თეგი: სამხედროები
უცხოური მედია: აზერბაიჯანმა სომხეთს 2021 წელს დაკავებული რვა სამხედრო მოსამსახურე გადასცა
აზერბაიჯანმა სომხეთს 2021 წელს დაკავებული რვა სამხედრო მოსამსახურე გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, გადაცემული სამხედროების ნაწილი 2021 წლის 16 ნოემბერს დააკავეს, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ქალბაჯარის მონაკვეთის გადაკვეთისას. ამასთან, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ამ ნაბიჯის საპასუხოდ, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის პირველი ომის დროს დაღუპული აზერბაიჯანის სამხედროების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და მათი სავარაუდო დაკრძალვის ადგილების შესახებ.
საფრანგეთმა მალიდან საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩართული სამხედროების გაყვანის შესახებ გამოაცხადა
საფრანგეთმა მოკავშირეებთან ერთად მალიდან საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაცია „ტაკუბაში“ ჩართული სამხედროების კოორდინირებული გაყვანა გამოაცხადა. „მალის გარდამავალი ხელისუფლების მხრიდან მრავალრიცხოვანი დაბრკოლებების გამო, კანადა და ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ოპერაცია „ბარხანისა“ და „ტაკუბას“ ფარგლებში მოქმედებენ, მიიჩნევენ, რომ მალიში პოლიტიკური, ოპერატიული და სამართლებრივი პირობები აღარ არის დაკმაყოფილებული ტერორიზმთან ბრძოლაში სამხედრო ჩართულობის ეფექტურად გასაგრძელებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნიგერი დათანხმდა ევროპული ძალების მასპინძლობას, რომლებიც ისლამისტ მებრძოლებს ებრძვიან.
ირაკლი ღარიბაშვილი: არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა ბრძოლის საამაყო მაგალითები არ შექმნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა არ შექმნეს ბრძოლის, შემართების, გმირობის, პროფესიონალიზმის საამაყო მაგალითები. ამის შესახებ მან თავდაცვის ძალების 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. განსაკუთრებულად მინდა ეს დღე მივულოცო თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს - ჩვენს საამაყო ჯარს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგით სამხედროებს, რომლებიც ასრულებენ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს: იცავენ ჩვენს ქვეყანას და მის თავისუფლებას. დიდი პატივი და პატრიოტიზმია, ერთგულად ემსახურო შენს ქვეყანას, იყო მისი ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, ქართული ჯარის ნაწილი. ასევე დიდი სიამაყის განცდაა, შენი წვლილი შეიტანო მის განვითარებასა და გაძლიერებაში. მინდა ყველა სამხედროს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სამსახურისთვის. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ სამხედროებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ვაჟკაცურად იცავდნენ ყველა ფრონტზე, მათ შორის იცავდნენ მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას. თავდაცვის ძალების დღეს მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩვენი ვეტერანების მიმართ, რომლებიც ურთულესი გამოწვევების პირობებში ერთგულად ემსახურნენ ჩვენს ქვეყანას და პირნათლად მოიხადეს თავიანთი ვალი ქვეყნის წინაშე. მინდა ასევე გითხრათ, რომ არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა არ შექმნეს ბრძოლის, შემართების, გმირობის, პროფესიონალიზმის საამაყო მაგალითები", - აღნიშნავს პრემიერი.
მედია: რუსეთში, სამხედრო "კამაზმა" 20 წვევამდელს გადაუარა
რუსეთის, არხანგელსკის ოლქში, სამხედრო "კამაზმა" 20 წვევამდელს გადაუარა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად, დაღუპულია 2 და დაშავებულია 11 წვევამდელი. შემთხვევა ქალაქ მირნიში მოხდა. მომხდარზე სხვა დეტალები, ამ ეტაპზე უცნობია.
რაბათის ციხეზე რეზერვისტებმა ფიცი დადეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადას ახალი ქვედანაყოფი შეემატა. 104-ე ბატალიონი პირველად ჩამოყალიბდა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ რაბათის ციხეზე დადეს. რეზერვში გაწევრიანება მათ ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ რეზერვისტებმა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. რეზერვისტები კაპელანმა მამა იოანემ დალოცა. ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს და თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ეთვლებათ. რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 18 - დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარს შეადგენს.
