამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი მომდევნო 10 ნაბიჯი წარადგინა

სამოქალაქო საზოგადოებამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი მომდევნო 10 ნაბიჯი წარადგინა. ამის შესახებ ინიციატივაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. როგორც ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, განაცხადის გაკეთების შემდეგ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. „საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესი წარმოადგენს ქართველი ხალხის ურყევ ნებას, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით. ამის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წლის 3 მარტს გააკეთა ქვეყნის ევროპის კავშირში გაწევრების განაცხადი. 2022 წლის 10 მარტს საფრანგეთში გამართულ ევროპის კავშირის ლიდერთა სამიტზე ევროკომისიას ეთხოვა, საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით შეფასების მომზადება, რის საფუძველზეც შესაძლოა მას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. მიგვაჩნია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება და წევრობა საქართველოსთვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური სიკეთეების და უსაფრთხოების გაძლიერების წინაპირობებს შექმნის. უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროპეიზაციის პროცესის უპირობო მნიშვნელობა აჩვენა, არა მხოლოდ პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალური განვითარების მნიშვნელობით, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხითაც. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიური განვითარება უნდა გახდეს პოლიტიკური აქტორებისთვის კონსოლიდირების და პოლარიზების დასრულების წინაპირობა. ჩვენ ქვემოთ წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მზად ვართ, უფრო აქტიურად ჩავერთოთ აღნიშნულ პროცესში და საქართველოს ხელისუფლებას ვთავაზობთ გადადგას შემდეგი ნაბიჯები: შეიმუშაოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული სტრატეგია და შექმნას მისი მონიტორინგის ქმედითი მექანიზმი, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი; განახორციელოს 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმებით „მომავლის გზა საქართველოსთვის“[1] (ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება) გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმები; გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველო-ევროპის კავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის[2] დროულად მისაღებად და დაიწყოს მისი ეფექტიანი იმპლემენტაცია; გაწიოს სათანადო დიპლომატიური ძალისხმევა, ევროკომისიის მხრიდან ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის[3] მიღების დასაჩქარებლად; მობილიზება გაუკეთოს შესაბამის ადამიანურ, ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს (მათ შორის შექმნას შესაბამისი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი და/ან შესაბამისი უწყება), რათა მოხდეს კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის დროული და სრულყოფილი შევსება და ევროპის კავშირისთვის წარდგენა; ახალი რეალობის გათვალისწინებით ცვლილებები შეიტანოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულებაში[4], გააქტიუროს და უფრო ეფექტიანი გახადოს მისი მუშაობა, რაც კითხვარზე პასუხების მომზადების პროცესში სამუშაო ჯგუფების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს; გახადოს პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური. ჩამოაყალიბოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სფეროს ექსპერტები და ექნება საკონსულტაციო ორგანოს სტატუსი. საბჭო ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს; განიხილოს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებების, იურიდიულ და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეების, ასევე ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის პოსტების ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაკავების შესაძლებლობა, რათა გაიზარდოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობა; პეტრას ციხის (ასოცირების ტრიო – მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) დეკლარაციის[5] შესაბამისად, ქმედითი ნაბიჯები გადადგას რათა ერთის მხრივ გაძლიერდეს ტრიოს თანამშრომლობის ფორმატი, დარეგულირდეს ურთიერთობები უკრაინასთან და მეორეს მხრივ, ჩამოყალიბდეს ტრიოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი სამიტი; უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესთან დაკავშირებული მოლოდინების მართვა და აწარმოოს შესაბამისი შიდა და საგარეო კომუნიკაცია. ხელმომწერი ორგანიზაციები: ღია საზოგადოების ფონდი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ასოციაცია (ISFED); საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD); უფლებები საქართველო; საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS); მედიის განვითარების ფონდი (MDF); მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის(WEG); მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD); რონდელის ფონდი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); საფარი; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT); თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); სოციალური სამართლიანობის ცენტრი; ლიბერალური აკადემია თბილისი (LAT); დემოკრატიის ინდექსი – საქართველო; მმართველობის მონიტორინგის ცენტრი; სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია”; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP); ღია სივრცე კავკასია (COS); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);სამოქალაქო იდეა; მწვანე ალტერნატივა”,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები არ გაიზიარა - ომბუდსმენის მოადგილე

