ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის შეთავაზებას იღებს და 16 ივნისის აქციაში მონაწილეობას გეგმავს. ერთ-ერთია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, რომელიც აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური პარტია 16 ივნისის შეკრებას შეუერთდება.
„დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს გვჭირდება სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა. ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად. „ლელო” იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე. საქართველო და მისი ინტერესი უპირველეს ყოვლისა!!”, - ნათქვამია Facebook-ით გავრცელებულ განცხადებაში.
20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას, - „მიიჩნევს ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომლისთვისაც „გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ზურაბიშვილი“. მელია სვამს კითხვას, თუ რომელ პრობლემებს აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია.
„სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში, იმიტომ, რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი (როგორც თავად ამბობს); მოდის საქართველოში იმისათვის, რომ იმოქმედოს და პასუხისმგებლობა და ინიციატივა აიღოს საკუთარ თავზე - და რაში მდგომარეობს მისი ინიციატივა? როგორ აგვარებს პრობლემას?!; არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას; რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ, ან ბრიუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?!;
20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას; იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს აი იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს; გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი ზურაბიშვილი, თუმცა სრულიად გასაგებია რა არის ქართველი ხალხის ნება - ევროპული მომავალი! 20 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველზე“, - აღნიშნავს ნიკა მელია.
„მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ორივე აქციაზე მისვლას ემხრობა.
„17 ივნისს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და 16-ში რომ მივიდეთ რიყეზე, ევროპის მოედანზე 19:00 საათზე ლოგიკური არაა? 20 ივნისსაც მივიდეთ. დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა! მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე! ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ - ჩვენ ჰორიზონტალურ „მე იქ მასთან არ მივალ“ - ემოციებს ვაჯობოთ და ცივილიზებულ სამყაროს - ევროპას და ბარბაროს რუსებს დავენახოთ რომ ბევრი ვართ, ბევრი და უდრეკები ვართ!
განა პრეზიდენტის, განა პარტიების - საქართველოს დაძახილზე გავიდეთ 16 ში - ევროპასაც და ჩვენ მტრებსაც დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ! მოვუწოდებ „სირცხვილიას" ჯგუფს რომ ასევე ომახიანად და გულიანად შეუერთდენ 16-ის აქციას და ერთად მოვითხოვოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა!
20-შიც ერთად ვიყოთ, მაგრამ ჯერ 16-ში, გადაწყვეტილების წინ შეკრება იქნება ყველაზე სწორი და სახელმწიფოებრივი რამ! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“. პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“.