გამნაღმველებმა ოკუპირებულ აფხაზეთში, გვიან ღამით სოხუმის რამდენიმე სკოლა შეამოწმეს. ამის შესახებ Ekhokavkaza წერს.
მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ.
ოკუპირებული აფხაზეთის პორტალის ცნობით, ყველა მშობელმა ვერ შეძლო სიმშვიდის შენარჩუნება და სამშაბათს დილით ბევრმა მშობელმა შვილები სკოლაში არ გაუშვა.
„ცენტრალურ სკოლებში რატომღაც მშობლები პანიკას ქმნიან, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს. ყოველთვის უნდა იყოს სიფხიზლე და თუ სპეციალისტები ატარებენ რაიმე სახის პრევენციულ ღონისძიებებს, მაშინ, პირიქით, მათ უნდა დაეხმარონ“, - განმარტა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასტანდა ტარკილმა.
ოკუპირებული აფხაზეთის პორტალის ცნობით, დღეს სოხუმის მე-2 სკოლაში სასწავლო განგაში გაიმართება. მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები ტერორისტული საფრთხის შემთხვევაში ქცევის წესებს გაეცნობიან.