თეგი: ჯარისკაცები
სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული, ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ
საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილების გარდა, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები, ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანები ან მათი შვილებიც სასწავლო გრანტით ისარგებლებენ. „სასწავლო გრანტით დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტებს. სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების პროექტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიცირებული სიახლე, მთავრობის დადგენილებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერის საფუძველზე, უკვე მიღებულია და 2022-2023 სასწავლო წლიდან შევა ძალაში. ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროს მიღებული გადაწყვეტილებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ ენიშნებათ“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ქვეყანას სხვადასხვა მისიაში
ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მისიებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 17 ოქტომბერი, ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ავღანეთში NATO-ს არაწევრი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანა იყო, სადაც 30- ზე მეტი გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ, ასეულობით ჯარისკაცი კი დაიჭრა „მინდა შევახსენო ყველას, რომ ჩვენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ახლა ბევრი უკვე ვეტერანი, გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩემს მიერ ჩამოთვლილ მისიებში. ერთ დროს ავღანეთში ჩვენ ვიყავით, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყანა, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, ყველაზე დიდი კონტიგენტით იყო წარმოდგენილი ქართული კონტიგენტი ავღანეთში. იქ ჩვენ დავკარგეთ 30-ზე მეტი გმირი ჯარისკაცი, ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი დაიჭრა. ესენი არიან ჩვენი დაუმარცხებელი, გაუტეხელი სამხედროები და ვეტერანები. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა მათ. ჩვენ ყოველდღე უნდა ვუთხრათ და გითხრათ თქვენ მადლობა. რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს, მათ მიერ გაღებულ წვლილს, მათ ღვაწლს. ჩვენი ხელისუფლება ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი. თქვენს მაგალითებზე უნდა აღვზარდოთ ჩვენ ჩვენი ახალგაზრდა თაობები. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სწორედ ვეტერანების დაფასება არის ჩვენი ვალი, ჩვენი მთავრობის ვალი და მე გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ თქვენთვის და თქვენი ღვაწლის დასაფასებლად. კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავრობის სახელით მადლობას გიხდით და გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება ჩატარდა
ლგეთის საწვრთნელ ბაზაზე ამოცანაზე ორიენტირებული ოთხდღიანი სწავლება დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება შტაბების კოორდინირებულ მუშაობას, მუდმივ მზადყოფნასა და სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დახვეწას ისახავდა მიზნად. სიმულაციურ მართვის ცენტრში სხვადასხვა სცენარი გათამაშდა. სამხედროებმა ობიექტზე თავდასხმის შესახებ შესული ინფორმაცია დაამუშავეს და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებზე გადაანაწილეს. წვრთნის განმავლობაში მონაწილეებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლების ფარგლებში დაცვისა და თავდაცვითი ოპერაციები, ასევე დაჭრილის ევაკუაცია განხორციელდა, რა დროსაც სამხედროებმა სიმულაციური და საიმიტაციო საშუალებები გამოიყენეს. სწავლებაში მოწინააღმდეგე მხარის როლს სამხედროებით დაკომპლექტებული დემო ჯგუფი ასრულებდა. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის პირადი შემადგენლობისა და მასზე დაქვემდებარებული ყველა სტრუქტურული ერთეულის მონაწილეობით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე სწავლებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე აკვირდებოდა.
ბურკინა ფასოში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას, 10 ჯარისკაცი დაიღუპა
ბურკინა ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში, ჯიბოს რეგიონში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმას, სულ მცირე, 10 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა. ამასთან, ბურკინა ფასოს არმიის განცხადებით, ორმხრივი სროლის შედეგად, სულ მცირე, 18 თავდამსხმელის ლიკვიდირება მოხერხდა. ცნობისთვის, ბურკინა ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში თავდასხმები 2015 წლიდან გახშირდა, თავდასხმების უკან ძირითადად ალ-ქაიდასა და ე.წ. ისლამურ სახილმწიფოსთან კავშირში მყოფი ისლამისტი მებრძოლები დგანან.
ორფოლოს პოლიგონზე 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნები დაასრულა
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ბატარეა/ბატალიონის შემადგენლობით საბრძოლო სროლებით დაასრულა. შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოში” წინასწარ განსაზღვრულ რაიონში არტილერისტებმა 152 მმ თვითმავალი ქვემეხით პირობითი მოწინააღმდეგე საცეცხლე ზემოქმედებით გაანადგურეს. 61-ე საარტილერიო ბატალიონის საველე სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებელი ჯგუფის მიერ დადებითად შეფასდა. წვრთნები ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოთხ ფაზად ჩატარდა. სწავლება ბატალიონის დონეზე მომზადებას, გადაადგილებას და კონსოლიდაციას მოიცავდა. წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისა და მომზადების დონის ამაღლება იყო.
