თეგი: ხელისუფლება
პრეზიდენტი: მივმართავ ხელისუფლებას, ანტიევროპული რიტორიკისგან თავი შეიკავოს. მივმართავ ოპოზიციას, შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მიმართა, „ანტიევროპული რიტორიკისგან, როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან, თავი შეიკავოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციასაც მიმართა და აღნიშნა, რომ მათ „დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება” უნდა შეაჩერონ. „მივმართავ ხელისუფლებას, რომელსაც ჩემი ბევრი ნათქვამი აქ არ მოეწონება - გაითვალისწინოს მოსახლეობის ურყევი, 30-წლიანი თუ არა 30-საუკუნოვანი მისწრაფება და ანტიევროპული რიტორიკისგან, როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს. ეს რიტორიკა მხოლოდ პოპულიზმით ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება და ვერ გამოიტანს შედეგს. მივმართავ ოპოზიციას, რომ შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციების მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში მიზნით, რომ ამ ხელისუფლების დესტაბილიზაცია და ძალაუფლებაში მოსვლა ამ დესტაბილიზაციას მოჰყვება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ოპოზიციის ნაწილი 16 ივნისს შეკრებაზე პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა
ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის შეთავაზებას იღებს და 16 ივნისის აქციაში მონაწილეობას გეგმავს. ერთ-ერთია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, რომელიც აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური პარტია 16 ივნისის შეკრებას შეუერთდება. „დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს გვჭირდება სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა. ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად. „ლელო” იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე. საქართველო და მისი ინტერესი უპირველეს ყოვლისა!!”, - ნათქვამია Facebook-ით გავრცელებულ განცხადებაში. 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას, - „მიიჩნევს ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომლისთვისაც „გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ზურაბიშვილი“. მელია სვამს კითხვას, თუ რომელ პრობლემებს აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია. „სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში, იმიტომ, რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი (როგორც თავად ამბობს); მოდის საქართველოში იმისათვის, რომ იმოქმედოს და პასუხისმგებლობა და ინიციატივა აიღოს საკუთარ თავზე - და რაში მდგომარეობს მისი ინიციატივა? როგორ აგვარებს პრობლემას?!; არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას; რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ, ან ბრიუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?!; 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას; იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს აი იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს; გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი ზურაბიშვილი, თუმცა სრულიად გასაგებია რა არის ქართველი ხალხის ნება - ევროპული მომავალი! 20 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველზე“, - აღნიშნავს ნიკა მელია. „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ორივე აქციაზე მისვლას ემხრობა. „17 ივნისს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და 16-ში რომ მივიდეთ რიყეზე, ევროპის მოედანზე 19:00 საათზე ლოგიკური არაა? 20 ივნისსაც მივიდეთ. დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა! მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე! ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ - ჩვენ ჰორიზონტალურ „მე იქ მასთან არ მივალ“ - ემოციებს ვაჯობოთ და ცივილიზებულ სამყაროს - ევროპას და ბარბაროს რუსებს დავენახოთ რომ ბევრი ვართ, ბევრი და უდრეკები ვართ! განა პრეზიდენტის, განა პარტიების - საქართველოს დაძახილზე გავიდეთ 16 ში - ევროპასაც და ჩვენ მტრებსაც დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ! მოვუწოდებ „სირცხვილიას" ჯგუფს რომ ასევე ომახიანად და გულიანად შეუერთდენ 16-ის აქციას და ერთად მოვითხოვოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა! 20-შიც ერთად ვიყოთ, მაგრამ ჯერ 16-ში, გადაწყვეტილების წინ შეკრება იქნება ყველაზე სწორი და სახელმწიფოებრივი რამ! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“. პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“.
არასამთავრობო ორგანიზაციები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავენ
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართავენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება“. „გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირში მიმავალი გზიდან გადახვევას. ევროკავშირში გაწევრიანების, როგორც ეროვნული იდეის ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციით ვაჩვენეთ, რომ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ, შესაძლოა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს რეფორმებზე მუშაობას და არ გააუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობას. კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. აუცილებელია, ხელისუფლებამ გადახედოს და გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული შესაძლებლობის მისაღწევად. ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედება. ვაცხადებთ, რომ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება. ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, 2023 წლის ბოლოს სიამაყით უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელისუფლება მომავალშიც დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს - "ქართული ოცნება"
ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ხელისუფლება მომავალშიც დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პარტიის დაფუძნებიდან 11 წელიწადი რამდენიმე ძირითადი მიღწევით შეიძლება დახასიათდეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა რეგიონში არსებული ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული იყო გასული წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის უშუალო საფრთხე შეექმნა, თუმცა, უმძიმესი წნეხის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება; 2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტი დემოკრატიული წინსვლის 11-მა წელიწადმა ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წელს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი; 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს ჰქონდა ყველაზე ხელშესახები წინსვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. შარშან ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, წელს კი, სამართლიანი გადაწყვეტილების პირობებში, ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს; 2012 წელს საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა. გასული 11 წლის განმავლობაში, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. პირველი, ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი, ხოლო მეორე – კოვიდიდან გამომდინარე ეკონომიკური კრიზისი 2020 წელს. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია. ზედიზედ ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ლარის კურსი 3,45-დან 2,50-მდე შემცირდა, 60-დან 38 პროცენტამდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან დღემდე, ქვეყანაში ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე – 1,150,000-დან 650,000-მდე შემცირდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა. უკვე წელს, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8 ათასი დოლარი გახდება, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 15 ათას დოლარს მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნების ტოლფასი ეკონომიკა ექნება; ფუნდამენტურად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არსებითად გაფართოვდა სოციალური დახმარების პაკეტები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, აღიკვეთა სოციალური დახმარების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განაწილების პრაქტიკა; საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს, მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს; მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი ღირებულებების და მის მიერ დამკვიდრებული და გუნდისთვის დატოვებული პრინციპების შედეგია ყველა ის ფუნდამენტური მიღწევა, რომელიც გასული 11 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ამ ღირებულებებითა და პრინციპებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და, მისი მმართველობით, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს შეუქცევად და თანმიმდევრულ წინსვლას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.