თეგი: ფოთი
პროკურატურა ფოთში ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დეტალებს ავრცელებს
საქართველოს პროკურატურამ, ფოთში მომხდარი ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დედას ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 10 თებერვალს, ფოთში, დ.კ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. სამართალდამცველებმა დ.კ. 14 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა) წარედგინა. პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ფოთის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეეფარდა
ფოთის საქალაქო სასამართლომ, ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. „დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე", - განაცხადა ბრალდებულმა. 34 წლის ქალს გამოძიება ახალშობილის განზრახ მკვლელობას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, დედამ განზრახ მოკვლის მიზნით, ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს. ცნობისთვის, ბრალდებულს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. პროკურატურა ფოთში ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დეტალებს ავრცელებს
ფოთში, მეტალურგიულ ქარხანასთან მცხოვრებლებმა აქცია გამართეს
ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანასთან მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ, რადგან ქარხნის გამონაბოლქვი მათ ჯანმრთელობას აზიანებს. „ჩვენი აქციები ისევ გაგრძელდება. გუშინ მოხდა აფეთქება, რომელიც ხშირად მეორდება. გარდა იმისა, რომ გვაწუხებს კვამლი, გაზის სუნი, ჰაერის დაბინძურება, დიდი ხმაურია, რაც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. გუშინ აუფეთქდათ ჟანგბადის ბალონი და არა პატარა ბალონი, როგორც თავად ამბობენ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. ცნობისთვის, ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში გუშინ აფეთქება მოხდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსი.
ძლიერი წვიმის შედეგად, ფოთის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად, ფოთის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. ქალაქის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ყოველი წვიმის დროს ქალაქში ასეთი ვითარებაა, რადგან წყლის სატუმბი სადგურები გაუმართავად მუშაობს. ფოთის მერიის განცხადებით, უამინდობის შედეგად ქალაქში პრობლემები მოსახლეობას არ შექმნია და ამ დროისთვის ზარალი არ ფიქსირდება, ამასთან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ქალაქის რვავე სატუმბი სადგური.
ფოთში, მოქალაქეთა ჯგუფი გიგი უგულავასა და ლევან თარხნიშვილს დაუპირისპირდა
ფოთში, „შინ ევროპისკენ“ ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა. მონაწილეებს შორის გიგი უგულავა და ლევან თარხნიშვილი იყვენენ. როგორც ცნობილია, ოპოზციის წარმომადგენლები ფოთის ბაზარში ბროშურებს არიგებდნენ, რა დროსაც მმართველი პარტიის მხარდამჭერები და მოქალაქეთა ნაწილი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. „სრულიად სახე დაკარგეს და ამას განსაკუთრებით ნათლად ვხედავთ უკანასკნელი დღეებია. ფაქტი არის ერთი, მოსახლეობა მიხვდა, სად მიექაჩება ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი. საცოდავად გამოიყურებიან, მოდიან და ყიყინებენ რაღაცებს“, – განაცხადა უგულავამ.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, კახა გოგოლი ფოთში, სამხედრო პატივით დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, კახა გოგოლი ფოთში საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. გოგოლის დაკრძალვას მოქალაქეებთან ერთად დაესწრნენ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ 47 წლის კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში, 10 ივლისს დაიღუპა. ქართველი მებრძოლის ცხედარი სამშობლოში 16 ივლისს ჩამოასვენეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი დღეს ტყიბულში დაკრძალეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს
სალომე ზურაბიშვილმა ფოთის საზღვაო ნავსადგურში აგვისტოს ომის დროს დაღუპული ნავსადგურელების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფოთის საზღვაო ნავსადგურში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ნავსადგურელების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ პატივი მიაგო. „ფოთის ნავსადგურში ეს მემორიალი არის ადგილი, სადაც უნდა გავიხსენოთ 2008 წლის ომის ეს ძალიან მძიმე ეპიზოდი. დღეს ასევე გიორგი ანწუხელიძის, საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა და მინდა, ერთად გავიხსენოთ ეს გმირები და ყველა ის, ვინც 2008 წლის ომის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაიღუპა. ეს ის თარიღებია, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ“, –განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ფოთის პორტის ერთ-ერთ ნავმისადგომში შსს-სა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ
გავრცელებული ინფორმაციით, ფოთში, ერთ-ერთ ნავმისადგომზე, სატვირთოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ აღმოაჩინეს. ამასთან, როგორც ცნობილია, სატვირთო ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. შსს-ს ცნობით, დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები.
დავითაშვილი: მჯერა, რომ კიდევ უფრო გაიზრდება შუა დერეფნის პოტენციალი და კონკურენტუნარიანობა
„ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში მზარდმა ტვირთბრუნვამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სიმძლავრეების გაზრდა, დერეფნის მონაწილე სუბიექტებს შორის მჭიდრო კოორდინაცია, მულტიმოდალური გადაზიდვების და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლება,“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის კაფსულის ჩადების ცერემონიაზე განაცხადა. პროექტი ყაზახურ-ქართული პარტნიორობით ხორციელდება. ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრთან, მარატ კარაბაევთან ერთად დაესწრო, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. კარაბაევის თანმხლებ დელეგაციაში ყაზახეთის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ცერემონიის დაწყებამდე მინისტრებმა ნავთობის ტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური, ანაკლიის პორტის ტერიტორია, ასევე ფოთის APM და PACE ტერმინალები დაათვალიერეს. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ფოთში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის პროექტი ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის - შუა დერეფნის გაძლიერებას. „მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება შუა დერეფნის პოტენციალი და კონკურენტუნარიანობა დამატებითი ტვირთნაკადების მოსაზიდად,“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ფოთში გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ მინისტრები ახალქალაქში გაემგზავრნენ, სადაც ბაქო-თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის სადგური დაათვალიერეს. ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ლევან დავითაშვილმა და მარატ კარაბაევმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის, იმსჯელეს იმ გეგმაზე, რომელიც საქართველომ და ყაზახეთმა ერთობლივად შეადგინეს 2022 წელს, აქტაუში - აღნიშნული გეგმა გულისხმობს 2027 წლამდე ორივე ქვეყნის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს დერეფნის კონკურენტუნარიანობისა და გამტარიანობის გასაზრდელად. საუბარი ასევე შეეხო ყაზახური მხარის აქტიურ მონაწილეობას აბრეშუმის გზის ფორუმში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისში გაიმართება.
საქართველოს რკინიგზა: თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს უამინდობის გამო ტექნიკური პრობლემა შეექმნა
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, ტექნიკური პრობლემა შეექმნა თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს, რის გამოც ამ წუთებში შემადგენლობა გაჩერებულია სადგურ რიონში. „საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობის განახლება, თუმცა, კომპანია ასევე მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მათი ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა უზრუნველყოს. საქართველოს რკინიგზა თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს,“ - წერს რკინიგზა.