32-ე ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დაასრულა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სიმულაციური სცენარის მიხედვით, განხორციელდა რეიდი, მოეწყო თავდაცვითი პოზიციები, მოწინააღმდეგის ბლოკირება, შეტევა და ობიექტის განადგურება. სწავლებას დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო. უწყების ცნობით, ოთხკვირიანი სწავლების განმავლობაში 32-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“, „ბრავო“ და „ჩარლი“ ქვეითი ასეულების ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლება სამი ფაზისაგან შედგებოდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო, ხოლო დასკვნითი ფაზა ბატალიონის საბრძოლო სროლებს ითვალისწინებდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) დამკვირვებლები სამივე ფაზის განმავლობაში აკვირდებოდნენ წვრთნების პროცესს და შესაბამის რეკომენდაციებს ამზადებდნენ. მათ 32-ე ქვეით ბატალიონი ერთ-ერთ დისციპლინირებულ და მოტივირებულ ქვედანაყოფად შეაფასეს. მათივე განმარტებით, GDRP-ის შემდგომი წვრთნისა და შეფასების პროგრამა მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას.
მე-13 ქვეითი ბატალიონის საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა
აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორფოლოს პოლიგონზე დღის და ღამის პირობებში ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. გეგმურ სწავლებას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრო და წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ასეულის დონის საველე სწავლება 82 მმ-ის ნაღმმტყორცნის სნაიპერების და საინჟინრო ქვედანაყოფის მხარდამჭერი ელემენტებით ჩატარდა. ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ორფოლოს პოლიგონზე ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების მიზანს ქვედანაყოფის დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.
თავდაცვის ძალებში საუკეთესო ჯარისკაცები დააჯილდოვეს
საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო ჯარისკაცის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. მეთაურმა კაპიტან ელგუჯა შეყილაძეს, კაპრალ პაატა საბიაშვილს, სერჟანტ გიორგი ქვრივიშვილს, სერჟანტ გიგლა ჯანელიძესა და უფროს ლეიტენანტ შოთა მეხეშიძეს მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. საუკეთესო სამხედროების შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის - დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხორციელდება. პროექტის მიზანს სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.
25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა
საქართველოს თავდაცვის ძალები 25 აპრილს ლოჯისტიკის დღეს აღნიშნავს. პროფესიული დღე ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე აღინიშნა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კახა ტაბატაძემ მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. ლოჯისტიკოსებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურებრივი – საშტატო იარაღი გადაეცათ, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდნენ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის კი, მედლები „სამშობლოსთვის თავდადებული“ გადაეცათ. ასევე, სამხედროებს დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრები გადაეცათ და თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობა გამოეცხადათ. სტუმრებმა ბაზაზე გამოფენილი შეიარაღებაც დაათვალიერეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
საპატრიარქოს ინიციატივით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად ტაძარი აშენდება
1991-1993 და 2008 წწ. ომებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გარდაცვლილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად ტაძარი აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. "2011 წელს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში იკურთხა ადგილი, სადაც უნდა აშენებულიყო ტაძარი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ომში მოწყვეტილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს მშენებლობა შეფერხდა. დღეს, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, „აფხაზეთობას“, ხდება ამ ტაძრის საფუძვლის განახლება. ეკლესია ბაზილიკის ტიპისა იქნება ხუთი საკურთხევლით: წმ. სვიმონ კანანელის, წმ. ვასილისკოს, წმ. იოანე ოქროპირის, ქსნის ერისთავთა - შალვას, ელიზბარის და - ბიძინა ჩოლოყაშვილის, ასევე, გაერთიანებული საქართველოს დიდებული მეფის - წმ.თამარის სახელობისა. მათი მეოხებით ღმერთმა სავანესა თვისსა განუსვენოს ძმათა მკვლელი ომის მსხვერპლთ, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიჰმადლოს მშვიდობა; ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მრავალჭირგამოვლილი, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ჩვენი მოსახლეობა და ყოველი ადამიანი, ვინც ამ ტაძრის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას. ღმერთმა დალოცოს აფხაზები, ოსები და სრულიად საქართველო. ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.