თეგი: ცეცხლის შეწყვეტა
ისრაელმა და „ისლამურმა ჯიჰადმა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს
ისრაელი და პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ ცეცხლის ორმხრივად შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ზავის რეჟიმი ძალაში 7 აგვისტოს ადგილობრივი დროით 23:30 შევიდა. The Jerusalem Post-ის ცნობით, შეთანხმების ძალაში შესვლიდან 8 წუთის შემდეგ, ღაზის სექტორიდან, სამხრეთ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიში განხორციელდა. ამის შემდეგ სროლა შეწყდა და ღამემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. „ისლამური ჯიჰადის“ გენერალური მდივანი ზიად ალ-ნახალე აცხადებს, რომ სროლის შეწყვეტის წინაპირობაა ისრაელის ციხეებიდან დაჯგუფების ორი წევრის გათავისუფლება. მისი თქმით, სროლები გაგრძელდება, თუ ისრაელი შეთანხმების თავის ნაწილს არ შეასრულებს. ისრაელი 5 აგვისტოდან, ღაზის სექტორში ოპერაცია „განთიადს“ ახორციელებდა, რომლის მიზანიც იყო „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერების განადგურება. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ღაზას სექტორში 41 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300-მდე დაიჭრა. ისრაელის ხელისუფლების ცნობით მოკლულია 15 ტერორისტი. ამასთან, „ისლამური ჯიჰადის“წარმომადგენლებმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვეს. უმეტესობა ისრაელის თავდაცვითმა სისტემა „რკინის ფარდამ“ გაანეიტრალა. ისრაელის მხარეს მსხვერპლი არ არის.
პუტინმა უკრაინაში, 6 და 7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა
ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის 36 საათიანი რეჟიმი ამოქმედდეს. რუსეთის პატრიარქმა კირილმა, რუსეთ-უკრაინას საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით მიმართა ამის შესახებ რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. „უწმიდესი პატრიარქის კირილის მოწოდებიდან გამომდინარე, ვავალებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, უკრაინაში მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მიმდინარე წლის 6 იანვრის 12:00 საათიდან მიმდინარე წლის 7 იანვარის 24:00 საათამდე ამოქმედდეს“, - ნათქვამია დოკუმენტში. ასევე ნათქვამია, რომ კრემლი კიევს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. „იქიდან გამომდინარე, რომ საბრძოლო ზონებში მართლმადიდებლობის აღმსარებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და მისცეს მათ შესაძლებლობა დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს, ისევე როგორც შობის დღეს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
სუდანში დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
სუდანში დაპირისპირებული მხარეები 7 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას სამხრეთ სუდანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ქვეყნის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას. პარალელურად, გაერო საგანგაშო მონაცემებს ავრცელებს. საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 15 აპრილის შემდეგ სუდანი ასი ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.