თეგი: ფაშიზმზე გამარჯვების დღე

საპარლამენტო ოპოზიცია ინიციატივით გამოდის, ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნოს

დეპუტატებმა თეონა აქუბარდიამ, არმაზ ახვლედიანმა, ხათუნა სამნიძემ, გიორგი ვაშაძემ, ტარიელ ნაკაიძემ და პაატა მანჯგალაძემ „შრომის კოდექსში“ ცვლილებები მოამზადეს, რომლებიც უქმე დღედ, 8 მაისის გამოცხადებას გულისხმობს. „საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, სსრკ-ს დაშლის შემდეგაც გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ. გამონაკლისია მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა, სადაც დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროპის (საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ.) მსგავსად, ეს თარიღი 8 მაისს აღინიშნება", - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში. ცვლილებების პროექტში პარლამენტის ბიუროს 18 აპრილის სხდომაზე გავა.  

დღეს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა. აღნიშნული თარიღი, თბილისში, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღინიშნებოდა, თუმცა ადგილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის მერია ვეტერანებს შეკრებას კიკვიძის პარკში სთავაზობს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, კიკვიძის პარკში გეგმავენ მისვლას. ცნობისთვის, 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება, რისკენაც საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებდა, თუმცა მათი ეს პოზიცია არ გაიზიარეს.  

პარლამენტმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, 9 მაისთან დაკავშირებული, კრიტიკის გამომწვევი ფოტო შეცვალა

ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მოსახლეობას საბჭოთა სიმბოლიკის შემცველი ფოტოთი მიულოცა, შემდეგ კი, ეს ფოტო შეცვალა. საუბარია რაიხსტაგის თავზე აღმართული საბჭოთა დროშის ფოტოზე, რომელიც პარლამენტმა 9 მაისის მისალოცად გამოიყენა. პოსტს სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ცნობისთვის, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება საქართველოში 2011 წლიდან აკრძალულია. დღეს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება, სადაც მაყურებლის წინაშე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარსდგება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი გახსნიან. მიღებას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სახელოვნებო სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.  

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერთა ინიციატივას, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნას ითვალისწინებდა

მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის ინიციატივას, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნას ითვალისწინებდა. „შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილეს და კენჭისყრის შედეგით - 20 მომხრე, 4 - წინააღმდეგი, ჩააგდეს. ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში ინიცირებული პროექტი პარლამენტს თეონა აქუბარდიამ გააცნო. აქუბარდიამ განმარტა, რომ რამდენადაც საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის და სურს, ცივილიზებული დასავლეთის სრულფასოვანი წევრი გახდეს, მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისითაც დასავლეთის ქვეყნებთან თანხვედრა არსებობდეს და ფაშიზმზე გამარჯვება საქართველოშიც 8 მაისს აღინიშნოს. აქუბარდიას თქმით, რუსეთში 9 მაისის აღნიშვნა დაცლილია იმ შინაარსისგან, რაც ამ დღეს უნდა ახლდეს და პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის ქცეული. „საქართველოში, ისე როგორც ცივილიზებულ დასავლეთში, ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება საბჭოური მემკვიდრეობისაგან განთავისუფლებისა და დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებთან ერთობის თვალსაზრისით“, - განაცხადა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პროექტის განხილვისას, უმრავლესობის დეპუტატები დაინტერესდნენ, ინიციატორებს ჰქონდათ თუ არა ამ თემაზე ომის ვეტერანებთან ურთიერთობა, იცოდნენ თუ არა ვეტერანების აზრი და რას ეტყოდნენ ადამიანებს, რომლებიც ფაშიზმზე გამარჯვებას სწორედ 9 მაისს აღნიშნავენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საზოგადოებაში დაპირისპირების შეტანისა და საზოგადოების გახლეჩის მცდელობა იყო. „ყველგან მანიპულაციურ დეტალებს ეძებთ იმ მიზნით, რომ ხალხი გახლიჩით“, - მიმართა ოპოზიციას ირაკლი კობახიძემ. საპარლამენტო ოპოზიცია ინიციატივით გამოდის, ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნოს ასევე გაეცანით: ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც 8 მაისს ნაციზმზე გამარჯვების დღედ აცხადებს