თეგი: სამხედრო სავალდებულო სამსახური

სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება

სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება და ჩნდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩანაწერი – სასულიერო პირი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა. მისი თქმით, არსებული 18 თვის ნაცვლად დღეს არის 12 თვით ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა და ეს შრომა არის ანაზღაურებადი. „ანუ, ადამიანები, ვინც ამ სივრცეში იყვნენ, განურჩევლად რელიგიური კონფესიისა, იქნება ის მართლმადიდებელი, თუ სხვა, გადავადების საფუძვლით, ანუ ამ კონკრეტული კანონით ხდებოდა ადმინისტრირება და ახლა, მოხდება მათი ალტერნატიულ შრომით სამსახურში გადანაცვლება . ანუ, არაფრის შეცვლა ამ კუთხით არ მომხდარა. ალტერნატიული შრომითი სამსახური დღესაც არსებობს და თუ ადამიანი აცხადებს, რომ რწმენის, ან სინდისის გამო ის უარს ამბობს მაგალითად, იარაღის ხელში აღებაზე, ის გაივლის ალტერნატიულ შრომით სამსახურს. მაგალითად, თავშესაფრებში, სანიტრად სამედიცინო დაწესებულებებში და ა.შ“, – განაცხადა გიორგაძემ  საქართველოს პირველი არხთან.    

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5-ათასი ლარი იქნება

„თავდაცვის კოდექსის“ განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს. დღევანდელ სესიაზე ცნობილი გახდა, რომ კანონით ჯარში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი 5-ათასი ლარი იქნება. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირვანდელი ვარიანტით მოსაკრებლის ოდენობა 10-ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რაც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის დროს პროექტიდან ამოიღეს. პარლამენტმა "თავდაცვის კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა მუხლი 5. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის განაკვეთი: 1) სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებული პირისათვის 18 თვით გადავადებისათვის შეადგენს 2000 (ორი ათას) ლარს. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით პირს შეუძლია, ისარგებლოს მხოლოდ ორჯერ, მაგრამ არა უმეტეს 25 წლის ასაკისა. თუ გადავადების უფლების გამოყენება ეწინააღმდეგება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, პირს შეუწყდება გადავადებით სარგებლობის უფლება და გაწვეული იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი არის სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც გადაიხდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობისათვის.