ბიჭვინთის ობიექტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში შაბათს აქცია გაიმართება. საინიციატივო ჯგუფის, #Ҳараҳпицунда-ს თანახმად, მდუმარე მსვლელობას დემონსტრაციის ელემენტებიც ექნება.
მსვლელობა სოხუმში თავისუფლების მოედანზე მოეწყობა. აქციის ჩატარების ნებართვა ორგანიზატორებმა ქალაქის მერიიდან მიიღეს.
ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია ერთხელ უკვე გამართეს. აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში მათი საქციელი ადგილობრივმა ბიზნესმენმა დავით ფილიამ გააკრიტიკა. სოციალურ ქსელებში კი წერდნენ, რომ ახალგაზრდებს ოპოზიცია მანიპულაციის ინსტრუმენტად იყენებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მიიჩნევს, რომ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მიმართ ბუნებრივ გრძნობებს „გარედან ხელოვნურად ამწვავებენ". მისი თქმით, ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა.
შეგახსენებთ, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის.
დოკუმენტს ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში მოეწერა ხელი. შეთანხმებას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ მიერ რატიფიცირება სჭირდება.