თეგი: სოხუმი
სოხუმში, ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას გააპროტესტებენ
ბიჭვინთის ობიექტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში შაბათს აქცია გაიმართება. საინიციატივო ჯგუფის, #Ҳараҳпицунда-ს თანახმად, მდუმარე მსვლელობას დემონსტრაციის ელემენტებიც ექნება. ასლან ბჟანიას ბიჭვინთის ე.წ. სამთავრობო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის გამო, ადგილობრივი ოპოზიცია დაუპირისპირდა მსვლელობა სოხუმში თავისუფლების მოედანზე მოეწყობა. აქციის ჩატარების ნებართვა ორგანიზატორებმა ქალაქის მერიიდან მიიღეს. ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია ერთხელ უკვე გამართეს. აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში მათი საქციელი ადგილობრივმა ბიზნესმენმა დავით ფილიამ გააკრიტიკა. სოციალურ ქსელებში კი წერდნენ, რომ ახალგაზრდებს ოპოზიცია მანიპულაციის ინსტრუმენტად იყენებს. სალომე ზურაბიშვილი: იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მიიჩნევს, რომ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მიმართ ბუნებრივ გრძნობებს „გარედან ხელოვნურად ამწვავებენ". მისი თქმით, ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა. შეგახსენებთ, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. დოკუმენტს ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში მოეწერა ხელი. შეთანხმებას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ მიერ რატიფიცირება სჭირდება.
ოკუპირებული სოხუმის სკოლებში ანტიტერორისტული შემოწმება ტარდება
გამნაღმველებმა ოკუპირებულ აფხაზეთში, გვიან ღამით სოხუმის რამდენიმე სკოლა შეამოწმეს. ამის შესახებ Ekhokavkaza წერს. მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ. ოკუპირებული აფხაზეთის პორტალის ცნობით, ყველა მშობელმა ვერ შეძლო სიმშვიდის შენარჩუნება და სამშაბათს დილით ბევრმა მშობელმა შვილები სკოლაში არ გაუშვა. „ცენტრალურ სკოლებში რატომღაც მშობლები პანიკას ქმნიან, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს. ყოველთვის უნდა იყოს სიფხიზლე და თუ სპეციალისტები ატარებენ რაიმე სახის პრევენციულ ღონისძიებებს, მაშინ, პირიქით, მათ უნდა დაეხმარონ“, - განმარტა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასტანდა ტარკილმა. ოკუპირებული აფხაზეთის პორტალის ცნობით, დღეს სოხუმის მე-2 სკოლაში სასწავლო განგაში გაიმართება. მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები ტერორისტული საფრთხის შემთხვევაში ქცევის წესებს გაეცნობიან.
სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. შეთანხმების მიუხედავად, „აფხაზურმა გვარდიამ“ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. 1993 წლის 16 სექტემრებს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება „საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს“ ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს. ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.