თეგი: სამუშაო ვიზა
პორტუგალია ექვსთვიანი სამუშაო ვიზების გაცემას იწყებს და საიმიგრაციო კვოტებს ამცირებს
პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანა კატერინა მენდესის განცხადებით, უცხოელები ახალი სამუშაო ვიზით, პორტუგალიაში დარჩენას ექვსი თვე შეძლებენ. „უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის ხელშეწყობისა და მუშახელის დეფიციტის წინააღმდეგ საბრძოლველად, შეიქმნა ახალი ტიპის ვიზა. კერძოდ, ესაა სამუშაოს ძიების ვიზა, რომლითაც უცხოელები პორტუგალიაში შესვლას 180 დღით შეძლებენ“, - განაცხადა მენდესმა. მისი თქმით, მთავრობამ თავისი გადაწყვეტილებით აღმოფხვრა „დიდი ხნის ანაქრონიზმი, როგორიცაა სამუშაო ვიზების გაცემის კვოტირების რეჟიმი“. ახალ ზომები შესულია მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში უცხოელთა შემოსვლის, ყოფნის, გასვლისა და ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივი რეჟიმის ცვლილების შესახებ.
უნგრეთმა სამი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა
უნგრეთის მთავრობამ სომხეთის, საქართველოსა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა. Reuters-ის ცნობით, მთავრობის პრესსპიკერმა ვანდა შონდიმ განაცხადა, რომ ეს ღონისძიება უცხოელი მუშახელის დასაქმების რეგულაციების გამკაცრების მცდელობის ნაწილია, იმ შეშფოთების ფონზე, რომ უცხოელი მუშახელის შემოდინებამ შესაძლოა, უნგრელი თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა შეზღუდოს. მან ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში უცხოელი მუშახელის შემოდინების რეგულირებისკენ მიმართული უფრო ფართო პოლიტიკის პირველ ნაბიჯად შეაფასა. ამავდროულად, უნგრეთში უკვე მომუშავე უცხოელი მოქალაქეები კვლავ შეძლებენ ნებართვების გახანგრძლივებას, ხოლო ახალი წესების ამოქმედებამდე წარდგენილი განაცხადების დამუშავება არსებული პროცედურებით გაგრძელდება.