- GIP-ის ანალიტიკოსი შოთა კაკაბაძე საუბრობს Europetime-თან: ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება რა მაგალითი შეიძლება, იყოს საქართველოსთვის, რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია ქვეყანას, რას ნიშნავს NATO-ს სამიტის შედეგები საქართველოსთვის და უკრაინაში ომის ფონზე, როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ მასზე მორგებული მხარდაჭერა.
შოთა კაკაბაძე არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) ფილოსოფიის დოქტორი პოლიტიკის მეცნიერებებში. სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობის პერიოდში, შოთა კაკაბაძე ასევე იყო შვედეთის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი რუსეთისა და ევრაზიის კვლევების ინსტიტუტში (უფსალას უნივერსიტეტი) და საერთაშორისო ურთიერთობების უმცროსი მკვლევარი იოჰან შუტეს სახელობის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში (ტარტუს უნივერსიტეტი).
ET: რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რა გავლენები ექნება მას უსაფრთხოების გარემოზე, რაზეც ალიანსი ასე ამახვილებს ყურადღებას?
„მოგეხსენებათ, ფაქტობრივად, საუკუნეების განმავლობაში ეს ორი ქვეყანა იყო ნეიტრალური. ახლა ვითარება შეიცვალა და უსაფრთხოების აღქმა რეგიონში თავდაყირა დადგა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბალტიის ზღვაზე რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი, ბალტიის ზღვის 99%, ასე ვთქვათ, ახლა NATO-ს კონტროლის ქვეშაა, რაც რუსეთისთვის სამხედრო მანევრირებას შეუძლებელს ხდის. რუსეთს ფინეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ფაქტობრივად, NATO-ს საზღვრად გადაიქცა ფინეთის საზღვარი, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და რუსეთთან კონფრონტაციის ფონზე სერიოზული უპირატესობაა NATO-სთვის.
ET: გარკვეულწილად, ამ პროცესების თანმდევი იყო რუსეთის მუქარა ბალტიისპირეთის ყველაზე დიდი სახელმწიფოს, ლიეტუვის მიმართ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს იცავს და რამაც გამოიწვია მოსკოვის მუქარა. როგორ უნდა იყოს აღქმული კრემლის ეს გზავნილი?
ცოტა რთულია რუსეთის ქმედებების და ნაბიჯების განჭვრეტა. თუმცა ლოგიკური უნდა იყოს, რომ განსაკუთრებულ ესკალაციას ამ მიმართულებით არ უნდა ველოდოთ იქედან გამომდინარე, რომ ბალტიის ქვეყნები NATO-ს წევრები არიან და მათზე მეხუთე მუხლი ჩვეულებრივ ვრცელდება. ამიტომ, არ მგონია, რუსეთს ეს ხელ-ფეხს უხსნიდეს იმისკენ, რომ ბალტიისპირეთში რაიმე პროვოკაციაზე წავიდეს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ისეთი უცნაური და რთულად საწინასწარმეტყველო აქტორია, რამის თქმა რთულია.
ამასთან, პირველ რიგში, პრობლემა ისაა, რომ რუსეთი იმდენად არის ჩართული უკრაინაში მიმდინარე ომში და იმდენად არის კონცეტრირებული იქ პროგრესზე, რომ ახლა ნამდვილად არ აქვს იმის მატერიალური თუ სამხედრო შესაძლებლობები, რომ ალიანსის წევრებთანაც ჩაერთოს სრულმასშტაბიან, ან თუნდაც მცირე სამხედრო ოპერაციაში. ამიტომ, ამ პერიოდში, რუსეთის ყურადღება ძირითადად, კონცეტრირებული იქნება უკრაინაზე და არ მგონია, ჯერჯერობით, განცხადებების იქით რაიმე მოხდეს. გააჩნია, უკრაინაში როგორ განვითარდება მოვლენები.
- ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს
- რუსეთი ლიეტუვას ემუქრება
ET: ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება რა მაგალითი შეიძლება, იყოს საქართველოსთვის. რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია ქვეყანას?
NATO-მ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ალიანსის გაფართოება არ არის დასრულებული. NATO მზადაა გაფართოებისთვის - ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფინეთის მიმართ რუსეთის მკვეთრი განცხადებების და აგრესიული რიტორიკის მიუხედავად, NATO-მ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი და აჩვენა რუსეთს, რომ მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს NATO-მ.
აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე და იმაზე, თუ რამდენად მზად იქნება საქართველო იმისთვის, რომ პოლიტიკურად, პირველ რიგში, დემოკრატიის კუთხით იმუშაობას და გამოიყენოს ალიანსის გაფართოების ეს პრეცედენტი. NATO არამხოლოდ სამხედრო, არამედ, პოლიტიკური ალიანსია, სადაც ღირებულებებს, ლიბერალურ დემოკრატიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამიტომ, ამ მიმართულებით რეფორმებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ET: NATO-ს სამიტზე მოვისმინეთ, რომ საქართველოსთვის მხარდაჭერა გაძლიერდა და ეს პაკეტი მოიცავს ქვეყანაზე მორგებულ მხარდამჭერ ზომებს. დოკუმენტი ღია არ არის, თუმცა რა შეგიძლიათ თქვათ, რას უნდა გულისხმობდეს ეს მიზნობრივი მხარდაჭერა?
შეიძლება, ბევრი მიმართულება იყოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მზადაა ქართული მხარე, გამოიყენოს ეს შესაძლებლობები. ეს შეიძლება, გულისხმობდეს NATO-ს გახშირებულ წვრთნებს და მის ჩატარებას საქართველოში. ასევე, კიდევ უფრო თანამედროვე შეიარაღებაზე მუშაობას საქართველოს მხრიდან. 2008 წლის ომის შემდეგ, როგორც წესი, საქართველოს უჭირდა ხოლმე განსაკუთრებით, თავდასხმითი იარაღის შეძენა დასავლეთის ქვეყნებისგან.
უკრაინის ომმა გააჩინა ის რეალობა, რომ თუ საქართველოს მხრიდან დაიწყო აქტიური მუშაობა, მაშინ მარტივი იქნება საქართველოს მხრიდან სხვადასხვა ტიპის იარაღის შეძენა, თუმცა ამაზე, ალბათ, მუშაობაა საჭირო დასავლელ პარტნიორებთან.
ET: რაც შეეხება უკრაინას და იქ მიმდინარე ომს, როგორია თქვენი ხედვა არსებული სურათის. ბოლო პერიოდში, იგივე უკრაინის მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, რა შემთხვევაში დაასრულებს ომს რუსეთი და მიუთითებენ სანქციების 100%-ით განხორციელების აუცილებლობაზე, ამასთან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელება.
როგორც ჩანს, ხანგრძლივი პროცესი გველის წინ. სწრაფ პროგრესს ვერცერთი მხარე ვერ აღწევს. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე გაიწელება საომარი მოქმედებები, თუ რაიმე გარდამტეხი არ მოხდა და ჯერჯერობით, ასეთი რამ არ ჩანს. უკრაინას სჭირდება შეიარაღება, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი იარაღი. ფაქტია, რომ რუსეთის პირველადი გეგმა - კიევის აღება და ხელისუფლების შეცვლა, ჩავარდა და ახლა უნდა იფიქროს გეგმა ბ-ზე და ისეთ გეგმაზე, რათა ამ რთული ვითარებიდან ისე გამოვიდეს, რომ სახეც შეინარჩუნოს და თან, არ დამარცხდეს. შეიძლება, ეს იყოს ლუგანსკსა და დონეცკზე სრული კონტროლი და შემდეგ, გადავიდეს გაყინული კონფლიქტის ფაზაში. ან, გაგრძელდეს როგორც თავად უწოდებენ „სამხედრო ოპერაცია“, ვიდრე უკრაინის რესურსს არ ამოწურავს და „არ შეცვლის ხელისუფლებას“. თავის მხრივ, რუსეთიც რთულ სიტუაციაშია...
რესურსებს თუ შევადარებთ, რუსეთს უფრო მეტი რესურსი აქვს, იგივე ცოცხალი ძალის, ასევე, შეიარაღების თვალსაზრისით, ამიტომ სჭირდება უკრაინას რაც შეიძლება მეტი შეიარაღება დასავლეთის მხრიდან, რათა გაუმკლავდეს რუსეთის დიდ რესურსს. ასევე, პრობლემაა, უკრაინელების მზაობა, გამოიყენონ დასავლური შეიარაღება, რადგან ამას სჭირდება გადამზადება უკრაინული ჯარისკაცებისთვის, რომლებაც თავის მხრივ, შემდეგ უნდა გადაამზადონ სხვა უკრაინელები, რასაც თავისთავად დრო სჭირდება.