თეგი: შოთა კაკაბაძე
რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რა გავლენები ექნება მას უსაფრთხოების გარემოზე
GIP-ის ანალიტიკოსი შოთა კაკაბაძე საუბრობს Europetime-თან: ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება რა მაგალითი შეიძლება, იყოს საქართველოსთვის, რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია ქვეყანას, რას ნიშნავს NATO-ს სამიტის შედეგები საქართველოსთვის და უკრაინაში ომის ფონზე, როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ მასზე მორგებული მხარდაჭერა. შოთა კაკაბაძე არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) ფილოსოფიის დოქტორი პოლიტიკის მეცნიერებებში. სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობის პერიოდში, შოთა კაკაბაძე ასევე იყო შვედეთის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი რუსეთისა და ევრაზიის კვლევების ინსტიტუტში (უფსალას უნივერსიტეტი) და საერთაშორისო ურთიერთობების უმცროსი მკვლევარი იოჰან შუტეს სახელობის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში (ტარტუს უნივერსიტეტი). ET: რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რა გავლენები ექნება მას უსაფრთხოების გარემოზე, რაზეც ალიანსი ასე ამახვილებს ყურადღებას? „მოგეხსენებათ, ფაქტობრივად, საუკუნეების განმავლობაში ეს ორი ქვეყანა იყო ნეიტრალური. ახლა ვითარება შეიცვალა და უსაფრთხოების აღქმა რეგიონში თავდაყირა დადგა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბალტიის ზღვაზე რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი, ბალტიის ზღვის 99%, ასე ვთქვათ, ახლა NATO-ს კონტროლის ქვეშაა, რაც რუსეთისთვის სამხედრო მანევრირებას შეუძლებელს ხდის. რუსეთს ფინეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ფაქტობრივად, NATO-ს საზღვრად გადაიქცა ფინეთის საზღვარი, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და რუსეთთან კონფრონტაციის ფონზე სერიოზული უპირატესობაა NATO-სთვის. ET: გარკვეულწილად, ამ პროცესების თანმდევი იყო რუსეთის მუქარა ბალტიისპირეთის ყველაზე დიდი სახელმწიფოს, ლიეტუვის მიმართ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს იცავს და რამაც გამოიწვია მოსკოვის მუქარა. როგორ უნდა იყოს აღქმული კრემლის ეს გზავნილი? რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ცოტა რთულია რუსეთის ქმედებების და ნაბიჯების განჭვრეტა. თუმცა ლოგიკური უნდა იყოს, რომ განსაკუთრებულ ესკალაციას ამ მიმართულებით არ უნდა ველოდოთ იქედან გამომდინარე, რომ ბალტიის ქვეყნები NATO-ს წევრები არიან და მათზე მეხუთე მუხლი ჩვეულებრივ ვრცელდება. ამიტომ, არ მგონია, რუსეთს ეს ხელ-ფეხს უხსნიდეს იმისკენ, რომ ბალტიისპირეთში რაიმე პროვოკაციაზე წავიდეს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ისეთი უცნაური და რთულად საწინასწარმეტყველო აქტორია, რამის თქმა რთულია. ამასთან, პირველ რიგში, პრობლემა ისაა, რომ რუსეთი იმდენად არის ჩართული უკრაინაში მიმდინარე ომში და იმდენად არის კონცეტრირებული იქ პროგრესზე, რომ ახლა ნამდვილად არ აქვს იმის მატერიალური თუ სამხედრო შესაძლებლობები, რომ ალიანსის წევრებთანაც ჩაერთოს სრულმასშტაბიან, ან თუნდაც მცირე სამხედრო ოპერაციაში. ამიტომ, ამ პერიოდში, რუსეთის ყურადღება ძირითადად, კონცეტრირებული იქნება უკრაინაზე და არ მგონია, ჯერჯერობით, განცხადებების იქით რაიმე მოხდეს. გააჩნია, უკრაინაში როგორ განვითარდება მოვლენები. ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ET: ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება რა მაგალითი შეიძლება, იყოს საქართველოსთვის. რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია ქვეყანას? NATO-მ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ალიანსის გაფართოება არ არის დასრულებული. NATO მზადაა გაფართოებისთვის - ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფინეთის მიმართ რუსეთის მკვეთრი განცხადებების და აგრესიული რიტორიკის მიუხედავად, NATO-მ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი და აჩვენა რუსეთს, რომ მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს NATO-მ. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე და იმაზე, თუ რამდენად მზად იქნება საქართველო იმისთვის, რომ პოლიტიკურად, პირველ რიგში, დემოკრატიის კუთხით იმუშაობას და გამოიყენოს ალიანსის გაფართოების ეს პრეცედენტი. NATO არამხოლოდ სამხედრო, არამედ, პოლიტიკური ალიანსია, სადაც ღირებულებებს, ლიბერალურ დემოკრატიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამიტომ, ამ მიმართულებით რეფორმებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ET: NATO-ს სამიტზე მოვისმინეთ, რომ საქართველოსთვის მხარდაჭერა გაძლიერდა და ეს პაკეტი მოიცავს ქვეყანაზე მორგებულ მხარდამჭერ ზომებს. დოკუმენტი ღია არ არის, თუმცა რა შეგიძლიათ თქვათ, რას უნდა გულისხმობდეს ეს მიზნობრივი მხარდაჭერა? შეიძლება, ბევრი მიმართულება იყოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მზადაა ქართული მხარე, გამოიყენოს ეს შესაძლებლობები. ეს შეიძლება, გულისხმობდეს NATO-ს გახშირებულ წვრთნებს და მის ჩატარებას საქართველოში. ასევე, კიდევ უფრო თანამედროვე შეიარაღებაზე მუშაობას საქართველოს მხრიდან. 2008 წლის ომის შემდეგ, როგორც წესი, საქართველოს უჭირდა ხოლმე განსაკუთრებით, თავდასხმითი იარაღის შეძენა დასავლეთის ქვეყნებისგან. უკრაინის ომმა გააჩინა ის რეალობა, რომ თუ საქართველოს მხრიდან დაიწყო აქტიური მუშაობა, მაშინ მარტივი იქნება საქართველოს მხრიდან სხვადასხვა ტიპის იარაღის შეძენა, თუმცა ამაზე, ალბათ, მუშაობაა საჭირო დასავლელ პარტნიორებთან. ET: რაც შეეხება უკრაინას და იქ მიმდინარე ომს, როგორია თქვენი ხედვა არსებული სურათის. ბოლო პერიოდში, იგივე უკრაინის მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, რა შემთხვევაში დაასრულებს ომს რუსეთი და მიუთითებენ სანქციების 100%-ით განხორციელების აუცილებლობაზე, ამასთან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელება. როგორც ჩანს, ხანგრძლივი პროცესი გველის წინ. სწრაფ პროგრესს ვერცერთი მხარე ვერ აღწევს. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე გაიწელება საომარი მოქმედებები, თუ რაიმე გარდამტეხი არ მოხდა და ჯერჯერობით, ასეთი რამ არ ჩანს. უკრაინას სჭირდება შეიარაღება, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი იარაღი. ფაქტია, რომ რუსეთის პირველადი გეგმა - კიევის აღება და ხელისუფლების შეცვლა, ჩავარდა და ახლა უნდა იფიქროს გეგმა ბ-ზე და ისეთ გეგმაზე, რათა ამ რთული ვითარებიდან ისე გამოვიდეს, რომ სახეც შეინარჩუნოს და თან, არ დამარცხდეს. შეიძლება, ეს იყოს ლუგანსკსა და დონეცკზე სრული კონტროლი და შემდეგ, გადავიდეს გაყინული კონფლიქტის ფაზაში. ან, გაგრძელდეს როგორც თავად უწოდებენ „სამხედრო ოპერაცია“, ვიდრე უკრაინის რესურსს არ ამოწურავს და „არ შეცვლის ხელისუფლებას“. თავის მხრივ, რუსეთიც რთულ სიტუაციაშია... რესურსებს თუ შევადარებთ, რუსეთს უფრო მეტი რესურსი აქვს, იგივე ცოცხალი ძალის, ასევე, შეიარაღების თვალსაზრისით, ამიტომ სჭირდება უკრაინას რაც შეიძლება მეტი შეიარაღება დასავლეთის მხრიდან, რათა გაუმკლავდეს რუსეთის დიდ რესურსს. ასევე, პრობლემაა, უკრაინელების მზაობა, გამოიყენონ დასავლური შეიარაღება, რადგან ამას სჭირდება გადამზადება უკრაინული ჯარისკაცებისთვის, რომლებაც თავის მხრივ, შემდეგ უნდა გადაამზადონ სხვა უკრაინელები, რასაც თავისთავად დრო სჭირდება.
ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას
13 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის პროექტი განიხილეს, რომელიც ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა წარადგინა. დისკუსიას მოჰყვა ევროკომისიის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკომისია ანგარიშს პრიორიტეტებზე 2023 წლის გაფართოების პაკეტში წარადგენს. გადაწყვეტილება თავად ევროკომისიის წარმომადგენელმა იმით ახსნა, რომ „საკმარისი დრო მიეცემა საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, საფუძვლიანად იმუშაოს დასახელებულ პრიორიტეტებზე. ასევე, მეტი დრო ექნება ქართულ პოლიტიკურ ელიტას, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდეს საერთო მაგიდასთან, რათა საფუძვლიანად იმუშაოს რეფორმებზე“. რა ფაქტორებმა განაპირობა ევროპული საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილება, რა გავლენას მოახდენს ის პრიორიტეტების ეფექტიანად შესრულებასა და ქვეყნის ევროპული მისწრაფების განხორციელების პროცესზე, ამ საკითხების გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტებთან შეეცადა. „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ „ევროკავშირმა შეხედა რა მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებს, საჭიროდ მიიჩნია, ეს ვადა გადაეწია ოქტომბრისთვის“. „ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს უფრო მეტი დრო მიეცეს შედეგების მისაღწევად. საქართველოს შეფასება მოხდება ევროკავშირის გაფართოების პაკეტის მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად, რაც გულისხმობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, ასევე, თურქეთს, უკრაინას და მოლდოვას. იმედი მაქვს, რომ ტემპი არ შენელდება და არ ჩავთვლით, რომ დრო ჯერ კიდევ ბევრია. მთავარია, ისე არ მოხდეს, რომ ბოლო წუთს, ცაიტნოტში მივიღოთ გადაწყვეტილებები“, - აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსის, შოთა კაკაბაძის აზრით, „ევროკავშირის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით გამოიწვია იმან, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა არ არის მზად, სერიოზულად იმუშაოს რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. Europetim-თან საუბარში შოთა კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ბუნებრივია, გარკვეული საკითხები 6 თვეში ვერ გადაიჭრება, თუმცა ახლა არ იგრძნობა საქართველოში, რომ მათზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. „გვესმის გარკვეულწილად, შანტაჟის ენა, რომლითაც „ქართული ოცნება“ ესაუბრება ევროკავშირს. ვგულისხმობ განცხადებას, რომ „ჯერ კანდიდატის სტატუსი მოგვეცით და მერე შეიძლება, რომ ბარიერის დაწევაზე ვისაუბროთ“. ასევე, ვხედავთ თავდასხმებს დასავლელ პარტნიორებზე, ამერიკის ელჩზე. შესაბამისად, ევროკავშირმა ვერ დაინახა იმის მზაობა, რომ ქართული პოლიტიკური კლასი, ეს ეხება არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ, ოპოზიციას, სერიოზულად მიუდგება ამ საკითხებს. საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური ნება, შესაბამისი კომპეტენცია, სურვილი, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. ევროკავშირი უფრო სიღრმისეულად დააკვირდება ხელისუფლების მზაობას, (რომელიც ცოტა ბუნდოვანია) და იმას, თუ რამდენად მზად არის „ქართული ოცნება“, სერიოზულად მოეკიდოს ამ რეკომენდაციებს“, - აღნიშნავს შოთა კაკაბაძე. რამდენად შეიძლება, რომ ევროკავშირის ეს მიდგომა ჩაითვალოს დადებით მოვლენად, თუ პირიქით? ვანო ჩხიკვაძის აზრით, მთავარია, პოლიტიკური ნება გამოიჩინოს ხელისუფლებამ. „გააჩნია, საიდან შევხედავთ. თუ ჩვენ გვინდა, რომ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მივიღოთ, ბუნებრივია, ეს დადებითად ვერ აღიქმება, მაგრამ თუ ჩავთვლით იმას, რომ გვინდა, სიღრმისეული რეფორმები გავატაროთ, უფრო მეტი დროის მიცემა უკეთესია ამ შემთხვევაში, ვიდრე სამი თვე. მაგრამ რეალურად, ამ შემთხვევაში უფრო საუბარი, რამდენად ექნება პოლიტიკური ნება ხელისუფლებას, რომ ეს ყველაფერი შეასრულოს იმიტომ, რომ 12 პუნქტიდან დიდი ნაწილი სწორედ პოლიტიკურ ნებას უკავშირდება. თუ ასეთი ნება არ იქნება, რაც არ უნდა დრო გავიდეს, რამდენი დროც არ უნდა მოგვცეს ევროკავშირმა, რთული იქნება ამ ყველაფრის შესრულება. მთავარია, პოლიტიკური ნება გამოიჩინოს ხელისუფლებამ“. ევროკავშირის გადმოსახედიდან, არსებობდა თუ არა პრიორიტეტების ამ ვადებში ვერშესრულების საფრთხე? „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი მიიჩნევს, რომ ეს საფრთხე ალბათ, დაინახეს. „იქედან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით, პროცესზე არის საუბარი და არა შედეგზე და უფრო მეტად შინაარსი აკლია ამ პროცესს, მე ვფიქრობ, ეს იყო ევროკავშირის გადაწყვეტილების ერთ-ერთი ფაქტორი. მეორე მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად და სკურპულოზურად დააკვირდება, რამდენად ხარისხიანად შეასრულებს საქართველო იმ 12 პუნქტს და რამდენად ეფექტიანად განახორციელებს რეფორმებს. მხოლოდ მცირე ნაბიჯების გადადგმითა და უბრალოდ, იმიტირებით ევროკავშირი კმაყოფილი არ დარჩება“, - აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე. ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მოვალ კვირას ეწვევა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიშის პროექტი წარადგინა, რაც თავის მხრივ, რეზოლუციის პროექტს უნდა დაედოს საფუძვლად. ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიიღებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.