გერმანია 5000 უკრაინელ სამხედროს მოამზადებს
გერმანია მხარს უჭერს უკრაინას რუსულ ტერორთან ბრძოლაში და უკრაინელი სამხედროების მომზადებას ჰპირდება. 5000 უკრაინელი სამხედროს მომზადება ზაფხულისთვის იგეგმება. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინე ლამბრეხტმა 23 ნოემბერს ბუნდესტაგში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ დღეებში უკრაინის ძალიან სწრაფი მხარდაჭერა, რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო ტერორის ფონზე. Iris-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა უფრო ეფექტიანია და ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს“, - განაცხადა ლამბრეხტმა. ამასთან, ლამბრეხტმა უარყო მისი კრიტიკა გადაწყვეტილების გაჭიანურების, ბუნდესვერის არასაკმარისი შეიარაღებისა და ასევე უკრაინის არასაკმარისი დახმარების გამო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაჭრილი სამხედროები მოინახულა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისი ავრცელებს. ამასთან, ზელენსკიმ მარიინსკის სასახლეში უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა. ცნობისთვის, უკრაინამ 6 დეკემბერს, ქვეყნის შეიარაღებული ძალების დღე აღნიშნა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირად მცველთა მომზადების კურსი გაიარეს
თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელ ცენტრში პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რეინჯერის, კომანდოსა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებიდან შერჩეულმა წარმომადგენლებმა პირადი დაცვის ამოცანების შესასრულებლად ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს. „კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალი საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დასაცავ ობიექტთან ერთად ქვეითად გადაადგილების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის, ავტომობილიდან სროლის, ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენისა და პირველადი დახმარების გაწევის დავალებები შეასრულეს. საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სამხედროებს სიტყვით მიმართა, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნული კურსი სპეციალური ოპერაციების ძალების ორგანიზებით მესამედ ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩემი მინისტრობის პერიოდში არცერთ სამოქალაქო პირს „აიფონი“ საჩუქრად არ მიუღია, მობილურები გადაეცათ ბორჯომში ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილე სამხედროებს - ბურჭულაძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში არცერთ სამოქალაქო პირს სამინისტროში „აიფონი“ საჩუქრად არ მიუღია. ბურჭულაძეს კითხვა დაუსვეს რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული ბრალდებების შესახებ, სადაც საუბარია სამინისტროს ბიუჯეტიდან მობილური ტელეფონების შესყიდვაზე. „ყველა ზღვარს გადასული კამპანიაა. ვნახეთ, რომ კიდევ ამზადებენ ახალ სიუჟეტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში არცერთ სამოქალაქო პირს სამინისტროში iPhone საჩუქრად არ მიუღია. მე ცხოვრებაში არ ვარ iPhone-ის მაღაზიაში ნამყოფი და მაქვს ძველი მოდელი“, – აღნიშნა ბურჭულაძემ. მინისტრის განცხადებით, მობილური ტელეფონები საჩუქრად გადაეცათ ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და რამდენიმე დაჭრილ-დაშავებულ სამხედროს. ჯუანშერ ბურჭულაძემ პასუხი გასცა ალკოჰოლისა და სასაჩუქრე კალათების შეძენასთან დაკავშირებულ ბრალდებასაც და აღნიშნა, რომ ეს საჩუქარი სამინისტრომ დაღუპული გმირების ოჯახებს საახალწლოდ გაუკეთა და აღნიშნულ საკითხზე სიცრუის გავრცელება ამორალური და მიუღებელია. მისი თქმით, აღნიშნული შესყიდვები არის წარმომადგენლობითი ხარჯები. ასევე, მინისტრმა აბსურდი უწოდა წინა რეპორტაჟებში გასულ ინფორმაციას მინისტრის ოჯახის წევრის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არ არის არანაირ რეალობასთან კავშირში.
დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო ტურნირიდან 23 მედლით დაბრუნდნენ
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ში გამართულ „საჰაერო ძალების თამაშებში“ წარმატებით იასპარეზეს. ინფორმაციას საქართველოს თავდავის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს გუნდმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში 23 მედალი მოიპოვა, მათ შორის თერთმეტი ოქრო, რვა ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო. დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური დახვდნენ და წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს. ტურნირისთვის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა. საერთაშორისო ტურნირი აშშ-ში, ლას-ვეგასში მდებარე საჰაერო ბაზაზე ჩატარდა და თავდაცვის სამინისტროს გუნდმა სპორტის ექვს სახეობაში – პარაკალათბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, სროლაში, სირბილში, ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში მიიღო მონაწილეობა. აშშ-ში თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი-დაშავებული მოსამსახურეების კიდევ ერთი გუნდი იმყოფება, რომელიც სან-დიეგოში, საზღვაო ქვეითთა თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. ლიცეუმმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის რვაასამდე დაინტერესებულ მოსწავლეს და მშობელს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაპირველად სტუმრებს ლიცეუმის დირექტორის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი ბექა კელენჯერიძე შეხვდა და ლიცეუმში არსებულ გამორჩეულ სასწავლო გარემოსა და ლიცეუმის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება. კადეტებმა პრეზენტაციის ფორმატში თანატოლებს დეტალურად გააცნეს ლიცეუმში არსებული სასწავლო თუ საცხოვრებელი პირობები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვიზიტორებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ნახეს სასწავლო სივრცე, სიმულაციური კლას-კაბინეტები, სპორტდარბაზი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მიერ მომზადებული სახალისო და მრავალფეროვანი ექსპერიმენტები, ასევე, რობოტექნიკა. ლიცეუმში არსებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს, აშშ-ს, თურქეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო აკადემიებში. ლიცეუმი მოსწავლეთა მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაციას 26 ივნისიდან დაიწყებს და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მიღებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე. ლიცეუმი პანსიონის ტიპის, ავტორიზებული სასწავლო დაწესებულებაა, სადაც მოსწავლეებს უსასყიდლოდ შეუძლიათ მიიღონ მაღალი დონის განათლება. ასევე გაიარონ დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსი და ლიცეუმში არსებული სპეციალური პროგრამების მეშვეობით სწავლა გააგრძელონ არა მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ ისეთი ქვეყნების სამხედრო სასწავლებლებში როგორებიცაა: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი. ლიცეუმში ასწავლიან კვალიფიციური მასწავლებლები და სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებიც აქტიურად იყენებენ სწავლების თანამედროვე მეთოდებს. ლიცეუმს ჰყავს 19 მასწავლებლის ყველაზე მაღალი სტატუსის, მენტორის მქონე მასწავლებლები, ასევე, პროფესორ-მასწავლებლები.