სამუშაო ჯგუფში, რომელიც სასამართლო რეფორმის განსახორციელებლად შეიქმნა, რეკომენდაციები, რომელიც წარმოდგენილი იყო სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველის აპარატის და აშშ-ის საელჩოს მიერ, არ იქნა გაზიარებული, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ ასოცირების კომიტეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. "ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევებია სასამართლო ხელისუფლებაში, საუბარი შეეხო მედიაში არსებულ გამოწვევებს, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, სხვადასხვა შემზღუდავ რეგულაციებს კანონმდებლობაში და კომუნიკაციების კომისიის არასწორ პრაქტიკას, რომელიც მიგვაჩნია, რომ გამოსასწორებელია, ასევე მედიამფლობელების და გარკვეულ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეებზე - რა თქმა უნდა, ვახსენეთ კარტოგრაფების საქმე, სადაც სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით დევნას. ვახსენეთ რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას საქმე, სხვა გახმაურებული საქმეები, სადაც მიგვაჩნდა, რომ არსებობდა გარკვეული პრობლემები სამართლიანი სასამართლოს პერსპექტივაში," - განაცხადა ბურჯანაძემ.  

ევროკავშირმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის €9-მილიონიანი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

ევროკავშირმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტიც ბიუჯეტი 9 200 000 ევროს შეადგენს. შესაბამის ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა Facebook-ზე ავრცელებს. ვიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, როგორც მმართველობის სფეროს მნიშვნელოვან აქტორებს, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგი მიმართულებით: ლოტი 1: ხელი შეუწყოს ხელსაყრელ საარჩევნო გარემოს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას საქართველოში; ლოტი 2: აღმოფხვრას გენდერული ნიშნით ძალადობა და გაზარდოს გენდერული თანასწორობა საქართველოში; ლოტი 3: ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო ჩართულობას და დემოკრატიულ ზედამხედველობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე; ლოტი 4: ხელი შეუწყოს საქართველოში სურსათის უვნებლობას ადგილობრივ დონეზე საკვების ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირების გზით; ლოტი 5: გააძლიეროს გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა; ლოტი 6: გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველობა და აამაღლოს მოქალაქეთა ცნობიერება სასამართლო რეფორმის შესახებ; ლოტი 7: გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის, დეცენტრალიზაციისა და საჯარო ანგარიშვალდებულების მონიტორინგსა და განხორციელებაში, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე; სრული სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://bit.ly/3T5mv72 , რეფერენსი: EuropeAid/176767/DD/ACT/GE. კონცეფციის წარდგენის ბოლო ვადაა: 24/04/2023, 12:00 (ბრიუსელის დროით)

ელჩი: სამოქალაქო საზოგადოებისადმი ნიდერლანდების მტკიცე მხარდაჭერა გრძელდება

ნიდერლანდების ელჩი მააიკე ვან კოლდამი აცხადებს, რომ საელჩო სამოქალაქო საზოგადოებისადმი მხარდაჭერას განაგრძობს. ელჩი ამ მიზნით, ახალ ინსტიტუტთან ხელმოწერის შესახებ იუწყება. „ჩვენი საელჩოს მტკიცე მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისადმი საქართველოში, გრძელდება, რადგან ისინი უზარმაზარ აქტივს წარმოადგენენ ქვეყნისთვის და ასევე, რეფორმების პროცესში, ყველას საკეთილდღეოდ. მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერე თანამშრომლობის  შეთანხმებას კამრან აფანდიევთან ახალ ინსტიტუტიდან, რომელიც მარნეულში  ახალგაზრდებთან მუშაობს“, - წერს ელჩი Twitter-ზე.  

ამერიკის საელჩო: საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე

ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, დემოკრატიისა და თანასწორობის ადვოკატირებაში მათი საქმიანობის შესახებ მოისმინა. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. „საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველა ქართველის ძალისხმევას ქვეყნის ევროკავშირისკენ მისწრაფებების წინ წასაწევად,“ ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მილერი: ღრმად ვართ შეშფოთებულნი, რომ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას