13 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის პროექტი განიხილეს, რომელიც ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა წარადგინა. დისკუსიას მოჰყვა ევროკომისიის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკომისია ანგარიშს პრიორიტეტებზე 2023 წლის გაფართოების პაკეტში წარადგენს.
გადაწყვეტილება თავად ევროკომისიის წარმომადგენელმა იმით ახსნა, რომ „საკმარისი დრო მიეცემა საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, საფუძვლიანად იმუშაოს დასახელებულ პრიორიტეტებზე. ასევე, მეტი დრო ექნება ქართულ პოლიტიკურ ელიტას, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდეს საერთო მაგიდასთან, რათა საფუძვლიანად იმუშაოს რეფორმებზე“.
რა ფაქტორებმა განაპირობა ევროპული საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილება, რა გავლენას მოახდენს ის პრიორიტეტების ეფექტიანად შესრულებასა და ქვეყნის ევროპული მისწრაფების განხორციელების პროცესზე, ამ საკითხების გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტებთან შეეცადა.
„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ „ევროკავშირმა შეხედა რა მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებს, საჭიროდ მიიჩნია, ეს ვადა გადაეწია ოქტომბრისთვის“.
„ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს უფრო მეტი დრო მიეცეს შედეგების მისაღწევად. საქართველოს შეფასება მოხდება ევროკავშირის გაფართოების პაკეტის მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად, რაც გულისხმობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, ასევე, თურქეთს, უკრაინას და მოლდოვას. იმედი მაქვს, რომ ტემპი არ შენელდება და არ ჩავთვლით, რომ დრო ჯერ კიდევ ბევრია. მთავარია, ისე არ მოხდეს, რომ ბოლო წუთს, ცაიტნოტში მივიღოთ გადაწყვეტილებები“, - აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსის, შოთა კაკაბაძის აზრით, „ევროკავშირის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით გამოიწვია იმან, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა არ არის მზად, სერიოზულად იმუშაოს რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. Europetim-თან საუბარში შოთა კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ბუნებრივია, გარკვეული საკითხები 6 თვეში ვერ გადაიჭრება, თუმცა ახლა არ იგრძნობა საქართველოში, რომ მათზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს.
„გვესმის გარკვეულწილად, შანტაჟის ენა, რომლითაც „ქართული ოცნება“ ესაუბრება ევროკავშირს. ვგულისხმობ განცხადებას, რომ „ჯერ კანდიდატის სტატუსი მოგვეცით და მერე შეიძლება, რომ ბარიერის დაწევაზე ვისაუბროთ“. ასევე, ვხედავთ თავდასხმებს დასავლელ პარტნიორებზე, ამერიკის ელჩზე. შესაბამისად, ევროკავშირმა ვერ დაინახა იმის მზაობა, რომ ქართული პოლიტიკური კლასი, ეს ეხება არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ, ოპოზიციას, სერიოზულად მიუდგება ამ საკითხებს.
საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური ნება, შესაბამისი კომპეტენცია, სურვილი, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. ევროკავშირი უფრო სიღრმისეულად დააკვირდება ხელისუფლების მზაობას, (რომელიც ცოტა ბუნდოვანია) და იმას, თუ რამდენად მზად არის „ქართული ოცნება“, სერიოზულად მოეკიდოს ამ რეკომენდაციებს“, - აღნიშნავს შოთა კაკაბაძე.
რამდენად შეიძლება, რომ ევროკავშირის ეს მიდგომა ჩაითვალოს დადებით მოვლენად, თუ პირიქით? ვანო ჩხიკვაძის აზრით, მთავარია, პოლიტიკური ნება გამოიჩინოს ხელისუფლებამ.
„გააჩნია, საიდან შევხედავთ. თუ ჩვენ გვინდა, რომ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მივიღოთ, ბუნებრივია, ეს დადებითად ვერ აღიქმება, მაგრამ თუ ჩავთვლით იმას, რომ გვინდა, სიღრმისეული რეფორმები გავატაროთ, უფრო მეტი დროის მიცემა უკეთესია ამ შემთხვევაში, ვიდრე სამი თვე. მაგრამ რეალურად, ამ შემთხვევაში უფრო საუბარი, რამდენად ექნება პოლიტიკური ნება ხელისუფლებას, რომ ეს ყველაფერი შეასრულოს იმიტომ, რომ 12 პუნქტიდან დიდი ნაწილი სწორედ პოლიტიკურ ნებას უკავშირდება. თუ ასეთი ნება არ იქნება, რაც არ უნდა დრო გავიდეს, რამდენი დროც არ უნდა მოგვცეს ევროკავშირმა, რთული იქნება ამ ყველაფრის შესრულება. მთავარია, პოლიტიკური ნება გამოიჩინოს ხელისუფლებამ“.
ევროკავშირის გადმოსახედიდან, არსებობდა თუ არა პრიორიტეტების ამ ვადებში ვერშესრულების საფრთხე? „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი მიიჩნევს, რომ ეს საფრთხე ალბათ, დაინახეს.
„იქედან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით, პროცესზე არის საუბარი და არა შედეგზე და უფრო მეტად შინაარსი აკლია ამ პროცესს, მე ვფიქრობ, ეს იყო ევროკავშირის გადაწყვეტილების ერთ-ერთი ფაქტორი. მეორე მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად და სკურპულოზურად დააკვირდება, რამდენად ხარისხიანად შეასრულებს საქართველო იმ 12 პუნქტს და რამდენად ეფექტიანად განახორციელებს რეფორმებს. მხოლოდ მცირე ნაბიჯების გადადგმითა და უბრალოდ, იმიტირებით ევროკავშირი კმაყოფილი არ დარჩება“, - აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მოვალ კვირას ეწვევა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიშის პროექტი წარადგინა, რაც თავის მხრივ, რეზოლუციის პროექტს უნდა დაედოს საფუძვლად. ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიიღებს.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.